top of page

დიახ, საქართველო ევროპაა

Updated: Aug 12

ჩვენი ევროპელობა და ამის ფონზე ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ ამბიცია არაა. ისტორიულად, საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილად აღიქმებოდა და მუდამ გვქონდა კავშირი ევროპასთან, ამის შესახებ წინა ნომერშიც მოგითხრობდით.

სხვამ ვინ, თუ არა ქართველმა ისტორიკოსებმა, საქართველოს ევროპასთან კავშირზე ყველაზე კარგად იციან. ამიტომ, ამ თემაზე, ასევე, სხვა მნიშვნელოვან კავშირებსა და ევროპასთან პარალელებზე, ისტორიკოსსა და მკვლევარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელს, ბექა კობახიძეს ვესაუბრეთ.


ძველ ბერძნულ და რომაულ კულტურასთან საქართველოს გადაკვეთა, ასევე, ქართველი მეფეების კავშირები ევროპულ ქვეყნებთან; ჯვაროსნული ომები, რენესანსის პერიოდი თუ თერგდალეულების დროს ევროპიდან შემოსული განათლება - ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა - ამ და სხვა თემებზე საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.


დღეს, საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად ევროპული უნდა იყოს. როგორი იყო საქართველოს ევროპული წარსული და როდიდან ყალიბდება საქართველო ისტორიული ევროპის ნაწილად?

ეს კავშირები, რა თქმა უნდა, იწყება ანტიკურ ხანაში, როდესაც ჯერ კიდევ ბერძნულ ცივილიზაციასთან აქვს კავკასიას და, განსაკუთრებით, საქართველოს კავშირები, რადგან საქართველო შავი ზღვის პირას მდებარეობს. ბერძნული პოლისები, ქალაქები განფენილი იყო მთელ შავიზღვისპირეთში. ასევე, ის ვაჭრობა, მიმოსვლა, რაც ჰქონდა საქართველოს იმდროინდელ ანტიკურ სამეფოებს, კოლხასა და დიაოხს ევროპასთან.

უფრო მოგვიანებით, უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდეც და ჩვენი წელთაღრიცხვითაც, რომთან, რომის იმპერიასთან კავშირი. და მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო ხომ ერთგვარი მომიჯნავეა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ცივილიზაციურ-კულტურული არჩევანი გაკეთდა. ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქტი, ეს იყო ცივილიზაციურ-კულტურული არჩევანი, დასავლეთის და ევროპის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ კიდევ მრავალი კონტაქტი იყო, გავიხსენოთ, თუნდაც ჯვაროსნების მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში; თამარისა და მისი მემკვიდრეების მიმოწერა დასავლელ ლიდერებთან, მათ შორის, რომის პაპთან. მაგრამ მაინც, თანამედროვე ევროპა, რომელსაც დასავლეთის სახელით ვიცნობთ, იწყება რენესანსის პერიოდიდან, როცა უკვე მე-18 საუკუნეში განმანათლებლობის იდეები გამოჩნდა, ასევე, რესპუბლიკანიზმი, თანასწორობის იდეები და სხვა, რაც ქართველმა თერგდალეულებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებიდან ჩამოიტანეს მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში. მე-19 საუკუნის პრესას თუ გადავხედავთ, მთლიანად იმაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, განათლება, მოდერნიზაცია შემოვიდეს ევროპიდან. ეს პროცესი 1918 წელს დასრულდა პირველი მოდერნული ქართული სახელმწიფოს შექმნით, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რომლის პოლიტიკური მოწყობა, კონსტიტუცია, თავიდან ბოლომდე ეფუძნებოდა იმდროინდელი ევროპისა და დასავლეთის ყველაზე მოწინავე პოლიტიკურ აზრებს. პროცესი, რომელიც ასე ძლიერად იყო დაძრული, 1921 წელს შეწყდა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად და ნაცვლად იმისა, გამყარებულიყო ის ხიდები, რომლებიც არსებობდა საქართველოსა და დასავლეთს შორის, პირიქით, ერთიანად მოვწყდით ცივილიზაციას.


ამერიკის ეროვნულ არქივში ვმუშაობდი, თბილისში, ამერიკის საკონსულოს 1918-1921 წლების პერიოდის დოკუმენტებზე და იქ ვნახე პირველი რესპუბლიკის დროინდელი დოკუმენტები, როდესაც, მაგალითად, „ჯენერალ მოტორსი“, ცნობილი მანქანების მწარმოებელი კომპანია, სწერს თბილისში ამერიკის საკონსულოს. მას შემოსვლა სურს კავკასიის ბაზარზე საკუთარი ავტომობილებით და ეკითხება, ვინ არიან დილერები, სად შეიძლება გაყიდვა. ასევე, მაგალითად, „ფოქს ნიუსი“, ძალიან ცნობილი მაუწყებელი, რომელიც მაშინ კინემატოგრაფიის კომპანიად იყო დაფუძნებული. „ფოქს ნიუსი“ კითხულობს, სად შეიძლება ამერიკული ფილმების შემოტანა გაქირავებაზე. ამ დიდი გლობალიზაციის პროცესში საქართველო ჩართულია და ცივილიზაციის მაშინდელი საუკეთესო მიღწევები, ყველაფერი შემოდის. ხოლო, საბჭოთა კავშირის ოკუპაციამ გამოიწვია ის, რომ, მაგალითად, სარეცხი მანქანები, რომლებიც ამერიკულ ოჯახებში 1930-იან წლებში შევიდა და ადამიანებს ხელით რეცხვა აღარ უწევდათ, საბჭოთა მოქალაქისთვის, ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით, ხელმისაწვდომი ხდება 1980-იანი წლებიდან.


ამ ოკუპაციამ გამოიწვია ცივილიზაციური, ტექნოლოგიური ჩამორჩენა, რადგანაც დასავლეთის პროგრესისკენ მიმავალი გზები საქართველოს დაეხშო. 1991 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ ხდება, არასტაბილურობაც არის, უკმაყოფილებაც, პოლიტიკური კლასების, ხელისუფლების ცვლაც, მაგრამ ის, რაც არ იცვლება, არის ქართველი ხალხის სწრაფვა დასავლეთისკენ. ფაქტობრივად, ქართველი ხალხი ალტერნატივასაც კი ვერ ხედავს ამ მიმართულებით.


ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოს მმართველებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ესახებოდათ მოკავშირედ. რა კონკრეტული ფაქტები/მოვლენები გახსენდებათ, რომელთა დროსაც ევროპულმა ქვეყნებმა ან მათმა მმართველებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს?

მსოფლიოს ზომა იცვლება, ვგულისხმობ იმას, რომ, ვთქვათ, აღმაშენებლის ან სულხან- საბას დროს, თუ შორს გადაადგილებისას თვეობით მოგზაურობა გიწევდა, ახლა ერთი გადაფრენით არის ეს შესაძლებელი. მაშინ, შუა საუკუნეებში, ეს ძალიან რთული საკითხი იყო, მით უმეტეს კონსტანტინოპოლის ოკუპაციის შემდეგ, მე-15 საუკუნეში, საქართველო მოხვდა რკალში - სპარსეთი, ოსმალეთი. ჩრდილოეთით რუსეთი ჯერ არ იყო გამოჩენილი, შემდეგ ჩნდება. ამ რკალში საქართველოდან ევროპამდე ძალიან რთული გზაა.


არსებობდა კავშირებიც, მისიონერულ დონეზე, მოგზაურობის დონეზე, სამეფო კარზეც მსახურობდნენ, ექიმების მრჩევლებად, კათოლიკე მისიონერების სახით, მაგრამ პირველი სახელმწიფოთაშორისი სერიოზული კავშირები, ჩნდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს.


1918-21 წლებში, და ყველაზე აღსანიშნავია გერმანიის ჩართულობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. გერმანია იქცა, ასე ვთქვათ, მშობლად საქართველოს დამოუკიდებლობისა. გერმანიის მფარველობის შედეგად და წყალობით გამოაცხადა 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლურმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში გერმანიამ, განაცხადა, რომ ის მზადაა საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვას რუსეთისგან, მათ შორის იარაღით ხელში. რა თქმა უნდა, გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებები, მზად იყო პროტექტორატის ხელშეკრულებაც. გერმანული ჯარი, დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყვნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცვათ.

შემდეგ უკვე, სამწუხაროდ, გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და გერმანიის ნაცვლად საქართველოში შემოვიდნენ ბრიტანელები. ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, დღევანდელი ტერმინით, ელჩი, იყო სერ ოლივერ უორდროპი, ცნობილი ქართველოლოგი, რომელიც მუდმივად ლობირებდა საქართველოს აღიარებას, დაცვას და მისი პირადი მონდომებით და მოწადინებით აღიარა დასავლეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაშინ ისე მოხდა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან ომობდნენ, როგორც დღეს არის და ორივე მათგანის ოკუპაცია მოახერხა რუსეთმა, მათი მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის გაუწევლად, ამიტომ, საქართველო რეგიონში მარტო აღმოჩნდა და, შესაბამისად, მარტო დარჩენილ საქართველოს ვერავინ დაიცავდა. შედეგად, დადგა ოკუპაცია.


90-იან წლებში რა ხდებოდა, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, ის შიმშილი ორი მიზეზით იყო გამოწვეული: ერთი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ინსპირირებული საომარი მოქმედებებით, ეს ეხება სახელმწიფო გადატრიალებასაც, 1991 წელს, აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენებსაც, და მეორე იყო ჩვენი ბედუკუღმართობაც და ჩვენი უჭკუობაც, რომელიც გამოვიჩინეთ, რომ რუსეთს ამის საშუალება მივეცით. ამ დროს, რომ არა დასავლეთის ჰუმანიტარული დახმარება და საკვებით დახმარება, პურს ვერ შევჭამდით და შიმშილით დაიხოცებოდა ბევრად უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე დაიხოცა და ამის შემდეგაც, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით სული უდგას და დემოკრატიას ჯერ კიდევ პულსი ესინჯება, ესეც სწორედ დასავლეთის მონდომების შედეგია.


რა თქმა უნდა, არაფრის იდეალიზება არ ვარგა, ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შეცდომებიც, და დასავლეთისაც. მაგრამ ბევრად მეტი გვინდა, ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა, ჯერჯერობით აქ ვართ და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, მაგრამ აქამდე როგორც მოვდივართ, ძალიან მკაფიო მოცემულობაა - აქამდე მოვდივართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციითა და დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი გაწეული დახმარებით.


რა არის ის ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს ევროპას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები გაიზიაროს ქართულმა საზოგადოებამ?

ევროპა ძალიან დიდია, ასევე დიდია ევროკავშირიც. საუბარია 30-მდე სახელმწიფოს ინდივიდუალურ კულტურაზე, ინდივიდუალურ ისტორიაზე, ქცევის წესზე, ეს არ არის ერთიანი მოცემულობა, სადაც ყველა ერთნაირია. მაგრამ არის მახასიათებლები, რომლებიც მათ აერთიანებს, რამაც ეს ქვეყნები ამ ერთიანი კავშირების შექმნამდე მიიყვანა.


მათ აერთიანებს, პირველ რიგში, თავისუფლება, თავისუფლებისკენ სწრაფვა და ადამიანი - ზრუნვა ადამიანზე. პოლიტიკის ცენტრში არის არა ერთი ადამიანის, ან ერთი ჯგუფის ინტერესი და ამბიცია, არამედ, ადამიანები ქმნიან სისტემას, იმაზე ფიქრით და დაფიქრებით, თუ რა დარჩება აქედან რიგით მოქალაქეს, ანუ რით იხეირებს ადამიანი და არაფერი არ არის უზენაესი, ადამიანის ინტერესზე მაღლა მდგომი. ეს არის ამოსავალი წერტილი და ყველაფერი დანარჩენი უფრო პრაქტიკის საკითხია, იმის, თუ როგორ ქმნი ამ პოლიტიკას.



ხშირად ვახსენებთ ხოლმე ფრაზას - „საქართველოს ევროპული არჩევანი“. თქვენთვის რას ნიშნავს ეს არჩევანი? რას ვირჩევთ ევროპის არჩევით?

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ვერც ახალ ამერიკას აღმოვაჩენთ, ვერც ველოსიპედს გამოვიგონებთ ხელახლა. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ წარმატებული გამოცდილებებით, რაც მსოფლიომ დააგროვა ისტორიის განმავლობაში. ეს წარმატებები რით გაიზომება და განისაზღვრება? იმით, რომ ადამიანი უნდა იყოს ცენტრში, ეს არის ევროპა.


ეს წარმატება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით იზომება დღევანდელ სამყაროში. ტექნიკურად რომ ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. რიგითი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ხელფასის ოდენობით იზომება. ჩვენ უნდა დავინახოთ, სად არის საქართველო ამ მოცემულობაში. მსოფლიოში დაახლოებით 200 ქვეყანაა და მინიმუმ 90 ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც უფრო მდიდრები არიან ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომელია ეს 90 ქვეყანა, რომელიც გვისწრებს, რა კლუბის წევრები არიან და გვინდა თუ არა იქ ყოფნა.


თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ევროკავშირის, გლობალურად რომ ვთქვათ, მთლიანად დასავლეთის ყველა სახელმწიფო ჩვენზე წინაა. ასევე უნდა შევხედოთ ისტორიის მეორე ნაწილსაც, ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვგულისხმობ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბევრად უფრო გამდიდრდნენ იმ კლუბში გაწევრიანებით, რასაც ევროკავშირი ჰქვია, ხოლო ჩვენ გავღარიბდით. ძალიან მარტივი მოცემულობაა, გინდა იმ კლუბის წევრი იყო, სადაც ადამიანები მდიდრდებიან, სადაც წარმატებაა და რომლის ცენტრშიც დგას ადამიანის კეთილდღეობა. ეს არის ჩემთვის ევროატლანტიკური არჩევანი.



ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო ღია გახდა. სულ უფრო ხშირად საუბრობენ სხვა ევროპული ქვეყნების შემოერთებაზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და იმაზე, რომ „ევროპის ხმა უნდა ისმოდეს ლისაბონიდან თბილისამდე“. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ბოლო წლებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ეს ცვლილება?

ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნები, პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებზე, მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, მაგრამ ამავე დროს ევროკავშირსაც აწყობს იყო მისი გუნდის წევრი - რაც მეტი სახელმწიფო იქნება, მით უკეთესი იქნება მსოფლიო და ამას ასე ხედავს ევროკავშირი. მაგრამ განსხვავებით, მაგალითად, რუსული სივრცისგან, რომელიც არის ევრაზიული კავშირი, საბაჟო კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. რუსეთის მიერ დაარსებული კავშირის წევრობისთვის არავითარი კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ გჭირდება. იქ გაძალებენ გაწევრიანებას და რაც უფრო უარესი ქვეყანა ხარ, უფრო ადვილია შენთვის იქ ყოფნა, რაც უფრო დიქტატორული რეჟიმი ხარ, რაც უფრო გაჭირვებული, მით უფრო იოლად საკონტროლებელი ხარ რუსეთისთვის.


ევროკავშირი 180 გრადუსით საპირისპირო მოცემულობაა. მასში გაწევრიანებას არავინ გაძალებს, პირიქით, თავად ითხოვ იქ გაწევრიანებას და ევროკავშირი კარს გიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხოვრების საბაზო პრინციპებს დააკმაყოფილებ. ადამიანურ და ცხოვრებისეულ ენაზე რომ ვთქვათ, არავის უნდა სახლში ან თუნდაც კორპუსში და უბანში, შემოისახლოს ადამიანი, რომელიც არ იბანს, ლოთია, რომელიც ქვას ისვრის, ასეთი არავის უნდა. ევროკავშირიც ასეა, მას უნდა, რომ ჩვენ ვისწავლოთ თავის მოვლა, საკუთარი თავის პატივისცემა, წესიერი მოქცევა და ამიტომ, ამ ფორმაში შევიდეთ ამ კლუბში და ის რეფორმები და ცვლილებები, რასაც გვთხოვენ, არ არის ევროკავშირის აჩემება და ახირება, ეს მათ კი არ სჭირდებათ, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენვე გავხდებით უკეთესი ქვეყანა და ეს ჩვენივე სარგებლობისთვისაა. ამ ყოველივეს თავისთვის კი არ გვთხოვენ, ისევ და ისევ, ჩვენთვის გვთხოვენ, რომ თუ ვიქნებით ასეთები, მიგვიღებენ და მოგვცემენ იქ ცხოვრების უფლებას, თუ არა - რუსეთის მიერ შექმნილ კავშირებში ყოველთვის შეგვიძლია შესვლა.


რუსეთი ცდილობს იმპერიის აღდგენას და ამ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ხელახლა ჩაყლაპვას. ევროკავშირი ჩვენ გვთავაზობს არჩევანს და ალტერნატივას, თუ არ გინდათ რუსეთმა ჩაგყლაპოთ, შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი, წარმატებული, მდიდარი კლუბის წევრები, ოღონდ, ამისთვის წესიერად უნდა მოიქცეთ, საკუთარი თავის მოვლა, პატრონობა და ღირსეული მოქცევა უნდა ისწავლოთო და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რას ავირჩევთ.


რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროკავშირის წევრობამ და რატომ არის ის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი?

მე ვიტყოდი, რომ მრავალმხრივ არის ეს მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ ეს არის ცივილიზაციური ნავსაყუდელი და ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვხედავთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს მუდმივად აქვს განვითარების პრობლემა. გარშემო არიან იმპერიები, რომლებიც გადაყლაპვას ცდილობენ. მე-20 და 21-ე საუკუნის გლობალიზაციის შედეგად, მსოფლიო დავიწროვდა, დაპატარავდა და შეგვიძლია რეალურად გავხდეთ ევროპის ნაწილი და ამით ჩამოვშორდეთ იმ სახიფათო და დამღუპველ ზონას, რასაც რუსეთი ჰქვია და ბინა დავიდოთ იმ ცივილიზაციურ არჩევანში, რასაც ჰქვია ევროპა.


ეს არის არჩევანი რიგითი ადამიანის სასარგებლოდ, მისი შემოსავლის განვითარების, განათლების სასარგებლოდ და ეს არის დიდი გზაგასაყარი. ჩვენ პრივილეგირებულებიც კი ვართ, რომ ამ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგანაც საუკუნეთა, ყოველ შემთხვევაში, საუბარი მაქვს, მე-19, მე-20 საუკუნეებზე, ამ დროის მანძილზე, თაობები დაიბადნენ, გაიზარდნენ და გარდაიცვალნენ ისე, რომ მათ სახელმწიფო არ ჰქონიათ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც შეუძლია აირჩიოს და დატოვოს ეს რუსული გავლენის ზონა და გახდეს დასავლეთის ნაწილი.



ესაუბრა, მარიამ ჯინჯოლავა

852 views
bottom of page