top of page

ევროკავშირის სიკეთეები - ახალგაზრდების განათლება და Erasmus + პროგრამა

Updated: Aug 12


ალბათ, ყველანი ვთანხმდებით განათლების მნიშვნელობასა და როლზე განვითარებული, პროგრესული და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

შესაბამისად, თითოეულ სახელმწიფოში მოქალაქეები ფიქრობენ ხარისხიანი განათლების მიღებაზე, ამისათვის კი იყენებენ სხვადასხვა შესაძლებლობას, რომელიც თანამედროვე სამყაროში და გლობალიზაციის პირობებში მრავლად მოიპოვება.


განათლების მაღალი ხარისხით, ევროპას წამყვანი ადგილი უკავია და ხშირად ახალგაზრდებიც, ცოდნის გასაღრმავებლად სწორედ ევროპულ ქვეყნებს ირჩევენ. ევროკავშირი კი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიულობის, განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, დიდ როლს ასრულებს წევრ თუ არაწევრ სახელმწიფოებში უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში. ევროკავშირში, სადაც დიდად ფასობს განათლება, პრიორიტეტი ენიჭება განათლებას პიროვნული განვითარების, დასაქმების და სოციალური ინკლუზიის გასაძლიერებლად. მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობით, ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ მისი მოქალაქეები კარგად იყვნენ მომზადებულნი გლობალური ეკონომიკისთვის.


განათლება ევროკავშირში ყურადღებას ამახვილებს უწყვეტ სწავლებაზე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს, მოერგონ ცვალებად სამუშაო ბაზარს და ტექნოლოგიურ წინსვლას. განათლებისადმი ეს ვალდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისა და სოციალური ერთობის შესანარჩუნებლად.


წინამდებარე სტატიაში, სწორედ განათლებაზე, კერძოდ კი, ევროკავშირის როლზე და მის მნიშვნელოვან პროგრამაზე - Erasmus+-ზე მინდა გესაუბროთ და გაგიზიაროთ რამდენიმე ქართველი სტუდენტის გამოცდილება.


აბრევიატურა, Erasmus+, ინგლისურად, European Community Action Scheme for the Mobility of University Students, ქართულად კი - „ევროპული საზოგადოების სამოქმედო პროგრამა უნივერსიტეტის სტუდენტების მობილობისთვის“, არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც  ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე და უზრუნველყოფს სტუდენტის ფინანსურ მხარდაჭერას ორი სემესტრის განმავლობაში, მაქსიმუმ 12 თვე. Erasmus+  პროგრამების მიზანია დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ სტუდენტს, რათა მომავალი კარიერული შესაძლებლობები გაიუმჯობესონ და საზღვარგარეთ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შედეგად გაზარდონ შანსები სამუშაო ბაზარზე.  პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ  საგრანტო თანხა, რომელიც ფარავს ამ ადმინისტრაციულ ხარჯებს და სტუდენტთა სტიპენდიებს. გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს ევროკავშირი უზრუნველყოფს საშუალოდ 800 ევრომდე თანხით საცხოვრებელი ხარჯებისთვის და ასევე სთავაზობს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამას ბევრი დადებითი აქვს, სტუდენტები იუმჯობესებენ ენის ცოდნას. ეძლევათ საშუალება მიიღონ კულტურათაშორისი უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენება მოგვიანებით შეუძლიათ სამუშაო ბაზარზე. ერაზმუსის კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების მეტი შანსი, მეტი პროფესიული პასუხისმგებლობა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები  უამრავ მეგობარს თუ საერთაშორისო კონტაქტს იძენენ. ეს კი მათ არა მხოლოდ პიროვნულ, არამედ პროფესიონალურ ზრდაშიც ეხმარებათ. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მეტად თავდაჯერებულნი, დამოუკიდებელნი და აქტიურები გახდნენ. სწავლის პერიოდში  ასევე შეიძლება გაიარონ სტაჟირება.


Erasmus+ პროგრამა დაარსების დღიდან იყო საგანმანათლებლო გაცვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ქვაკუთხედი. ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ისწავლონ და მიიღონ გამოცდილება საზღვარგარეთ.  Erasmus+, ევროკავშირის წამყვანი პროგრამა განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, არის შესაძლებლობების შუქურა სტუდენტებისთვის, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვისაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 3000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა Erasmus+-ში, სწავლობდა ცნობილ უნივერსიტეტებში და სტაჟირებას იღებდა ევროპის მასშტაბით.


  ამ ეტაპზე 37 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამშრომლობს ევროპის 33 ქვეყნის უნივერსიტეტთან. ამ პროგრამაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის და პირველ ათეულში მეექვსე ადგილზეა. წარმატება კი იმით იზომება, თუ რამდენმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო გაცვლით პროგრამასა თუ მობილობაში მონაწილეობა. ამჟამად შვიდი. ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს Erasmus Mundus Joint Master Degree რვა პროგრამაში, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ, მიიღონ გამოცდილება და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლება, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.


ქართული უმაღლესი სასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ 241 ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორის ყველაზე წარმატებით თანამშრომლობს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ საქართველოდან წამსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის, არამედ საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა ხდება ევროპული აკადემიური საზოგადოებისათვის. ევროკავშირის სხვადასხვა გაცვლითი თუ მობილობითი პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება. ეს არის შესაძლებლობა გაიფართოო თვალსაწიერი და ეზიარო ევროპულ განათლებას, კულტურასა და ღირებულებებს, რომელიც თანამედროვე მოქალაქისა და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ასე მნიშვნელოვანია.


  ამ სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ქართველი სტუდენტების პერსონალურ ისტორიებს, რომლებმაც ისარგებლეს Erasmus+ პროგრამით და გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.


პირველი, ვინც თავის გამოცდილებას გვიზიარებს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ჯიმი ნიჟარაძეა, რომელიც  ამჟამად- პოლონეთში იმყოფება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.


     ჯიმი ნიჟარაძე: „მომეცა შესაძლებლობა, რომ 5 თვე, 1 სემესტრი, არაჩვეულებრივ გარემოსა და სივრცეში გამეგრძელებინა სწავლა სხვადასხვა კულტურის და ეთნოსის წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად. ვსწავლობ სოციალურ და მედიააკადემიაში ტორუნში, რომელიც ახლად დაარსებული კათოლიკური უნივერსიტეტია არაჩვეულებრივ და უძველეს ქალაქში, სადაც ოდესღაც ყველასთვის ცნობილი კოპერნიკი მოღვაწეობდა და ცნობილი ანტისაბჭოთა მოძრაობა „SOLIDARNOC”-ის ერთ-ერთი ბირთვი იყო. პოლონეთში ყოფნამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენს ხალხებს იმაზე ბევრი საერთო აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მსგავსი წარსული და ხშირად ერთნაირი დაბრკოლებები, რაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან და ოკუპაციასთან გამკლავებაში იკვეთებოდა. როგორც ქართველები, ისე პოლონელებიც საკმაოდ დელიკატურად უდგებიან რელიგიისა და კულტურის საკითხებს, რაც ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო აახლოებს. პოლონელების კეთილგანწყობა ქართველებისადმი აშკარაა - მცირე მებრძოლი ერი, რომელიც საკუთარი ევროპული იდენტობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს. ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია - როგორც მთლიანი ევროპა, ისე პოლონელებიც გველიან საერთო ევროპულ ოჯახში, რისი დანახვის საშუალებაც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მომეცა.

    ახლა ორიოდე სიტყვა Erasmus+ პროგრამის მნიშვნელობაზე ჩვენი სტუდენტებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა თითოეულ სტუდენტს საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, რომ შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს სრულფასოვანი ევროპული განათლება - ის განათლება, რომლის დამკვიდრებასაც უკვე მრავალი ათწლეულია ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ყველა მშობელი ნატრობს თავისი შვილისთვის. მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ათასობით სტუდენტს ეძლევა საშუალება ჩვენი ქვეყნიდან სრულყოფილად შეიგრძნონ ევროპული სწავლა განათლებისა და ცხოვრების ელფერი და ზოგადად, თავისუფლების მნიშვნელობა.

ცხადია, რომ მიმდინარე მოვლენებმა, რომელიც ე.წ. „რუსულ კანონს“ უკავშირდება,  პროგრამას საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა. თუკი პროგრამა დაიხურება, ეს  თითოეული ქართველი სტუდენტისთვის შესაძლებლობისა და მომავლის წართმევის ტოლფასი იქნება. პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი დამაკავშირებელი ძაფია ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, გვაძლევს შესაძლებლობას უცხოეთში სწავლის შემდგომ უკეთესად წარმოვიდგინოთ, თუ როგორი მომავლის აშენება გვსურს ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის.”


მეორე სტუდენტი, რომელმაც ასევე მიიღო პროგრამაში მონაწილეობა,მარიამ გოგოხიაა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მე-2 კურსის სტუდენტი, რომელიც ამჟამად ესპანეთში, erasmus+ პროგრამის ფარგლებში კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს.

    მარიამ გოგოხია: „ვსწავლობ ესპანეთში, ვალენსიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე. ამ პროექტში მონაწილეობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისით. მასწავლიან თავიანთ დარგში წამყვანი პროფესორები თანამედროვე და სრულად აღჭურვილ ლაბორატორიებში, აქ გავეცანი კვანტური ფიზიკის გამოყენებას პროგრამირებაში, რისი საშუალებაც საქართველოში არ მექნებოდა, რადგან ეს დარგი ქართულ უნივერსიტეტებში არ ისწავლება.

     ამასთანავე, შევხვდი უამრავ სტუდენტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გავიგე მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ერაზმუსი ევროკავშირის იმ მრავალ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც ერებს აახლოებს და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განვითარდნენ ყველა მიმართულებით, გახდნენ მეტად დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და ფრთები შეასხან თავიანთ ოცნებებს. დიდი სურვილი მაქვს, ბევრმა სტუდენტმა შეძლოს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და გამოსცადოს იგივე, რაც მე“.


ნინო ოტიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. იგი erasmus+-ის გაცვლით პროგრამასა და თავის გამოცდილებაზე გვესაუბრა: „ერაზმუსის პროექტით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მაშინ საათობით ვუსმენდი ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ერაზმუსით საზღვარგარეთ წამოსვლის გამოცდილებებზე მესაუბრებოდნენ და მეც მიჩნდებოდა სურვილი, იგივე გამოცდილება დამეგროვებინა. თან მაინც ვფიქრობდი, რომ რაღაცებს აბუქებდნენ. მაგრამ თურმე ჯობდა, თავად გამომეცადა ეს ყოველივე და დასკვნები ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებით ისე გამომეტანა. 

   2024 წლის გაზაფხულის სემესტრში გავიმარჯვე შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში, მოვიპოვე ევროკომისიის სტიპენდია და სრული დაფინანსებით სასწავლებლად ლატვიაში წამოვედი. აქ სწავლის ხუთმა თვემ კიდევ უფრო კარგად დამანახა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოს თითოეული სტუდენტისათვის. აქამდე თუ მე ვისმენდი და ვკითხულობდი სხვების ევროპული გამოცდილების შესახებ, ახლა, მინდა, რომ თავად მოგიყვეთ საკუთარ გამოცდილებაზე.

ერაზმუსის პროექტის არსი და სტრუქტურა ასეთია: საქართველოს უნივერსიტეტებში ტარდება გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსები სტუდენტებს შორის, სადაც სტუდენტები თავად ვირჩევთ რამდენიმე შესაძლო უნივერსიტეტს შორის სასურველს, სადაც სწავლის გაგრძელება გვინდა. ვაგზავნით დოკუმენტაციას, გავდივართ ინტერვიუს საფეხურს და შერჩევის შემთხვევაში გამგზავნი უნივერსიტეტი გვგზავნის მიმღებ უნივერსიტეტში, რომელიც ევროკავშირში, ანდაც ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში მდებარეობს. ვატარებთ ერთ სრულ სემესტრს სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში. ვეცნობით ევროპას, ევროპულ კულტურას, იქაურ განათლებას და ჩვენც, ერთი სემესტრით ვხდებით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები უცხოეთში.

  მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შანსსაც ევროკავშირი ამ პროექტით გვაძლევს, სხვა ქვეყანაში სწავლაა. გამგზავრებისა და საზღვარგარეთ სწავლის დაწყების შემდეგ, ხატოვნად რომ ვთქვათ, უცებ ხვდები, რომ სამყარო, თურმე, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე აქამდე გეგონა და, იწყებ ყველაფრის თავიდან გადააზრებას. ხვდები შენგან აბსოლუტურად განსხვავებულ სტუდენტებს, რომლებსაც, სხვადასხვა საკითხზე, შესაძლოა, შენგან აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები ჰქონდეთ. ეს ლოგიკურიცაა - ისინი ხომ მსოფლიოს სხვა ნაწილში ცხოვრობენ და ამ გადმოსახედიდან უყურებენ ყველაფერს... მათთან კომუნიკაცია და მსჯელობა კი საშუალებას გაძლევს, შენც იმ კუთხიდან შეხედო ყველაფერს, საიდანაც აქამდე არასდროს შეგიხედავს. ამასთანავე, ხვდები სრულიად სხვა და განსხვავებულ ლექტორებს, რომლებსაც სწავლების განსხვავებული ტექნიკები აქვთ და რომლებიც ცდილობენ, საკუთარი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ შემოქმედებითი ხერხებით მოიტანონ შენამდე.

  სწავლის განსხვავებული ტექნიკების გარდა, უცხოეთში ცხოვრებისას ეცნობი სხვა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასაც, მოწყობას, ადარებ საქართველოს და უფრო მეტად იაზრებ შენი სახელმწიფოს სისტემის ნაკლოვანებებს, რომელთა აღმოფხვრაც შესაძლებელია. სწავლობ იმას, როგორ მუშაობს დემოკრატია სხვაგან და გიყალიბდება აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის საქართველო. ოღონდ, ეს ახლა უკვე ის აზრია, რომელიც მთლიანად მიღებულ გამოცდილებებსა და ცოდნაზეა დამყარებული.

    ლატვიაში კი ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ლატვიურ კულტურას არ გავცნობივარ. და, ალბათ, ეს ამ პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია. უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში 8 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. ასეთი მრავალფეროვნება ცალკე გამოცდილებაა. წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს ყველა დიდ სამზარეულოში ვიკრიბებით, ვერთობით და დაუსრულებლად ვსაუბრობთ ყველაფერზე - დაწყებული პოლიტიკური საკითხებით, დასრულებული ტრადიციული სამზარეულოებით. ერთმანეთს ჩვენს ტრადიციულ კერძებს ვუმზადებთ და ერთადაც გიახლებით. მაგალითად, აქამდე თუ ინდურ სამზარეულოს საერთოდ არ ვიცნობდი, ახლა თავისუფლად შემიძლია იმისი თქმა, რომ ინდურ სამზარეულოზე ვგიჟდები. მათაც ძალიან უყვართ ხინკალი, ხაჭაპური და ქართული ლიმონათები... მაგრამ ისიც იციან, რომ ქართული კულტურა მხოლოდ საჭმელებით არ შემოიფარგლება და მალე ჩვენთან ჩამოსვლასაც გეგმავენ. ასეთი გამოცდილებების შემდეგ კიდევ უფრო ტოლერანტული ხდები შენგან განსხვავებული ადამიანების მიმართ. 

    თუმცა ამ ერთ სემესტრში მხოლოდ ტოლერანტული არ ხდები. აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში მარტო, ფინანსურად დამოუკიდებელი ცხოვრება და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში ოჯახის გარეშე მოგზაურობა დამოუკიდებელ პიროვნებადაც გაყალიბებს. მარტო უფასოდ კი არ ვსწავლობთ უნივერსიტეტში, არამედ, თვეში 800 ევროც გვაქვს ევროკავშირისაგან სტიპენდია, რასაც, ცხადია, პირველ რიგში, აქ ცხოვრებისთვის ვიყენებთ. თუმცა, ლატვიაში ცხოვრება ჩვენთვის საკმაოდ იაფი გამოდგა და ყოველთვიურად საკმაო თანხაც გვრჩება ევროპაში სამოგზაუროდ. „ნახევარი ევროპა“ მოვიარე ჩემი სტიპენდიით და ის ადგილებიც ვნახე, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფოტოებზე მქონდა ნანახი, და რომელთა საკუთარი თვალით ხილვაც დიდი ხანია მინდოდა. როგორ მახსოვს, მერვეკლასელი ნინო როგორ ოცნებობდა პარიზში წასვლაზე და როგორ აწყობდა ამასთან დაკავშირებით გეგმებს შუაღამით თავის მეგობრებთან ერთად. მოკლედ, ჩემმა ევროკომისიის სტიპენდიამ მომცა საშუალება, რომ მხოლოდ საფრანგეთში კი არ წავსულიყავი, არამედ პარიზში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომღერლის კონცერტსაც დავსწრებოდი.

     ევროკავშირის სტიპენდიას აქ ემატება საკმაოდ გამარტივებული მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ჯერ ის, რომ ქვეყნებს შორის მოგზაურობის ბილეთები საკმაოდ იაფია. თუმცა ევროკავშირის სტუდენტები ფასდაკლებითაც ვყიდულობთ ფრენის ბილეთებს, რის გამოც ჩვენთვის მოგზაურობა ერთიორად მარტივია. ამას ემატება ისიც, რომ ავტობუსით მგზავრობისას ქვეყნებს შორის საზღვრები, ფაქტობრივად, არ არსებობს, და ფრენისასაც ნაკლები პროცედურის გავლა გიწევს თვითმფრინავში ჩაჯდომამდე. იმის გამო, რომ ევროკავშირის სტუდენტები ვართ, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მუზეუმებში შესვლაც, ნებისმიერ დროს უფასოა.

ერთი სიტყვით, ერაზმუსის პროგრამა ერთი დიდი ცხოვრებისეული, ძალიან მაგარი გამოცდილებაა, რომელიც ძალიან ბევრი რამის შესაძლებლობას გაძლევს, დაწყებული ხარისხიანი განათლების მიღებით, დასრულებული დამოუკიდებლობის სწავლითა და ახალი კონტაქტების გაჩენით. ამ პროგრამამ საქართველოს ასობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ის ძალიან მაგარი რაღაცები, რაც მე გამოვცადე ამ ხუთ თვეში. არ შეიძლება საქართველოს მიერ მოპოვებული ამ არაჩვეულებრივი შანსის ხელიდან გაშვება და გაუქმება. ევროპაში სწავლა ჩვენთვის ერაზმუსის პროექტის გარეშე საკმაოდ ძვირია. და, ფაქტობრივად, ასობით სტუდენტს გაუქრება საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა, ევროკავშირის ქვეყნების დათვალიერებისა და სხვა ამგვარ შესაძლებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“.

 

     როგორც ვხედავთ, Erasmus+ პროგრამა მნიშვნელოვანი ძალაა საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლისთვის, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს  შანსს გაიფართოონ თავიანთი თვალსაწიერი,  მიიღონ ფასდაუდებელი გამოცდილება და წვლილი შეიტანონ უფრო ერთიანი და პროგრესული გლობალური საზოგადოების მშენებლობაში. ასეთი პროგრამების მუდმივი მხარდაჭერა და გაფართოება აუცილებელია ნათელი მომავლისათვის, ინოვაციებისა და კეთილდღეობის  ხელშეწყობისთვის.

   თუმცა, დღეს, საქართველოში  ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება და ანტიდასავლური პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის Erasmus+ პროგრამას,  ქართველ სტუდენტებს კი ართმევს განვითარების და ხარისხიანი განათლების მიღების შანსს.

   კანონმა შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდვები საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლებზე და ევროპულ ინსტიტუტებთან პარტნიორობაზე. თუ ამ კანონით შეწყდება ან მნიშვნელოვნად შეფერხდება ერაზმუს+ პროგრამა, ეს ფაქტობრივად ჩამოაშორებს ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისა და გამოცდილების მიღების ღირებულ შესაძლებლობებს. ეს არა მხოლოდ შეაფერხებს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, არამედ შეამცირებს კულტურულ გაცვლას და ურთიერთგაგებას, რომელსაც ეს პროგრამა ხელს უწყობს. ასეთი ნაბიჯი ქართველ სტუდენტებს ფართო ევროპული საზოგადოებისგან იზოლაციაში აქცევს. შეზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას მაღალხარისხიან განათლებაზე და წაართმევს განვითარების შანსს, რაც საბოლოოდ შეაფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას და მის ინტეგრაციას ევროკავშირში.

 

 

ავტორი: მარიამ ჯინჯოლავა


243 views
bottom of page