გერმანიის მაგალითი
ევროკავშირის შემადგენლობაში 27 დამოუკიდებელი ქვეყანაა და, ბუნებრივია, ეს ქვეყნები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ღირებულებათა ერთი სისტემა, რომელიც მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოიცავს ღირსეულ შრომით პირობებს.
ზოგადად, შრომით უფლებებზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ამ სტატიაში, ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, გერმანიის მაგალითზე მინდა მოგიყვეთ, რა უფლებებით სარგებლობენ დასაქმებული ადამიანები და რამდენადაა სახელმწიფო ჩართული მათთვის სოციალური გარანტიების შექმნაში.
ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის, მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, ეკონომიკურად ძლიერი, ინდუსტრიული ქვეყნები, დაფუძნებულია წარმოებაზე, მათ შორის ტექნოლოგიების წარმოებაზეც და ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შრომითი უფლებების ნაწილში აერთიანებთ, პირველ რიგში ამ წარმოებაში ჩართული ადამიანებისთვის შრომის ღირსეული პირობები და ღირსეული ხელფასია.
როცა გერმანიასა და შრომით უფლებებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს, სულ ცოტა, 150-წლიანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ, ვაიმარის რესპუბლიკაში, ბისმარკის პერიოდში დაიწყო პირველი სოციალური კანონმდებლობის მიღება, რომელიც მოერგებოდა მშრომელებს - ეს იყო უსაფრთხოება, მინიმალური ხელფასი, ბავშვების შრომის აკრძალვა, ქალების მძიმე სამუშაოზე არგაშვება და სხვ.
მაგრამ მთავარი, რაც შრომით უფლებებზე საუბრისას უნდა ვთქვათ, ის არის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები არიან სოციალური სახელმწიფოები. ჩვენთან, სიტყვა სოციალურმა, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, უარყოფითი კონოტაციაშეიძინა და უმალ, კომუნისტურ ტერორთან ასოცირდება. აქ, თვითონ სიტყვა სოციალური და სოციალური სახელმწიფო უფლებები დადებითად აღიქმება, ეს არის ერთგვარი დაცულობა, მათ შორის, შრომითი კუთხით,რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებლის მხრიდან არ დაიჩაგრები, ანუ სახელმწიფო მარტოს არ გტოვებს კერძო დამსაქმებელთან. ბაზარი, თავისთავად, თავისუფალია, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქაც შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ევროკავშირზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა ღირებულებითი კავშირისა, იგი ეკონომიკური კავშირიც არის ქვეყნებს შორის, რომლებიც ვაჭრობენ და ერთმანეთს ავითარებენ, საკუთარი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ქმნიან სოციალურ გარანტიებს.
გერმანიის კონსტიტუციაში, პირველივე პუნქტში წერია, რომ ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი და მისი დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას იღებს სახელმწიფო. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ფასეულობა და ამ ღირსებაში მოიაზრება მშრომელების, დასაქმებული მოქალაქეების ღირსებაც.
მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, როგორ რეგულირდება გერმანიაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. როგორც წესი, ორივე მხარე კონტრაქტის საფუძველზე უთანხმდება ერთმანეთს, მაგრამ, ხშირად, ეს კონტრაქტი უამრავ სამართლებრივ აქტს შეიცავს. რადგან რიგითი მშრომელი ადამიანი კარგად არ არის გათვითცნობიერებული იურიდიულ საკითხებში, იმისათვის, რომ კარგად გაერკვე კონტრაქტის პირობებში, არსებობს ისეთი
დაწესებულებები, სადაც შეგიძლია წაიღო ეს კონტრაქტი, გააცნო, რას გთავაზობენ და თითოეული მისი პუნქტი დეტალურად აგიხსნან.
აქვე, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მინიმალური ხელფასი და დამსაქმებლებს კანონი უკრძალავს, მინიმალურზე დაბალი ანაზღაურებით დაგასაქმონ. რაც მთავარია, ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე არ წერია და მისი აღსრულება მკაცრად კონტროლდება. გერმანიაში ამ დროისთვის, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 12 ევროა, ანუ, თუ დამსაქმებელი საათობრივად 12 ევროზე ნაკლებს გადაგიხდით, კანონს დაარღვევს და პასუხიც მოეკითხება.
ვერც ზომაზე მეტს გამუშავებთ დამსაქმებელი, კვირის მაქსიმალური სამუშაო დრო ევროკავშირის ყველა ქვეყანაში განსაზღვრულია და გერმანიაში ეს რაოდენობა, კანონმდებლობით განსაზღვრული 40 საათია. თუ დამატებით მოგიწიათ მუშაობა, ამისთვის სავალდებულოა დამატებითი ანაზღაურება, ასევე, თუ სამუშაო დღე კვირას ან დღესასწაულს დაემთხვა, ორმაგი ანაზღაურება გექნებათ. სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობის გადაჭარბება მკაცრად არის აკრძალული და ამის გამო, დამსაქმებელი სახელმწიფომ შეიძლება დააჯარიმოს კიდეც.
კანონმდებლობავე იცავს გერმანიაში დასაქმებულს დაუსაბუთებული განთავისუფლებისგან. მით უმეტეს, ვერავინ გაგათავისუფლებთ თქვენი შეხედულებების, რწმენისა თუ მოსაზრებების, ასევე, თქვენი პროტესტის გამო, მაგრამ, ამავე დროს, შენი შეხედულებები ეთიკურ ფუნდამენტს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არ უნდა იყო ანტისემიტი, რასისტი, არ უნდა იყენებდე სიძულვილის ენას, არ უნდა იყო შემჩნეული, მაგალითად, ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში და ა.შ.
კონტრაქტის სახეებსაც შევეხები. როგორც წესი, პირველი არის დროებითი კონტრაქტი, 6 თვე არის საცდელი დრო, სადაც ორივე მხარე აკვირდება ერთმანეთს, თუ არ მოეწონათ ერთმანეთი და ვერ შეთანხმდებიან, მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ კონტრაქტის გაუქმება. 6 თვის შემდეგ, გერმანული შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, გაძლევენ 1-წლიან კონტრაქტს და ამის შემდეგ უკვე უვადოს. უვადო იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ესა თუ ის მსხვილი საწარმო, იღებს პასუხისმგებლობას, პენსიამდე უზრუნველგყოს სამსახურით და აქ ასევე ჩნდება სხვა სოციალური გარანტიები. მაგალითად, თუ დაიხურება კომპანია - მე პირადად მქონდა შეხება მსგავს შემთხვევასთან, იხურებოდა და აღარ სჭირდებოდათ მუშახელი, წინასწარ მისცეს 5-10 წლის ხელფასი და პლიუს დანამატი. ეს ძალიან დიდ თანხას შეადგენდა. ევროკავშირში ეს სოციალური გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე, ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ გერმანიაში არის შრომის სასამართლო, სადაც, თუ დასაქმებულს რაღაცა პრობლემა შეექმნა, შეუძლია მას მიმართოს და ხშირად დავები სწორედ დასაქმებულის სასარგებლოდ წყდება. ამ კუთხით სოციალური სახელმწიფო იმას ნიშნავს, რომ, რაც არ უნდა მსხვილი კონცერნი იყოს, ის დასაქმებულს უსამართლოდ ვერ მოექცევა.
ამას ემატება უსაფრთხო სამუშაო გარემო, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე დამსაქმებელი რეგულაციებს უდიერად მოექცეს. სახელმწიფოყოველწლიურად იკვლევს მის ტერიტორიაზე არსებული თითოეული საწარმოს შრომით უსაფრთხოებას. არცერთ მხარეს არ აწყობს სამუშაო ტრავმის მიღება, რადგან, ერთი მხრივ, ზიანდება დასაქმებული და, მეორე მხრივ, გარდა იმისა, რომ დამსაქმებელმა ამის გამო დასაქმებული მთელი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს ფინანსურად, სავსებით შესაძლებელია, უზარმაზარი ჯარიმის გადახდაც მოუწიოს.
იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს მაინც დაკარგავთ, ან სამსახურიდან თავად წამოხვალთ, სახელმწიფო ვალდებულია, რომ არ დაგტოვოთ ანაზღაურების გარეშე და ყოველთვიურად გადაგიხადოთ უმუშევრობის თანხა, ხელფასის 60, ხოლო, თუ შვილები გყავთ, 67 პროცენტი. პარალელურად შრომის სამინისტროც გეხმარება, რომ იპოვო სამსახური და თუ ენის კვალიფიკაცია ისეთია, რომ შესაბამის სამსახურს ვერ პოულობ, ცდილობს, რომ გაგიშვას გადამზადების კურსებზე, ან ახალი პროფესიის ათვისება დაგიფინანსოს და ასე შემდეგ. როგორც კი სამსახურში პრობლემები გექმნება, შენი პირველი მხარდამჭერი სოციალური სახელმწიფო ხდება.
ასევე, ქალს, რომელიც ბავშვს აჩენს და დედა ხდება, მათ შორის მარტოხელა დედებს, სახელმწიფო ეხმარება ფინანსურად, რომ ამ პერიოდში ფინანსური პრობლემები არ შეექმნათ. ამავე დროს, მამებსაც კი აძლევს შვებულების აღების უფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მინიმალური ანაზღაურება და შრომითი მდგომარეობა საკმაოდ კარგია, მაინც არის შემთხვევები, როცა დასაქმებულები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამ
მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც კი აწყობენ. მაგალითად, შეიძლება გსმენიათ კიდეც, რომ გერმანიის ავიახაზების, „ლუფთჰანზას“თანამშრომლები, ან კიდევ სარკინიგზო სფეროში დასაქმებულები საკმაოდ ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ გზას.
გაფიცვის უფლება ფუნდამეტური უფლებაა და ამას ვერავინ წაართმევს დასაქმებულს. გარკვეულწილად, ეს მოქალაქეებს დისკომფორტსაც უქმნის, მაგალითად, თუ გაფიცვას რომელიმე საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო ფირმის წარმომადგენლები აწყობენ, უდიდესი ქაოსი შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ, ამასთან ერთად, ეს არის გაფრთხილება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული და ის, რომ ამ ადამიანებს სამუშაო გარემო და ანაზღაურება თავიანთი შრომის პროპორციული უნდა ჰქონდეთ. გერმანიაში კი, როგორც წესი, მსგავსი ტიპის პროტესტს ყოველთვის მოაქვს ხოლმე შედეგი და ამაში მნიშვნელოვან როლს ძლიერი პროფკავშირებიც ასრულებენ.
ავტორი: შოთა კინწურაშვილი
Comments