top of page

ევროკავშირი საქართველოსთვის და საქართველო ევროკავშირისთვის

Updated: Aug 12


ეკონომისტები ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი ეკონომიკით იწყება და მთავრდება. რთული იქნება ამის უარყოფა, თუ წარმოვიდგენთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, მაღალი დონის განათლება, ღირსეული პენსია და კარგი შრომის პირობები, უფრო მოკლედ კი, კარგი ცხოვრება და ღირსეული სიბერე - ეს ყველაფერი ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. შემთხვევითი არ არის, რომ რაც უფრო დიდი და ძლიერი ეკონომიკა აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, იქ ცხოვრებაც უკეთესია და ადამიანები ყველა სხვა ქვეყნიდან ცდილობენ ამ ქვეყანაში მოხვედრას, დასაქმებას, განათლების მიღებას, მკურნალობას და ა.შ. მოკლედ, ეკონომიკა ისე განსაზღვრავს მილიარდობით ადამიანის ცხოვრებასა და მომავალს, რომ ხშირად, ბევრი მათგანი ამას საერთოდ ვერ ხვდება.


მაგრამ ვინ განსაზღვრავს თავად ეკონომიკას?

  დაახლოებით 70 წლის წინ, როცა ევროპაში მთლიანი კონტინენტისთვის დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ერთა გაერთიანების, შერიგებისა და განვითარების ქვაკუთხედი სწორედ ეკონომიკა და კეთილდღეობის საერთო ხედვის ჩამოყალიბება გახდა. ასე შეიქმნა დასავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის მიერ 1951 წელს  პირველი ევროპული გაერთიანება - დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა.


ევროკავშირის მთავარი იდეა თავისუფლებაა. ევროკავშირში ეკონომიკის ოთხი თავისუფლების ფორმულაა, რაც გლობალურ ეკონომიკაში დოვლათის შექმნის, კონკურენციისა და განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია.

ეს ოთხი თავისუფლება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაზე, სულ 450 მილიონ ადამიანზე ვრცელდება და მსოფლიოში ყველაზე დიდ ერთიან ბაზარს ქმნის. ეს თავისუფლებებია:

·   საქონლის თავისუფალი გადაადგილება.

·  მომსახურების თავისუფალი გადაადგილება.

·  კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და 

·  ადამიანთა (სამუშაო ძალის) თავისუფალი გადაადგილება.

 

მაინც რას ნიშნავს ოთხი თავისუფლება ევროკავშირის ნებისმიერი მოქალაქისთვის? 

ეს უნიკალური შესაძლებლობაა ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდეს, დასაქმდეს და იცხოვროს ყოველგვარი დამატებითი ბარიერების, ვიზის ან სამუშაო უფლების გარეშე, ამისთვის მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მიერ გაცემული ID ბარათი დასჭირდებათ.

ნებისმიერ მეწარმეს, ფირმასა თუ დიდ კორპორაციას შესაძლებლობა აქვს საკუთარი წარმოებული საქონელი ან მომსახურება, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გაყიდოს, ყოველგვარი ტექნიკური თუ ეკონომიკური ბარიერების გარეშე, მაგალითად, ფრანგ მეღვინესა და პოლონელ ფერმერს, თანაბრად შეუძლიათ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის დანარჩენ 26 ქვეყანაში დამატებითი ბიუროკრატიის, საბუთებისა და  გადასახადების გარეშე გაყიდონ, ისე როგორც ამას საკუთარ ქვეყანაში გააკეთებდნენ. ხოლო შემოსავალი, დამატებითი საბანკო ბარიერებისა თუ შუამავლების გარეშე, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნიდან რამდენიმე წამში მიიღონ.

ეს ევროკავშირის ერთიანი ბაზარია, რომელიც 450 მილიონამდე ადამიანისთვის დიდ და ძლიერ ეკონომიკას, მილიონობით სამუშაო ადგილს, კეთილდღეობას და ყოველდღიურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. იმ შესაძლებლობებს, რომლითაც ევროკავშირი სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის მიმზიდველია.

შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის კონტინენტზე არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ სურს და არ ამოძრავებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი. ალბათ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ესეც განასხვავებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირისგან, სადაც, არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისხლითა და ძალის გამოყენებით, თავისუფლების დათმობის სანაცვლოდ გააწევრიანეს.

დღეისათვის ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), ანუ ქვეყანაში შექმნილი ყველა საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება 15 ტრილიონ ევროს აღემატება, რაც ევროკავშირს და მის წევრებს გლობალურ ეკონომიკაში მსხვილ და მნიშვნელოვან მოთამაშეებად აქცევს (მათ შორის, გერმანია - 3.8 ტრილიონი ევრო, საფრანგეთი - 2.8 ტრილიონი ევრო, იტალია - 1.9 ტრილიონი ევრო, ესპანეთი - 1.2 ტრილიონი ევრო). შედარებისთვის, საქართველოს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 28.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური დოვლათი მოქალაქეებზეც სამართლიანად არის განაწილებული. საკმაოდ მაღალია საშუალო მედიანური ხელფასი, რაც 2.791 ევროს შეადგენს. მართალია, ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მაჩვენებელს, რომელიც 437 ევროს შეადგენს. შედარებისთვის, ევროკავშირის წევრი, დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში მედიანური ხელფასი რამდენჯერმე უფრო მაღალია. მაგალითად: ესტონეთი - 1600 ევრო, ხორვატია - 1326 ევრო, ლატვია - 1500 ევრო, სლოვაკეთი - 1500 ევრო, ლიეტუვა- 1700 ევრო და ფინეთი - 3315 ევრო.

თანამედროვე სამყაროში ხშირად გამოწვევად რჩება მოქალაქეებს შორის დოვლათის არათანაბარი განაწილება, რაც ხშირად სიღარიბის და სხვა სოციალური სირთულეების საფუძველი ხდება. სხვათა შორის, ეს პრობლემა საქართველოშც მწვავედ დგას და არაერთი ადამიანის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. საინტერესოა, რომ ევროკავშირში სოციალური უთანასწორობის დონე ყველაზე დაბალი მცირე ზომი ქვეყნებში გვხვდება (ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი). რაც ამ ქვეყების მოქალაქეებს ღირსეულადა ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

ევროკავშირის მიზანია,წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის  შემცირება და ცხოვრების დონის მაქსიმალური გათანაბრება. ეს მარტივი არ არის, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ყველა ქვეყანას განსხვავებული წარსული და განვითარების არათანაბარი დონე ჰქონდა. ამ უთანასწორობის დასაძლევად, ევროკავშირი ახალ წევრ ქვეყნებში მსხვილ სტრუქტურულ დაფინანსებას ახორციელებს, რაც ძირითადად ამ ქვეყნების ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ტრანსპორტის და ენერგოსექტორის განვითარებას ხმარდება. მაგალითად, 2021-2027 წლებში, წევრი ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის 42 მილიარდ ევროს ხარჯავს, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სწორედ ყველაზე ბოლოს გაწევრიანებული ქვეყნების ინფრასტუქტურის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარებისთვის იხარჯება (მაგალითად: ესტონეთი - 952 მლნ. ლატვია - 1.204 მლრდ. ლიეტუვა - 1.645 მლრდ. ბულგარეთი - 1.467 მლრდ. რუმინეთი - 4.094 მლრდ. სლოვაკეთი - 1.868 მლრდ).

საქართველოს ევროპისკენ და ზოგადად, დასავლური სამყაროსკენ სვლა XX საუკუნის მიწურულს არ დაწყებულა. ამ გზის გაკვალვა ჩვენმა წინაპრებმა გაცილებით ადრე წამოიწყეს. ევროპა და დასავლური სამყარო ქართულ ცნობიერებაში არასდროს ყოფილა მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლეთით მდებარეობდა. იგი ყოველთვის იყო დაკავშრებული ღირებულებათა სისტემასთან, როელიც მოიცავდა დემოკრატიას, თავისუფლებას და ტოლერანტობას. ამ ფასეულობების ერთგულებამ და შენარჩუნებამ პრინციპულად განსაზღვრა დასავლური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ ამ სამყაროსკენ მუდმივი სწრაფვა და მისი სრულფასოვანი წევრობა იყო საქართველოს გზა საუკუნეების განმავლობაში.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდაან საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მუდმივად და მტკიცედ უკავშირდებოდ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. სწორედ, ამავე პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდნა იწყება საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობები, რომლის მთავარი ქვაკუთხედიც იმ დროისათვის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე საკითხები - საქართველოს სახელმწიფოს აღიარება და მისი ტერიტორიული მთლიანობისnურყევი მხარდაჭერა იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, უდიდესი გეოპოლიტიკური ქარტეხილების, სამოქალაქო და ტერიტორიული კონფლიქტების ფონზე უკიდურესად ჩამოშლილი ეკონომიკის მხარდაჭერა.

 

საქართველოს ფინანსური დახმარება ევროკავშირმა 1992 წლიდან დაიწყო,  როდესაც ჩვენი ქვეყანა TACIS პროგრამაში ჩართო. ეს იყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა. მისი ძირითადი მიზანი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცების პროცესის ფინანსური ხელშეწყობა იყო.

1999 წლიდან ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც მოიცავდა მრავალ სფეროს და ითვალისწინებდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებასnდა ჰარმონიზაციას. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველომაც, რაც ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ფინანსური დახმარების საფუძველი გახდა. ევროკავშირის დახმარების პროგრამებიდან, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მხოლოდ 2001-2011 წლებში, 603 მილიონი  ევრო მიიღეს, რაც ამ პერიოდში, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებით, უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას წარმოადგენდა.

სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის გარდა, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა კარი გაუღეს და შეიფარეს ათიათასობით ქართველი ემიგრანტი. მძიმე სოციალური პირობების ფონზე, 1990-იან წლებიდან მოყოლებული, საქართველო უამრავმა მოქალაქემ დატოვა და ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში ემიგრირდა. ამ პერიოდიდან დღემდე, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ევროპის ქვეყნებიდან, ემიგრანტების ფულადი გზავნილები არაერთი ქართული ოჯახის შემოსავლის წყაროა. ცხადია, ამ ფულადმა გზავნილებმა მნიშვნელოვნად წაახალისა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ეკონომიკაც.

2000-იან წლებში ქართველებმა გემო გაუგეს ევროპულ სტანდარტებს, ხარისხსა და ცხოვრების დონეს. ამ პერიოდიდან უკვე მყარად, სიტყვა „ევროპული“, ჩვენს ცნობიერებაში მაღალ ხარისხს, სანდოობას და სტაბილურობას უკავშირდება.

 

2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა. ეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავდა. ასოცირების შეთანხმებით საქართველომ ვალდებულება აიღო ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა, რაც პირველ რიგში გულისხმობდა ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებას. სანაცვლოდ კი, საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მიიღო. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების უმაღლესი საფეხურია,რომელიც შეთანხმების მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთთან გადასახადებისა და სხვა ტექნიკური ბარიერების გარეშე ივაჭრონ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს მაშინ საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკაში გარღვევა იყო, რადგან ამ შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გავიდოდა, ევროპული ქვეყნების ბაზრებზე საბაჟო გადასახადებისა და სხვა ბარიერების გარეშე მოხვდებოდა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იმავე პირობებს ითვალისწინებდა ევროპული საქონლის საქართველოში იმპორტის შემთხვევაშიც.

გამარტივებული საერთაშორისო ვაჭრობისა და ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრის გახსნის გარდა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისთვის სხვა ბევრი სარგებელიც აქვს. ამ შეთანხმებითა და მისი ეფექტიანი გამოყენებით, იზრდება ქართული პროდუქციის ცნობადობა ევროპულ ბაზარზე, ამასთანავე, ქართულ ფირმებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ საერთაშორისო კონკურენციაში, რაც თანამედროვე ეკონომიკაში განვითარებისა და ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

2017წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის პირობა აამოქმედა, რამაც ასიათასობით ქართველს ევროპის ქვეყნებში იაფად და მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა. უამრავი ადამიანისთვის, ვისაც ევროპაში მოგზაურობაზე ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, უვიზო რეჟიმის პირობებში ეს ოცნება რეალობად იქცა და ძალიან გამარტივდა. ასევე გამარტივდა ევროპის ქვეყნებში შრომითი მიგრაცია და სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობა. ევროპა და ევროპული სიკეთეები ასიათასობით ქართველისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა.

რიგითი მოქალაქეებისთვის ამ სიკეთეების მიწოდების გარდა, ევროკავშირი სისტემურად და ფუნდამენტურად აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას და გრძელვადიან რეფორმებს, რაც, საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს და თან ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც. მაგალითად, მხოლოდ 2019-2024 წლებში საჯარო სექტორმა 517.82 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე, ფინანსთან სამინისტროზე, თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებზე განაწილდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში 46.1 მილიონი ევრო (11 ჯერ ნაკლები) მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ორგანიზაციებმა, 6.1 მილიონი ევრო კი კერძო სექტორმა მიიღო ევროკავშირისგან.

 

მიუხედავად ევროკავშირის ფინანსური დახმარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა საფეხურისა, რომელსაც საქართველო 2014 წლიდან აქტიურად მიჰყვება, 2022 წლამდე არასდროს დამდგარა დღის წესრიგში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. 2022 წელს ევროპაში დაწყებულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და უკრაინის მამაცურმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობის ფანჯარა - ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება - გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთიცა და მეორეც, ყველაზე ოპტიმისტებსაც კი, ბრიუსელსა თუ თბილისში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ, 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველო ევროკავშირში არა მიუღწეველი ოცნება, არამედ რეალური და ცხადი შესაძლებლობაა და მისი რეალიზებისთვის მხოლოდ სწორი პოლიტიკური კურსი და რეფორმების სწრაფი ტემპით განხორციელებაა საჭირო.

 

რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის?

ევროპულ ოჯახში ყოფნა ჩვენთვის პირველ რიგში პოლიტიკურ და ეროვნულ იდენტობასთანაა დაკავშირებული, რადგან იმ გზის ლოგიკური და სამართლიანი დასასრულია, საითაც საქართველოს მრავალი თაობა ბუნებრივად, იმედით და თავისუფლებისთვის თავდადებული ბრძოლით მიემართებოდა. ამ ყველაფერთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ნიშნავს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელსაც ახალი ამოსუნთქვასავით ელოდება ყველა ქართველი - სტუდენტი, ემიგრანტი მშობელი, მასწავლებელი თუ ექიმი, მეცნიერი და პენსიონერი. ევროკავშირი ყველასთვის ღირსეული ცხოვრების, განვითარების და კეთილდღეობის იმედია. გზა, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა გაწევრიანების შემდეგ გაიარეს, ამ იმედს სარწმუნოს ხდის.


თუმცა, ევროკავშირის წევრობამდე ერთ ნაბიჯში, იმედისა და შესაძლებლობის არსებობასთან ერთად, ცხადად ჩანს ამ იმედის დაკარგვის რეალური საფრთხეც. ევროპული მომავლის დაკარგვა არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას, არამედ ერთგვარი ღალატიც იქნება ჩვენივე მომავლისთვის.



ავტორი: გიორგი ბენაშვილი

221 views
bottom of page