top of page

დიახ, ეს კანონი რუსულია და შეგვეხება ყველას!

Updated: Aug 12



საქართველოს პარლამენტი, უკვე მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პირველმა მცდელობამ, შარშან, მარტში, ქართველი ხალხის დიდი პროტესტი გამოიწვია და პარლამენტი იძულებული გახდა, საკანონმდებლო ინიციატივა უკანვე წაეღო. იურისტი საბა ბრაჭველი მოგვითხრობს საზოგადოებისგან რუსულად წოდებულ კანონზე, და თუ ამ კანონის დემოკრატიულობისა თუ ევროპულობის შესახებ კიდევ გაქვს კითხვები, წესით ეს ტექსტი უნდა დაგეხმაროს მათზე პასუხების მოძიებაში.

 

რას ზღუდავს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“?

კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, შემოაქვს სამი ახალი რეგულაცია. ერთი რეგულაცია  შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირებასა და ერთი ცალი, ახალი დეკლარაციის  გაგზავნას, რაზეც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ის გამჭვირვალობას ემსახურება. მეორე  ის არის, რომ აქ დარეგისტრირებულ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, კანონი უწოდებს უცხოური გავლენის მქონეს, ანუ ამ ხალხს ვაცხადებთ აგენტებად და საშიშად. მესამე კი ის არის, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ამ რეესტრში, კანონი მთლიანად ართმევს  პერსონალური მონაცემების დაცვის  გარანტიებს, ანუ ამ ორგანიზაციებში ნებისმიერ დროს შეეძლება შესვლა იუსტიციის სამინისტროს  იმისთვის, რათა იქიდან ამოიღოს აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, საერთოდ ყველაფერი - ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია თანამშრომლებზე, ბენეფიციარებზე, სერვისის მიმწოდებლებზე და ა.შ. ამით, შეუძლიათ დროებით შეაჩერონ, ან საერთოდ შეწყვიტონ ამ ორგანიზაციის მუშაობა.

ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ჩემ მიერ ნახსენები პირველი პუნქტი, ანუ  გამჭვირვალობა, დეკლარაციის შევსება, ამ კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანიაო, მაგრამ, ცხადია, რომ სურვილის შემთხვევაში, ეს სხვანაირადაც შეეძლოთ გაეკეთებინათ და ამისთვის ახალი კანონპროექტის შემოტანა საჭირო არ იყო. მთავარი, რაზეც ჩვენ ვბრაზობთ, არის არა პირველი, არამედ მეორე და მესამე პუნქტები.

 

უკან შემობრუნებული „აგენტების კანონი“

წინა წლისგან განსხვავებით, წელს ხელისუფლება უფრო ჯიუტობს. წინა წელს მალევე გაიწვიეს კანონპროექტი და ამჯერად ცდილობენ, ყველანაირ ხერხს მიმართონ  კანონის მისაღებად. სამაგიეროდ, ამას თან სდევს მათთვის ის ნეგატიური გავლენა, რომ წელს ბევრად უკეთ გაერკვა ხალხი კანონში, საზოგადოების ფენა არ დარჩენილა, სადაც ამ კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ გავრცელებულა და ეს ძალიან კარგია.

კანონის პირდაპირი დარტყმის ობიექტია დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა არსებობა თუ გაუქმება მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ამ კანონის მიღების შემდეგ, როგორც კი რომელიმე ორგანიზაცია ან მისი ესა თუ ის წევრი გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას, ნებისმიერ დროს, დასმენისა და დაბეზღების საფუძველზე, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ხელისუფლებას შეეძლება, რომ შევიდეს ამ ორგანიზაციაში, გააჩეროს მისი მუშაობა და გამოაქვეყნოს ყველაზე სენსიტიური ინფორმაციაც კი, რაც ამ ორგანიზაციაში ინახება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში დაიკარგება ყველანაირი ნდობა  ამ ორგანიზაციებსა და მათ ბენეფიციარებს შორის, იმ ადამიანებს შორის, ვინც მათ მიმართავენ. მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ადამიანი აღარ მივა ორგანიზაციაში და მედიაში, დახმარების თხოვნით, რადგან ეცოდინება, რომ მეორე დღეს შეიძლება გამოქვეყნდეს მისი პირადი ინფორმაცია. ეს არის პირველი მთავარი უარყოფითი შედეგი, რასაც კანონი მოიტანს. ცხადია, ასევე მოჰყვება ის უარყოფითი  შედეგიც, რომ თუ ეს ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან სპეციალურ რეესტრში,  რაკი კანონი მიღებიდან მაქსიმუმ  3 თვის ვადაში ამოქმედდება, არჩევნებზე აღარ გვეყოლება დამკვირვებელი ორგანიზაციები და, ზოგადად, ნელ-ნელა დაიხშობა თავისუფალი სიტყვა, რამაც რუსეთი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, სადაც არის. ეს გველის ჩვენც კანონის მიღების შემთხვევაში და ამის გამოც ვუწოდებთ ამ კანონს რუსულს.

 

დიახ, კანონი რუსულია!

მთავარი, რატომაც არის ეს კანონი რუსული, ის არის, რომ მასში არ დევს ფილტრი, თუ ვის შეეხება ის. ეს კანონი უნდა შეეხებოდეს მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების დავალებების შემსრულებელ, გამტარ  ორგანიზაციებს, ანუ, მათი ლობირებით დაკავებულ ორგანიზაციებს, როგორც ეს ხდება დასავლეთში, მაგრამ ნაცვლად ამისა, ეს კანონი ჩვენთან, ისევე როგორც რუსეთსა და ყირგიზეთში, ეხება მთლიანად მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ არ ავიწროებს სამოქმედო წრეს, შესაბამისად, მიზნად ისახავს, გააჩეროს ამ ორგანიზაციების საქმიანობა.

ეს ფილტრი რომ არ დევს, სწორედ ეგ არის ამ კანონის რუსულობის მაჩვენებელი. ნებისმიერი კანონის დემოკრატიულობა თუ რუსულობა შეგვიძლია შევაფასოთ ამ კანონის  მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე. მიზანზე უკვე ვისაუბრეთ და შედეგები, რასაც ეს კანონი გამოიწვევს, იქნება ეს ქვეყანაში დემოკრატიის შეფერხება, არჩევნების გაუქმება თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება (თუ არა შეწყვეტა საერთოდ) - ისინი თავისი არსით გვაჩვენებს იმას, რომ ვშორდებით დემოკრატიულ სამყაროს და მარტო ვრჩებით რუსეთის პირისპირ. შეუძლებელია, რომ ეს შეესაბამებოდეს ჩვენი  კონსტიტუციის 78-ე მუხლს (კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად) და ეს  არ იყოს რუსეთისთვის საოცნებო შედეგი.

 

კანონი შეგვეხება ყველას

ეს კანონი ეხება ყველას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ვისმენთ ამ კვირების განმავლობაში, არის ის, რომ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მორჩა. რასაც ხელისუფლება აკეთებს, ჰგავს იმას, რომ მან დახუროს ქვეყანაში არსებული საავადმყოფოები და თქვას, რომ ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალს, მედდებსა და ექთნებს  და ხალხი ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებასო. ხალხი ყოველდღიურად იღებს რაღაც სერვისებს, როგორც საავადმყოფოში მიდის ხალხი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებს ამა თუ იმ სერვისს, ისე,  რომ ზოგიერთი ვერც კი ხვდება. გარემოს დაცვა იქნება, ბუნების შენარჩუნება, ჰაერის დაბინძურების დონე თუ ასე შემდეგ, არასამთავრობოები მუშაობენ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება იყოს უკეთესი - შშმ პირებს შეეძლოთ პანდუსებით სარგებლობა,  აუტიზმის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ თავიანთი სკოლა, სადაც სპეციალურ საჭიროებებს მიიღებენ და ყველა ჩვენგანი ვსარგებლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი  მედიის მიერ შექმნილი  სიკეთეებით. თუ ეს გაჩერდება, დაიხურება, ეს პირველ რიგში, ცხადია, ამ ორგანიზაციებს შეეხებათ, მაგრამ მათი დახურვა უშუალოდ იმოქმედებს ყველა მოქალაქეზე, ისევე როგორც, საგარეო პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, უშუალოდ აისახება ყველა მოქალაქეზე ის, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ სიარულს შევწყვეტთ.  ამიტომ, ეს კანონი ეხება თითოეულ ჩვენგანს.

 

ევროპაში ეს კანონი არ არსებობს

ასეთი კანონი არ მოქმედებს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ამის მსგავსი კანონები, ფილტრის მეშვეობით, მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში. უბრალოდ, ეს ფილტრი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ეს არის წყალგამყოფი დასავლურ და  ავტორიტარულ ქვეყნებს შორის. დასავლეთში, ამერიკაში მოქმედი FARA - ეხება ლობირებას. კანონს, რომლის მიღებასაც აპირებს საფრანგეთი, ასევე  არაფერი საერთო არ აქვს ჩვენთვის შემოთავაზებულ კანონთან, თუ ჩემი არ სჯერათ, დაუჯერონ საფრანგეთის და ამერიკის ელჩს ან გერმანიის კანცლერს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ამ კანონს ევროკავშირის ღირებულებებთან არაფერი საერთო არ აქვს. მე არ მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ უკეთესად იციან ამერიკის კანონმდებლობა, ვიდრე ამერიკამ,  იმაზე ზუსტად იციან საფრანგეთის კანონები, ვიდრე საფრანგეთის  ელჩმა და იმაზე უკეთ იციან ევროკავშირი რას აპირებს, ვიდრე  ევროკავშირის ინსტიტუტებისა თუ მასში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

 

რატომ იცავს კანონს ხელისუფლება ასე გამალებით?

ამ კანონზე საუბრისას, მას ხშირად ვუწოდებთ მავნებელს და ეს იდეალური  სიტყვაა მის დასახასიათებლად. როცა ვამბობთ, რომ ეს კანონი გააუქმებს არჩევნებს, რომ ეს კანონი  დაამთავრებს დემოკრატიას საქართველოში და ხელისუფლებას მისცემს  ლეგალურ უფლებას, რომ გააჩეროს  თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში და დასაჯოს ყველა, ვისი სიტყვაც არ მოსწონს, ეს არ არის გადამეტებული, ეს არის ის რეალური შედეგი, რაც ამ კანონის მიღებას და ამოქმედებას მოჰყვება, ამიტომაც ამ კანონს, როგორც ქართული საზოგადოებისგან, ისე ჩვენი მეგობრებისგან, დახვდა დიდი წინააღმდეგობა. თუ ხელისუფლება შეძლებს ამ კანონის გატანას, არჩევნები გახდება ფორმალობა. თუ ხელისუფლება  შეძლებს ამ კანონის ამოქმედებას, მაშინ მას გაუჩნდება  კონტროლის იმხელა ბერკეტები, რომ  ის კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს, რომ  აკონტროლოს თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში,  ამიტომაც, რაკი  ეს თამასა ძალიან გაზრდილია  და მაღალია,  ცდილობენ, თუნდაც  საზოგადოების ყველა ფენის  განაწყენების, გადაკიდების, გაბრაზების ფასად, გაიტანონ ეს კანონი და,  რა თქმა  უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრივ, უნდა ვეცადოთ, რომ  ეს დამასრულებელი კანონი  ქვეყანაში არ მიიღონ.

 

ეს კანონი გვაშორებს ევროკავშირს

საქართველოს განვითარება კონსტიტუციურ დონეზეც კი განსაზღვრულია, რომ უნდა მოხდეს  ევროკავშირისკენ სწრაფვის და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. ევროკავშირის სამართალს ეწინააღმდეგება ეს კანონი, რადგან, უნგრეთს უკვე გაუუქმა ევროკავშირმა ასეთი კანონი და, შესაბამისად, ვიცით, რომ არათუ ღირებულებას ევროკავშირისას  ეწინააღმდეგება ეს კანონი, რაც შოლცმა და სხვებმა უკვე ბევრჯერ თქვეს, არამედ სამართალსაც, მის სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება, ამიტომ, ამ კანონით ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით. შესაბამისად, ეს კანონი არის დიდი ბარიერი. ამ კანონის მიღება იქნება იმის აბსოლუტურად ნათელი დასტური, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე ფაქტობრივად უარს ვამბობთ.

 

პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი

მე მჯერა არაძალადობრივი პროტესტის,  მჯერა  ხალხის,  რომ ისინი აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში დღესაც და შემდეგ დღეებშიც, იმისათვის, რათა იბრძოლონ ამ ქვეყნისთვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ქვეყანას ვკარგავთ. თუ ეს  კანონი მიიღეს, ვკარგავთ

დემოკრატიას,

არჩევნებს,

სიტყვის თავისუფლებას,

გაერთიანების უფლებას…

ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს არაძალადობრივი პროტესტები საბოლოო ჯამში მიაღწევს შედეგს და ხელისუფლებას, მოუწევს, რომ  შარშანდელივით, ეს კანონი წელსაც უკან გაიწვიოს. 

 


ავტორი: საბა ბრაჭველი

182 views
bottom of page