top of page

ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და თანამედროვე პრობლემები

Updated: Aug 12




ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს სტრატეგიული არჩევანია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უცვლელი ორიენტირია და ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია.


ევროკავშირთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების განხილვასა და რეაგირების გზების დასახვას. ამას გარდა, ევროკავშირი მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციისათვის. დახმარებები მიმართულია თავდაცვის სექტორის გაძლიერებისა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა თუ ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებისკენ.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის კარგი მაგალითია ქართული სამხედრო დანაყოფების მონაწილეობა ევროკავშირის სამშვიდობო თუ საწვრთნელ მისიებში, რასაც ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამ ეგიდით საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირის რამდენიმე ოპერაციის ჩატარებაში. ასეულობით ქართველი სამხედრო პირი მონაწილეობდა ევროკავშირის სამხედრო ძალებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში მიმდინარე საწვრთნელ თუ სამხედრო მისიებში.


2023 წლის მაისში, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ევროკავშირმა 30 მლნ. ევრო გამოყო საქართველოს თავდაცვის სექტორის დასახმარებლად, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მომარაგების და მომსახურების, მათშორის, ტექნიკური მომზადების დაფინანსებას. დახმარებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობამოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთავდაცვითეკიპირებას.

აღნიშნული დახმარების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. მანამდე, 2022 წელს დამტკიცდა 20 მილიონი ევროს, ხოლო 2021 წელს – 12 მილიონიევროს ოდენობის დახმარების პაკეტი.


იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის მიმართულებით ევროკავშირის ფინანსური დახმარება ძირითადად არალეტალური აღჭურვილობის შეძენას ისახავს მიზნად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონტრიბუცია კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ასამაღლებლად. ​

ცნობილია, რომ იმუნიტეტი კიბერსაფრთხეების მიმართ არ არსებობს და ვერცერთი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოებას ინდივიდუალურად. სწორედ ამიტომ, კიბერუსაფრთხოება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და კიბერშესაძლებლობების გაზრდა, ელექტრონული მმართველობის განვითარება, ციფრული სამყაროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მასთანასოცირების მნიშვნელოვანი მიმართულებებია.


ამ მხრივ, ევროკავშირის დახმარება მართლაც შთამბეჭდავია. ევროკავშირის მიერ 1 300 000 ევროთი დაფინანსებული ეროვნული დონის EU Twinning პროექტი „საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერება“ ფოკუსირებულია კიბერსაფრთხეებისა და კიბერშეტევების მიმართ საქართველოს მდგრადობის გაზრდისკენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს კიბერაქტორების შესაძლებლობების ზრდას და კიბერუსაფრთხოების ჩარჩოს ჩამოყალიბებას ევროკავშირის მიდგომების, სტანდარტების, საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა უშუალო დახმარება მიიღეს ადამიანური რესურსის გადასამზადებლად, კიბერშესაძლებლობების განსავითარებლად, ინსტიტუციური მოწყობის გასამართად, ინფორმაციის მიმოცვლის პლატფორმების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო და უწყებათაშორისი კოორდინაციის გასაზრდელად.


ამ პროექტში სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროც, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს: ეროვნულ დონეზე ადამიანური შესაძლებლობების ზრდას, რაც სწვალებებისა და სავარჯიშოების ორგანიზებას გულისხმობს.  


ყველა ზემოჩამოთვლილი პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რადგან ამ პროექტების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ზრდის სახელმწიფო უწყებების თავსებადობას ევროსტრუქტურებთან, ხელს უწყობს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას და, რაც მთავარია, ზრდის სახელმწიფოს მდგრადობას ტრადიციული თუ თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.


სამწუხაროდ, წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დღეს ძალიან დაბალ ნიშნულზეა, რაც, თავისთავად თავდაცვის სფეროს დახმარებაზეც აისახება. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხოლო ზემოხსენებული 30 მილიონი ევროს მოცულობის თავდაცვის სფეროს დახმარება - გაყინული.


ეს რეგრესი, პოლიტიკური, სამხედრო თუ ფინანსური შედეგებით, უკავშირდება საქართველოში ბოლო ხანს ოფიციალურ წრეებში მომძლავრებულ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ყბადაღებულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ, რომელსაც თავდაპირველი რედაქციიდან სამართლიანად შერჩა „აგენტების კანონის“ სახელი და რომელსაც ევროკავშირი რუსული სულისკვეთების მქონედ, საქართველოს დემოკრატიული დასავლური კურსიდან გადასვლად აღიქვამს.

 

ავტორი: ანდრო გოცირიძე

386 views
bottom of page