რუსულ კანონზე საუბრისას, კანონპროექტის მხარდამჭერებისგან ხშირად გაიგონებთ: „გამჭვირვალობა არ უნდათ“, „ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება“, ან კიდევ, „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?“... გულწრფელად, ყოველგვარი ირონიის გარეშე, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობაში ცუდი არაფერია, პირიქით, საჭიროა და აუცილებელი. შემიძლია უამრავი არგუმენტი მოვიყვანო გამჭვირვალობის სასარგებლოდ, ისევე როგორც იმ ორგანიზაციებში არსებული გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შესახებ, ვის გაქრობასაც ეს კანონი უშუალოდ მიემართება. ამაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, შავზე შავის და თეთრზე თეთრის მტკიცებით თავს არ შეგაწყენთ. თუმცა, იმაზე თუ გიფიქრიათ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ინიციატორი მმართველი პარტია/ხელისუფლება რამდენად გამჭვირვალეა? სულ რაღაც ხუთი წუთი დამითმეთ და ქვემოთ ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად გაუმჭვირვალეა მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტრო.
ჯერ მცირე შესავალი, 2013 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დაამტკიცა. სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებს, გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, პერიოდულად, მთელი რიგი საჯარო ინფორმაცია უნდა გამოექვეყნებინათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა სამინისტროების ვალდებულება, რომ თითოეულ სამინისტროს პერიოდულად, დადგენილი წესით, უზრუნველეყო ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. ასევე, დადგინდა, რომ საჯარო ინფორმაცია უწყებას საკუთარ შესაბამის ელექტრონულ რესურსზე იმგვარად უნდა განეთავსებინა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის, თუ დაზიანების გარეშე. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთი ელექტრონული რესურსი, სადაც განთავსებული ინფორმაცია ყველა დასახელებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობას და ინფორმაციის პროაქტიულად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდია.
სანამ იმ სამინისტროს გაუმჭვირვალობის შესახებ გეტყოდეთ რამეს, რომელიც ამ წერილის უშუალო ადრესატია, მანამდე მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობა თერთმეტი სამინისტროსგან შედგება, მთავრობის საქმიანობას კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ თერთმეტ სამინისტროს შორის არის ერთი, რომელსაც აგერ უკვე სამ წელზე მეტია არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, სადაც მთელ რიგ ინფორმაციას უნდა აქვეყნებდეს.
ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ზემოთ ნახსენები გაუმჭვირვალე სამინისტრო - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა. წლების წინ გაუქმებული კულტურის სამინისტროს აღდგენის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღეს. ამავე სამინისტროში, 2021 წლის 19 მარტს, მინისტრის პოზიციაზე თეა წულუკიანი დაინიშნა. იმ დღიდან მოყოლებული, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი culture.gov.ge არ ფუნქციონირებს. თუ მაინც გაინტერესებთ რისი ნახვა შეიძლება culture.gov.ge-ზე შესვლის შემთხვევაში, პასუხი ქვემოთ მოცემულ სურათზეა, რომელიც 2024 წლის 8 მაისით თარიღდება.
კი, საიტი განახლების რეჟიმშია, ოღონდ აგერ უკვე სამ წელზე მეტია არავის არაფერი განუახლებია და არც გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე უფიქრია. არადა, სხვა მნიშვნელოვან ცნობებთან ერთად, სამინისტრო პერიოდულად, დადგენილი წესით უნდა აქვეყნებდეს ცნობებს სამინისტროს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. კერძოდ:
· ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები;
· ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით);
· ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად);
· ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით);
· ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით;
· ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად;
· ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად;
· ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;
· ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად;
· უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
· ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
· საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
· სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ.
მერწმუნეთ, ინფორმაციის ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზღვა ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკისრება, თუმცა ამაოდ.
ცნობისთვის, მარტო 2024 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, მისადმი დაქვემდებარებული უწყებების ჩათვლით 471 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 6800 ადამიანს აჭარბებს.
ახლა კითხვა, იცით, რაში ხარჯავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანხას? ან კიდევ, შეგიძლიათ სადმე ერთიანად, ჩაშლილი, თავმოყრილი სახით ნახოთ სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია? პასუხი მარტივია - არა!
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ ხელისუფლების გაუმჭვირვალობის, რომლის მესვეურებიც სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობაზე საუბრობენ და ისეთ კანონს იღებენ, რომელიც გამოიწვევს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაქრობას. პარალელურად კი, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო დააშორებს.
ავტორი: სულხან სალაძე
Comments