ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობის, კულტურისა და ტრადიციების გარდა, განათლების კავშირიცაა. მასში შემავალ ქვეყნებში ხარისხიანი განათლების მაძიებელ ათასობით ქართველ სტუდენტს უსწავლია და სწავლობს. გადავწყვიტეთ, იმისთვის, რათა უკეთ დავინახოთ, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია განათლების სფეროში ევროკავშირთან ჩვენს დაახლოებას, ისეთ ადამიანთან გვესაუბრა, რომელმაც სტუდენტობის დროს, ევროპული განათლების ყველა სიკეთე საკუთარ თავზე გამოსცადა.
გიორგი ბუტიკაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. ევროკავშირში სწავლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს სწავლობდა გერმანიაში, აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ასევე ბერლინში, კარლ-ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯში. ამჟამად არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი და იკვლევს რუსეთის ჰიბრიდულ ომს.
გიორგი, იქნებ გვითხრათ, როგორია თქვენი თვალით დანახული ევროპული საუნივერსიტეტო განათლების სისტემა?
პირველი, რაც ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაზე ფიქრისას მახსენდება, არის მრავალფეროვნება, სწავლების ხარისხი და მაღალპროფესიონალური კვლევითი კულტურა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანას განათლების მიმართ განსხვავებული მიდგომა და სწავლების მეთოდი აქვს. ეს მრავალფეროვნება სტუდენტს საშუალებას აძლევს, აირჩიოს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მის ინტერესებსა და მიზნებს შეესაბამება. უნივერსიტეტში სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ზოგიერთი ქვეყანა უფასო განათლებას სთავაზობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს, ხოლო ზოგს, სწავლის გადასახადი აქვს, თუმცა ეს განსხვავება, ცხადია, სწავლების ხარისხზე არ აისახება. სტიპენდიები და ფინანსური დახმარების შესაძლებლობები, წარმატებული სტუდენტებისთვის, ხშირად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
უამრავი ქართველი სტუდენტი სწავლობს დღესდღეობით ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. თქვენი აზრით, რატომ ირჩევენ ქართველი ახალგაზრდები ევროპულ განათლებას?ქართველი სტუდენტებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, უმთავრესი მოტივაცია იყო და არის მაღალი ხარისხის განათლების მიღება. საქართველოში, მიუხედავად განათლების სისტემის მრავალმხრივი რეფორმისა, რთულია იმ დონის ცოდნის მიღება, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, კონკურენცია გაუწიო დასავლეთში განათლებამიღებულს. გარდა ამისა, ევროპა ჩვენი კულტურის ნაწილია. ევროპული მრავალეთნიკური და რელიგიურად მრავალფეროვანი გარემო, ნაცნობია ქართველი სტუდენტებისთვის, შესაბამისად, თავს გრძნობ სახლში და ინტეგრაციის და განვითარების პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს.
მახსოვს, როდესაც სამაგისტრო პროგრამებს ვარჩევდი, ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, ევროპაში გამეგრძელებინა სწავლა და არა ამერიკაში. ევროპა ჩვენი სახლია, ამერიკა ძალიან შორი იყო მათთვის.
თავად რატომ გადაწყვიტეთ ევროკავშირში, კერძოდ, გერმანიაში სწავლის გაგრძელება?
ჩემს დროს, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იყო განათლების სისტემაში. მახსოვს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე მხოლოდ ერთი წიგნი გვქონდა ქართულ ენაზე. უნივერსიტეტის სივრცეში მიღებული ცოდნა, ხშირად იყო ზედაპირული, ზოგადი. არასათანადო დრო ეთმობოდა კვლევით კომპონენტს. თუმცა, ძირითადი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე გერმანიაში სწავლის გაგრძელება, იყო მანამდე არსებული სწავლის გამოცდილება ამ ქვეყანაში, რომელსაც პირველად სკოლის პერიოდში ვეზიარე. სასკოლო გაცვლითი პროგრამის დახმარებით, 1 წელი გავატარე გერმანიის სკოლაში. ეს იყო დრო ვარდების რევოლუციამდე, ანუ დრო, როცა სკოლებში არც წყალი იყო, არც დენი და მით უმეტეს, არც გათბობა. ჩემთვის 90-იან წლებს ნახერხისა და დიზელის სუნი ასდის. სწორედ ამ გარემოდან აღმოვჩნდი გერმანიაში, რომელმაც გარდამტეხი გავლენა მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე.
გერმანული სასკოლო სისტემა რადიკალურად განსხვავდებოდა ქართულისგან. მრავალფეროვნება და მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა, განსაკუთრებით უცხო იყო ჩემთვის. დაცულობა, წესრიგი, სასკოლო ინვენტარი, უფასო კვება - დაუჯერებელიც კი იყო. სწორედ ეს გამოცდილება იქცა ჩემთვის მოტივაციის წყაროდ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა.
როგორ გამოიყურებოდა თქვენი სტუდენტობის ერთი, ჩვეულებრივი დღე გერმანიაში?
ჩემი უნივერსიტეტი საკმაოდ პატარა ქალაქში მდებარეობს. ბავარია ზოგადად ძალიან ლამაზია, მრავალფეროვანი და წყალუხვი, არც ლუდის ნაკლებობას უჩივიან. გარდა ყოველდღიური ლექციებისა და სემინარებისა, ყოველთვის იყო გართობის დროც და ინფრასტრუქტურაც. არ მახსოვს დღე ველოსიპედის, მეგობრების და ლექციების დროს კამათის გარეშე. იმ პერიოდში ქართველ სტუდენტებს, განსაკუთრებით აკადემიურ სივრცეში, საქართველოს პოზიციების დაცვა გვიწევდა. მაშინდელი გერმანია კრიტიკული იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც, ხშირად, მიზანმიმართულად გვაქცევდა ხოლმე საქართველოს არაოფიციალურ დამცველ ელჩებად. დღესდღეობით, რუსეთის უკრაინაში დამანგრეველი ომის წარმოების ფონზე, გერმანიის პოზიციები საქართველოსა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის მიმართ, პოზიტიური კუთხით, რადიკალურად არის შეცვლილი. რაც, ჩემი იმ პერიოდის გამოცდილებით, წარმოუდგენლადაც კი ჟღერს. ამიტომ, ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე გერმანიაში, ხშირად არც ისე ჩვეულებრივი იყო.
რა სოციალური სიკეთეებია სტუდენტებისთვის ევროკავშირში?
ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური სიკეთე, რაც ჩემს თავზე გამოვცადე, მოიცავს რამდენიმე ასპექტს:
1. უფასო სწავლა - წელიწადში მიწევდა მხოლოდ 48 ევროს გადახდა, რაც ადმინისტრაციული მოსაკრებელი იყო.
2. სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თვიურად მხოლოდ 150 ევრო ღირდა.
3. საუნივერსიტეტო მენზა (სასადილო), სადაც 3 ევროდ შემეძლო მრავალფეროვანი სადილი შემეძინა.
4. სამგზავრო ბილეთი, რომელიც მთელ ბავარიის მიწაზე ყველა ტიპის ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის საშუალებას მაძლევდა.
საკმაოდ რთულია, სტუდენტმა სწავლაზე კონცენტრირებაც მოახერხოს და ამავე დროს, თავი ირჩინოს საკუთარი შემოსავლით. როგორ ხდება ეს გერმანიაში. სწავლის გადასახადისა და სტუდენტური ცხოვრების დაფინანსების რა ალტერნატიული საშუალებებია?
სტუდენტური სამსახურის პოვნა ევროპაში ძალიან მარტივია. იმ სოციალური სიკეთეების ფონზე, რაც ევროპაში არსებობს, სტუდენტს ნამდვილად არ სჭირდება ბევრი ფულის გამომუშავება ცხოვრებისა და სწავლის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, წარჩინებულ სტუდენტს ხშირად აქვს შესაძლებლობა, იმუშაოს პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე და სწავლის პარალელურად, ინტელექტუალური საქმიანობით გამოიმუშაოს დამატებითი შემოსავალი.
რამდენადაა გერმანიის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ ხელი შეუწყოს მათ ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს?
გერმანიის განათლების სისტემა, ევროპაში, ალბათ, ყველაზე სოციალურია. სტუდენტი სარგებლობს საცხოვრებელ გარემოსა თუ საუნივერსიტეტო სივრცესთან დაკავშირებული უამრავი პრივილეგიით. მთელი გერმანიის მასშტაბით, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი უფასოა. საუნივერსიტეტო მენზა (სასადილო) აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს. ყველა უნივერსიტეტს აქვს სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ასევე უფასოა, ან ძალიან მცირე მოსაკრებლის გადახდაა საჭირო. სწავლისა და ცხოვრების თვალსაზრისით, გერმანია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. შესაბამისად, სტუდენტი ყოველთვის დაცულად გრძნობს თავს.
გარდა კარგი განათლებისა, რა შეგძინათ ევროკავშირში სწავლამ და ცხოვრებამ?
თავისუფლების შეგრძნება, დამოუკიდებლობა და თვითრწმენა ის ძირითადი მარკერია, რასაც ევროპა სთავაზობს უცხოელ სტუდენტს. ტოლერანტული გარემო, მრავალფეროვნება, დისკუსიებისა და დებატების კულტურა, გარემოს სიყვარული, წესრიგი, სუფთა ჰაერი, სპორტული აქტივობები და კულტურული ღონისძიებები სრულიად ცვლის პოსტსაბჭოთა შტამპებით კონსტრუირებულ გონებას და ხდები უკეთესი ადამიანი და საკუთარი ქვეყნის უკეთესი პატრიოტიც.
საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, უმაღლესი განათლების სფეროში ბევრი სიკეთით ვსარგებლობთ. თუ გქონიათ შეხება ევროკავშირის, ან თუნდაც გერმანიის მიერ განათლების სფეროში დაფინანსებულ პროგრამებთან?
ჩემი სამაგისტრო პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლითმა პროგრამამ (DAAD) დააფინანსა. სტიპენდია - თვეში 750 ევრო - სრულებით საკმარისი გახლდათ სწავლისა და ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, გერმანია ყოველთვის სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობასა და მგზავრობის დაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის განვითარებისთვის.
გერმანიაში განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდით და მუშაობა ისეთ ორგანიზაციაში (KAS-კონრად ადენაუერის ფონდი) დაიწყეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის გაძლიერებაზე ზრუნავს, ასევე, ქართველ ახალგაზრდებს აფინანსებს გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განათლების მისაღებად. რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოში მსგავსი ევროპული ორგანიზაციების/ფონდების არსებობა და რამდენად გვაახლოებს ეს ევროკავშირის განათლების სტანდარტებთან?
გერმანული პოლიტიკური ფონდები თვისობრივად განსხვავდება ყველა დანარჩენი საერთაშორისო ფონდისგან. პოლიტიკური ფონდები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა გერმანიაში. მათ მთავარ ფუნქციად იქცა პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა საზოგადოებაში, ვინაიდან მთავარ, ამოსავალ პრობლემად სახელდებოდა პოლიტიკური განათლების ნაკლებობა გერმანიაში, რამაც იმდროინდელ ქვეყანაში ნაციონალ-სოციალიზმის აღზევება გამოიწვია. შესაბამისად, საზოგადოების განათლებაზე ზრუნვა გადაიქცა მტკიცე დემოკრატიის შექმნის გარანტად. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება დღეს კონრად ადენაუერისა თუ დანარჩენი გერმანული ფონდები - ხელი შეუწყონ საზოგადოების განვითარებას, რაც ერთიანი, კეთილდღეობაზე დაფუძნებული ევროპული დემოკრატიისთვის, უმნიშვნელოვანესია.
საქართველო რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს, რას შეცვლიდა ეს ქართველი სტუდენტებისთვის, რა დამატებით შესაძლებლობებს გააჩენდა მათთვის?
პირველ რიგში, სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, შექმნიდა მარტივი მიმოსვლის, აკადემიურ სივრცეში სწრაფი და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე ინტეგრაციის შესაძლებლობას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ხელს შეუწყობდა ევროპული განათლების სისტემის, შესაბამისი სტანდარტებით საქართველოში დანერგვას, ისე, რომ სტუდენტს აღარ მოუწევდა განვითარებისა და ცხოვრებისთვის, მისთვის მაინც უცხო მიწის არჩევა.
მე იმიტომ დავბრუნდი საქართველოში, რომ მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოს გარეთ დიდი ხნით ცხოვრება. ამიტომ, ევროკავშირი დღეს, აქ და ახლა, არის ჩვენი სახლში დაბრუნების გარანტორი.
ავტორი: გიორგი ბუტიკაშვილი