top of page

გააფერადე შენი მომავალი ელექტრონული ტექნოლოგიები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

ალბათ უკვე გსმენია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ბიულეტინზე სასურველი პარტიის ნომრის შემოხაზვის მაგივრად მის გასწვრივ მოთავსებული პატარა წრე უნდა  გააფერადო. ცხადია, ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა, რა იყო ის მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული წესი შეიცვალა. ამის მიზეზი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაა, რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესს უფრო უსაფრთხოს და სწრაფს გახდის. ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.


სანამ უშუალოდ იმაზე გადავიდოდეთ, თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიები, ორიოდე სიტყვით მისი დანერგვის მასშტაბებსაც შევეხოთ. საარჩევნოდ საქართველოში სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ელექტრონული ტექნოლოგიები 2262 უბანზე დაგხვდება, ხოლო 768 უბანზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება. ეს ძირითადად ის უბნებია, სადაც ბევრი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამიტომ ქვეყნის ამომრჩეველთა 90%-მდე ხმას ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც თითქმის სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. აქვე, ორიოდე სიტყვით ელექტრონული ტექნოლოგიების მომწოდებელ კომპანიაზეც ვთქვათ. მოწყობილობების მწარმოებელი აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია „სმარტმატიკია“ (Smartmatic International Holding B.V.). კომანიას საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით საკმაოდ სოლიდური გამოცდილება აქვს: 30-მდე ქვეყნისათვის აქვს მიწოდებული სხვადასხვა სახის ელექტონული ტექნოლოგია, მათ შორისა აშშ, ბელგია, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი და სხვა ქვეყნები.


მოდით, ახლა დეტალურად განვიხილოთ ის ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც გამოყენებული იქნება არჩევნებზე: ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. წინა არჩევნებიდან ალბათ გახსოვს, რომ საარჩევნო უბანზე შესვლის შემდეგ ყველაზე მეტი დრო უზარმაზარ საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ძებნას მიჰქონდა. 26 ოქტომბერს ამ პროცესს რამდენიმე წამი დასჭირდება, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს ამომრჩევლის სწრაფ და ზუსტ იდენტიფიკაციას. სპეციალურ ჭრილში ჩამოსმით აპარატი ადგენს ამომრჩევლის ვინაობას და ადარებს მის მონაცემებს ამომრჩეველთა სიას. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი სხვა უბანზეა რეგისტრირებული, ან მეორედ ცდილობს ხმის მიცემას, აპარატი განგაშის სიგნალს რთავს. აპარატს სხვა უპირატესობებიც გააჩნია, ამარტივებს ვერიფიკაციაზე დაკვირვებას და ხმების შეჯამებას, ამცირებს ადამიანური შეცდომების ალბათობას და ა.შ.


ხმის დათვლის ელექტრონნული აპარატი. შემდეგი მნიშვნელოვანი ინოვაცია ხმების დათვლის მოწყობილობაა. ის საარჩევნო ყუთის და ხმის ავტომატური დათვლის ფუნქციას ითავსებს. სწორედ ამიტომ შეიცვალა ხმის მიცემის წესი — ნაცვლად შემოხაზვისა, ამომრჩეველმა უნდა გააფერადოს სპეციალური წრე პარტიის სახელის გასწვრივ. ეს ცვლილება უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობამ ზუსტად წაიკითხოს თქვენი არჩევანი. ფარული ხმის მიცემის კაბინაში არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ბიულეტენი, გაუკეცავად, ამობრუნებულ მდგომარეობაში უნდა მოათავსოთ სპეციალურ ჩარჩო კონვერტში (რომელიც კაბინაში შესვლამდე გადმოგეცემა).


კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კი, ბიულეტენს მოათავსებთ ხმის დათვლის სპეციალური აპარატის  სპეციალურ ჭრილში აპარატზე განტავსებულ პატარა ეკრანზე, ბიულეტენის მირებიდან  რამდენიმე წამში, გაჩნდება წარწერა „თქვენი ხმა მიღებულია“.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპარატი ავტომატურად ითვლის ხმებს, ის მაინც ინახავს ბიულეტენებს, რომლებსაც დღის ბოლოს კომისიის წევრები ხელით ითვლიან, ამით ხმის დათვლის აპარატის შედეგებს გადაამოწმებენ. აპარატის მიერ დათვლილი შედეგები უბნის დახურვის შემდეგ (საღამოს 8:00 საათი) მალევე გამოქვეყნდება და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილ უბნებზე წინასწარი შედეგები ძალიან მალე გვეცოდინება, თუმცა ამის შემდეგ დაიწყება ხელით დათვლის პროცესი, რომლითაც საბოლოო შედეგები შეჯამდება.


ამომრჩევლის ხმის ფარულობისთვის და სისტემის დაცულობისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ის, რომ არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმის დათვლის ელექტრონული აპარატი ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის!არავის შეუძლია დისტანციურად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს ელექტრონული მოწყობილობის მუშაობაზე.


სპეციალური პლანშეტი ელექტრონული ტექნოლოგიების მესამე კომპონენტია. პლანშეტის მიზანი არჩევების შედეგენის ცესკოსთვის გადაცემაა, შესაბამისად, ის ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც ინტერნეტშია ჩართული.  


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ახალი ტექნოლოგიები შექმნილია არჩევნების უსაფრთხოებისა და სანდოობის გასაუმობესებლად, ამომრჩევლის ხმის ფარულობა მკაცრად არის დაცული!


როგორც ამომრჩეველს, თქვენ გაქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, აკონტროლოთ არჩევნების პროცესი. ნუ მოგერიდებათ საარჩევნო უბანზე კითხვების დასმა. რაიმე საეჭვოს შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ უბანზე მყოფ  დამკვირვებლებს. თქვენი აქტიური მონაწილეობა გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება.

 

133 views

Comments


bottom of page