top of page

გზასაცდენილი საქართველო

Updated: Nov 2

 


ახლო წარსულში - სულ რაღაც 2-3 წლის წინ - ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში, საქართველო ევროკავშირის მოწინავე და ყველაზე უფრო სანდო პარტნიორად ითვლებოდა. შესაბამისი იყო ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ, რაც ქვეყანას დამატებით პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმზიდველობას სძენდა, რიგით ქართველს კი, სიამაყის განცდასაც უჩენდა. საქართველოშიც და ევროპაშიც არსებობდა არცთუ საფუძველს მოკლებული აღქმა იმისა, რომ არაერთი ტექნიკური თუ სამართლებრივი მაჩვენებლით, ასევე ევროპული ზნე ჩვევებითა და ცხოვრების წესით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებდა, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.  ეს მოცემულობა, ბოლო 2-3 წელიწადში ჯერ გაფერმკრთალდა, შემდეგ საერთოდ გაქრა, დღეისთვის კი, საქართველო ევროკავშირის მაჩანჩალა, ხულიგან და ფრიად არასანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა.

 

 

რა საჭიროა უკრაინასთან და მოლდოვასთან დაწყვილება?

მკითხველი გაიფიქრებს - რაში დაგვჭირვებია უკრაინასთან და მოლდოვასთან დაწყვილება, საქართველოს თავისი გზა აქვს და თუ განგებამ ინება, მარტონიც მშვენივრად მივადგებით ევროკავშირის ჭიშკარსო. საქმე მთლად ასე არ გახლავთ - ევროკავშირი თავისი 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, სულ შვიდჯერ გაფართოვდა და აქედან ხუთჯერ, სწორედ ჯგუფურად, რეგიონული ნიშნით. 1973 წელს, მას დანია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია შეუერთდა; 1986 წელს - ესპანეთი და პორტუგალია; 1995 წელს - ავსტრია, ფინეთი და შვედეთი; 2004 წელს, ევროკავშირს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10-მა ქვეყანამ შეაფარა თავი, რაც დღემდე, ყველაზე დიდი გაფართოებად მიიჩნევა.


ცალკეული ქვეყნები, ევროპამ თავის ოჯახში მხოლოდ ორჯერ მიიღო - 1981 წელს - საბერძნეთი და 2013 წელს - ხორვატია. ამიტომ, თავიდანვე, პატარა და ამაყი საქართველოს მოლდოვასა და უკრაინასთან დაწყვილება არც თბილისის ახირება ყოფილა და არც ბრიუსელის. ორივეგან კარგად ესმოდათ, რომ რეგიონული ნიშნით მოლდოვასა და უკრაინასთან დაწყვილებულ საქართველოს ევროპასთან დაახლოების მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ფათერაკებიან გზაზე ეულად მოსიარულეს. ჩვენ კი, ხშირად გვგონია ხოლმე, რომ მსოფლიო პოლიტიკა საქართველოსა და მისი პრობლემების ირგვლივ ბრუნავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რეგიონული კონტექსტიდან და საერთო ევროპული პრობლემებიდან ამოვარდნილი საქართველო ნაკლებად საინტერესო და მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც.


სწორედ ეს განაპირობებდა საქართველო უკრაინა-მოლდოვას ტრიოს მნიშვნელობას, ამ სამეულს შორის ჯანსაღი კონკურენცია კი, ევროინტეგრაციის პროცესს მხოლოდ ეხმარებოდა.

 

რატომ ჩამორჩა საქართველო უკრაინასა და მოლდოვას?

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება უკრაინაში რუსეთის თავზეხელაღებულ შეჭრასა და იქ გაჩაღებულ ომს დაემთხვა, რაზეც ვიღაცა იტყვის - ომში ჩათრევა სურდათ და  ამიტომაც ამოგვითვალწუნესო.


ომის დაწყებისთანავე, საქართველომ სიფრთხილე გამოავლინა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ შეუერთდა და უკრაინის შედარებით მოზომილი პოლიტიკური მხარდაჭერით შემოიფარგლა. საქართველოს ამ პოზიციას ევროკავშირი გაგებით შეხვდა - მართლაც რთულ მდგომარეობაში არიან და არაფერი უჭირს, თუ რუსეთთან მიმართებით ფრთხილად და წინდახედულად იქნებიანო.


ოფიციალური თბილისის სიფრთხილე მალევე უკრაინის კრიტიკასა და აუგად მოხსენიებაში გადაიზარდა, რამაც კიევიც დაზაფრა და ცოტა ბრიუსელიც. ამასთანავე, 2022 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით მიმართა, თუმცა გაწევრიანების განაცხადისთვის საქმე არ მიუყოლებია.

მეტიც, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა იმავე წელს, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო - ჯერ იყო და ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერი ციხეში გამოამწყვდია, 2023 წლის მარტში კი, კბილი მოუსინჯა ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის გატანას.


პირველად საქართველო უკრაინასა და მოლდოვას სწორედ 2022 წლის ზაფხულში ჩამორჩა, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს კი, გონს მოსვლა ურჩიეს და მოსაცდელთა სკამზე დასვეს.


ძველი მეგობრობისა და ამაგის ხათრით, 2023 წლის დეკემბერში ხულიგნობებში შემჩნეულ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მაინც მიანიჭეს და რამდენიმე პირობის შესრულებაც თან დააყოლეს - თქვენი გაწევრების შანსი გამოიკვეთა და ეგება სასამართლოს, კორუფციასა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას მეტი ყურადღება დაუთმოთო. აქაც, ოფიციალურმა თბილისმა კანდიდატის სტატუსის მოპოვება ხმაურიანად იზეიმა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ პირობების შესრულებაზე აუხირდა, შემდეგ კი, ევროპა და დანარჩენი დასავლეთი ძირგამომთხრელ საქმიანობასა და რევოლუციის მოწყობის  მცდელობებში დაადანაშაულა. საქართველოს ხელისუფლებამ ვერც აქ მოზომა და ანტიდასავლური პროპაგანდა ისეთი სიმძლავრით გააღვივა, რომ ხშირად ის, რუსულ მონათხრობს ევროპის შესახებ სრულად ემთხვეოდა.


2024 წლის მარტში, ხელისუფლებამ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების დაჟინებული თხოვნების მიუხედავად, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი კიდევ ერთხელ შემოაგდო და მასობრივი დარბევების ფონზე, ამჯერად გაიტანა კიდეც.

ამან ევროკავშირი საბოლოოდ გაანაწყენა - ჩვენ თქვენკენ ვართ, თქვენ კი, ეშმაკებისკენო - შეუთვალეს თბილისს ბრიუსელიდან.

 

ხელისუფლების თავზეხელაღებულობამ ევროკავშირს საბოლოოდ დააკარგვინა თბილისის ნდობა და საქართველოს ევროპული პერსპექტივაც ეჭვქვეშ დააყენა. ასე თუ გაგრძელდა, წინსვლა კი არა, იმასაც უკან წავიღებთ, რა სიკეთეებითაც აქამდე სარგებლობდითო - თქვეს ბრიუსელში და რამდენიმე დახმარების პროგრამა შეაჩერეს კიდეც. ფასი და ღირებულება დაეკარგა იმ კანდიდატის სტატუსსაც, რომელიც საქართველოს ძველი, კარგი მეგობრობის ხათრით მიანიჭეს.


ამასობაში, უკრაინამ და მოლდოვამ წინსვლა მოახერხეს და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები წამოიწყეს, რაც რთული და არცთუ ხანმოკლე პროცესია, თუმცა, როგორც წესი, კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებით სრულდება.


რას გვიქადის ჩამორჩენა?

ფორმალურ ჩამორჩენას კიდევ შესაძლოა ეშველოს რაიმე, მაგრამ როგორც ბრძენი წინაპრები ამბობდნენ - სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობდესო. საქმითა და ლაპარაკით საქართველომ იმდენი მოახერხა, რომ დასავლეთში დარბაისელი, მოზომილი, წესიერი კაცის სახელიც გაიტეხა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც თავის გატეხისგან არის ძალიან შორს. 


სამწუხაროდ, ძველმა და ტრადიციულმა საქართველომ თუნდაც სიფრთხილითა და სიდარბაისლით, საერთო ევროპული განსაცდელის გაზიარება ვერ შეძლო და ევროპისთვის ყველაზე კრიზისულ დროს, ზღვარგადასული თავკერძობა, სიხარბე და თავზეხელაღებულობა გამოავლინა, რაც საქართველოს ევროპელ მეგობრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.


თუ საქართველომ ევროპულ ერებს შორის სანდო, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის სახელი დროულად ვერ აღიდგინა, ეს მას უკრაინასთან და მოლდოვასთან დაშორებით კი არა, ათწლეულების იზოლაციით და კულტურული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური ჩამორჩენით ემუქრება, რის შედეგებსაც თითოეული ქართველი ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობს. მერე თითზე კბენა კი, გვიანი იქნება.


ის, რაც ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა, ახლა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ და არჩევნების გზით, ქვეყანას ძველი სანდოობა, პასუხისმგებლობა და სიდარბაისლე დაუბრუნონ. როგორც არაერთხელ ჩვენს წარსულში, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა ივარგონ და გამრუდებული ევროპული გზის გასწორების გარდა, მომავალ თაობას რუსული ხათაბალა და ფათერაკებიც თავიდან აარიდონ.    

 

 

გიორგი ფანიაშვილი

  

257 views
bottom of page