top of page

ევროკავშირი, როგორც მშვიდობის შემოქმედი

ანუ ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიქმნა მშვიდობა ომების კონტინენტზე.



ქვემოთ მოგიყვებით ისტორიას ევროპული სახელმწიფოების გაერთიანების შესახებ, იმაზე, თუ როგორ დაიბადა ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან და როგორ გახდა ის კონტინეტზე უწყვეტი მშვიდობის გარანტი.

ამბავი იწყება მსოფლიო ომებგამოვლილ ევროპაში. იქ, სადაც ომების ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. სწორედ აქ იბადება დიდი იდეა მშვიდობის შექმნისა, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდეა - ტანკების ნაცვლად მანქანების შენებისა (რაც მომავალში დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ზრდის სიმბოლო გახდება). რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა სამშვიდობო იდეები, მაგრამ წარუმატებელი. „ერთა ლიგის“, როგორც გლობალური სამშვიდობო რეჟიმის კოლაფსი, ამის ერთ-ერთი მაგალითია. ევროკავშირის იდეას კი ზუსტად ის ხდის განსაკუთრებულსა და გამორჩეულს, რომ რეალობაში განხორციელებული, უნიკალური წარმატების ისტორიაა, სადაც, შექმნის დღიდან, ადგილი არ ჰქონია ქვეყანათა შორის სამხედრო დაპირისპირებას.


და როგორც ყველა სხვა ისტორიას, ჩვენს ამბავსაც ჰყავს მთავარი მოქმედი პირები. ესენი არიან ევროკავშირის დამფუძნებელი მამები - კონრად ადენაუერი, რობერტ შუმანი, ალტიერო სპინელი, ჟან მონე და სხვები, რომლებიც, ევროპის ნანგრევებზე მდგარნი, შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ომს ფიზიკურად შეუძლებელს გახდიდნენ.მათი აზრით კი, ამისთვის აუცილებელი იყო მრეწველობის იმ დარგების გაერთიანება, რომელშიც ყველაზე მეტი საომარი ტექნიკა იწარმოებოდა. ასე რომ, 1950-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რობერტ შუმანს, ქვანახშირისა და ფოლადის ერთობლივი გამოყენების გეგმა შემოაქვს. მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი, ერთიანი ევროპის საფუძველი. მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებული ტრადიციული კონფლიქტის აღმოფხვრა იყო საჭირო.


მან მოახერხა გერმანიასა და საფრანგეთში ეპოვა თანამოაზრეები - ფრანგი დიპლომატი და ფინანსისტი ჟან მონე და გერმანიის მაშინდელი კანცლერი კონრად ადენაუერი, რომლებიც ასევე მიიჩნევდნენ, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ეკონომიკების გაერთიანება. მოგვიანებით, ჟან მონე ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: „ჩვენი ქვეყნები განადგურებული იყო ომისაგან, რამაც გვაიძულა ჩვენი წარსული უკან მოგვეტოვებინა და მომავლისკენ დაგვეწყო ყურება. ჩვენ გვინდოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის დაგვემყარებინა კავშირი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძველი ბატონობის სურვილისაგან“.


საბოლოოდ, 1951 წელს, შუმანი დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერთან, იტალიასა და ბენილუქსის ქვეყნებთან ერთად აყალიბებს „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოებას“, რაც შემდგომ ზრდაზე ორიენტირებული ინდუსტრიული საზოგადოების საფუძველი გახდება.


ასე დადო პირველი აგური ევროკავშირის შექმნისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, რომელმაც უდიდესი გამბედაობა გამოიჩინა თავისი იდეის განსახორციელებლად და გერმანიის კანცლერის, ადენაუერისაგან მხარდაჭერა მოიპოვა.


მას შემდეგ ევროკავშირი გაიზარდა, გაფართოვდა და გაძლიერდა. ის ახლა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ერთიანი ღირებულებების გაერთიანებაა, რომელიც გახდა მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი მასში შემავალი ქვეყნებისთვის. ევროკავშირმა, ოცნება მშვიდობიან ევროპაზე, ჩვენს ყოველდღიურობად აქცია.


როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, თეოდორ ჰოისი ამბობდა, ევროპის ღირებულებები დაფუძნებულია სამ ბორცვზე: „აკროპოლისი“ (თავისუფლება, ფილოსოფია და დემოკრატია), „კაპიტოლიუმი“ (კანონი და სახელმწიფო წესრიგი) და „გოლგოთა“ (ქრისტიანობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებები და სოლიდარობა). ეს არის დასავლეთის ერთგვარი სულიერი საკვები და სამივე მათგანი ერთმანეთისაგან განუყოფელია. თუმცა ევროკავშირი, მისი მრავალი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ დემოკრატიული წარმატების მიუხედავად, არის და რჩება, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის გარანტად.

სწორედ ამიტომ, 2012 წელს, ევროკავშირმა ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში. 2015 წელს კი, ევროპის 70-წლიანი მშვიდობის აღსანიშნავად, სიმბოლურად, ეს ვერცხლის მონეტა მოჭრეს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. მონეტაზე, ევროკავშირის კონტურების ფონზე მშვიდობის მტრედია აღბეჭდილი, იმ მშვიდობის, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას ნახევარ საუკუნეზე მეტია აერთიანებს. სწორედ ევროპულმა გაერთიანებამ მიუჩინა მშვიდობას საბოლოო სახლი ჩვენს კონტინენტზე და თუკი ევროკავშირის ისტორიას მარტივად, ერთ წინადადებად მოვთარგმნით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ისტორია მშვიდობის შექმნისა და შენარჩუნების შესახებ.


სოფიკო თავდიდიშვილი

ვენა, ავსტრია

284 views
bottom of page