ევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაცია გაუწია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. რა მნიშვნელობისაა ქართველი ხალხისთვის ეს მოვლენა და რა გვაქვს გასაკეთებელი სამომავლოდ, ამ თემებზე პოეტ რატი ამაღლობელს ვესაუბრეთ.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია და რისი/ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე, არის ეს ქართველი ხალხის ევროპული განწყობის შედეგი?
ნამდვილად, ეს არის არა ერთი და ორი წლის შეფასება, არამედ ძალიან დიდი მონაკვეთის, ისტორიული მონაკვეთის ბოლო 30 წლის, ჩვენი ისტორიული პერსპექტივის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 8-9 მარტის დღეები, ახალგაზრდების გამოსვლისა, სადაც ბევრი თაობა ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების როლი და მაშინ მსოფლიოს არაერთი ლიდერი აღნიშნავდა, რომ ის ხედავს და ესმის ქართველი ხალხის ხმა.
აი, არ გასულა ერთი წელი და უბრალოდ, ესე ბიუროკრატიულად რომ მივუდგეთ რეკომენდაციების მხრივ, ჩვენ ამ გამოცდაზე არა ხალხის გამო არამედ ხელისუფლების გამო ჩავიჭრებოდით. მაგრამ სწორედ ხალხის გამო მოხდა ის რაც მოხდა, გახსოვთ ალბათ ის კადრები, დიდი, მასიური წყლის ჭავლის ქვეშ, როგორ უპყრია ხელთ ნანა მალაშხიას, ევროკავშირის დროშა და როგორ ამოუდგებიან მას მხარში თანამებრძოლები, ადამიანები და როგორ იზრდება და იკვრება ის გუნდი მიუხედავად წყლის ჭავლისა, თან მარტში, სუსხში. დათა თავაძემ, ახალგაზრდა რეჟისორმა, კარგად დაწერა მაშინ ,,შეხედე ევროპა, ვის ეჭირა შენი დროშა ასე თავგანწირვით და ასეთი ძალისხმევით“. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარტის აქციები, ჩვენ სულისკვეთება იმიტომ რომ არა მარტის აქციები და ამის გამო ჩავარდნილი რუსული კანონი, ჩვენ კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია არ გვექნებოდა.
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველომ შეინარჩუნოს ახლო ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან და რატომ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მიზანი ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულება?
მე მწერალი ვარ, პოეტი ვარ და ხშირად ვიხმობ წარსულ და ვუბრუნდები სულხან-საბა ორბელიანს, ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენს მეფეებს, იმ დროს, როდესაც საქართველო ძლიერი იყო.
საკმარისი იყო საქართველო ყოფილიყო ძლიერი და თავისუფალი, ის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. ეს იქნებოდა გიორგი ბრწყინვალეს დროს, დავით აღმაშენებლის დროს, ანუ ერთიანი კოალიციური ევროპის ნაწილი იყო და ევროპელები იბრძოდნენ აქ და ქართველები იბრძოდნენ ხან ათონის მთის გასათავისუფლებლად, ხან იერუსალიმში, ხან თორნიკე ერისთავი ჩადიოდა, ხან აქეთ ჩამოდიოდნენ ტამპლიერები დიდგორის ბრძოლაში, ასე რომ, თავისუფალი საქართველო ნიშნავდა თავისუფალ ევროპაში ყოფნას.
ევროპა ნიშნავს, სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, კარგ განათლებას, განათლების გამართულ და თანამედროვე სისტემას, თავი რომ დავანებოთ მეფეებს და წარსულს, თანამედროვეობაში ევროპა ნიშნავს ადეკვატურ, სოციალურ დაცვას, თანასწორობას, სამართლიანობას, გამართულ ჯანდაცვას სისტემას რომ ყველა დაავადებაზე ჩვენ სხვა ქვეყნებში არ მოგვიწიოს სიარული დიაგნოსტიკისთვის. ევროპა ამას ნიშნავს, ევროპა სადღაც შორს კი არ არის, ევროპა ნიშნავს კარგ საქართველოს, წელში გამართულ საქართველოს და თავისუფალ საქართველოს თავისუფალ ქვეყნებთან ერთად.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მინდა და ამიტომ არის ეს ჩვენი თაობის გამოწვევა, მე ვთვლი, რომ თუ ეს ხელიდან გავუშვით მავანთა გამო და ბოლომდე არ დავიცავით, ჩვენი მომდევნო თაობა იტყვის, რომ ვერ დავიცავით ქვეყანა. აი, მე ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, რას განიცდიდა ის თაობა, ის ხალხი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა მაშინ, 1921 წელს და რამხელა სევდა იყო ეს. ეს ხალხი, ყველა, სხვადასხვა დროს გაანადგურეს. ვინც 1921 წელს გადაურჩა ემიგრაციას, აქ ჩამოიყვანეს ყველა, ვინც გადარჩა ემიგრაციას 1924-ის აჯანყებაში დახვრიტეს, ვინც 1924-ში გადარჩა 1937-ში დახვრიტეს.
საზარელი რამე მოჰყვა ამ ოკუპაციას. ამ გასაყარის წინაშე ვართ ახლაც ჩვენ და ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის, რომ ეს ხიდი გავდოთ დროთა შორის, ჩვენი წინაპრები იამაყებენ იმით, რომ ჩვენ შევალთ, დავბრუნდებით ამ თანამეგობრობაში და ჩვენი შვილები ისარგებლებენ, იმ თავისუფლებითა და სიკეთით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.
რას მოიცავს ის ძირითადი პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც დეკემბრამდე უნდა განახორციელოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად?
მნიშვნელოვანია, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი, აქ არ არის განსაკუთრებული რაიმე. მერე, როცა დაიწყება გაწევრიანების მოლაპარაკებები და გაიხსნება დიალოგი გაწევრიანების შესახებ, იქ უკვე იქნება ბევრი დეტალი, რომლის დროსაც ჩვენ მოგვიწევს კანონმდებლობის დონეზე რაღაცების შეცვლა. ეს იქნება ეკოლოგია, ბუნების დაცვა, ჯანდაცვა და. ა.შ ჯერჯერობით ყველაზე მთავარი ეს არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება იმ დეზინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ევროკავშირთან დაკავშირებით ქართულ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში.
ასევე, პრობლემაა დეოლიგარქიზაცია და სასამართლო გამჭვირვალობა, რომლის მოგვარებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ასე რომ, თუ სურვილი და პოლიტიკური ნება იქნება, აქ გადაულახავი არაფერი არ არის, რაღაცებს დაჭირდება 1 კვირა, რაღაცებს 1 თვე და რაღაცებს თვე ნახევარი, თუ იარსებებს ამ პრობლემების გადაწყვეტის ნება.
თქვენი აზრით, 9 დათქმიდან, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით გასცა, რომელია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია 15 დეკემბრამდე? როგორ ხედავთ დანარჩენი დათქმების შესრულების პროცესს ახლო პერსპექტივაში?
საქართველოსთვის ნებისმიერი საკითხის არ მოგვარება ნიშნავს, რომ პრობლემურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ, მე რახან ზემოთაც ვისაუბრე, დეზინფორმაცია არის შეგნებული მავნებლობა, იმიტომ რომ ხელისუფლება ხედავს, რომ ევროპულ არჩევანს საქართველოში აქვს 82% ამიტომ ცდილობს, რომ ზემოქმედება მოახდინოს ამ 82%-ზე და მისი მანიპულაციის მთავარი საგანი არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის არჩევანი. რა არის დეზინფორმაცია? ეს არის ქართველი ხალხის სიცრუეში და ტყუილში შეყვანა, რომ ის მოტრიალდეს თავისუფლებიდან მონობისკენ, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ამბავი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ.
დეოლიგარქიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. აი, წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი ფული ჰქონდეს კაცს ერთ სოფელში და ყველაფერს სხვის მაგივრად წყვეტდეს, მთელი სოფლის ბედს წყვეტდეს. თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია, სიმდიდრეც, მაგრამ კანონის წინაშე თანასწორობა უფრო მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანი იყო კანონის წინაშე თანასწორი ერთის მხრივ, მაგრამ თავისი აზრის, თავისი წარმოდგენის, თავისი პოლიტიკური, რელიგიური ხედვებით თავისუფალი, ესენი ერთმანეთს ხელს არ უშლიან და აი, ეს არის ევროპული კულტურა და ამას ვერ მივაღწევთ სამართლიანი სასამართლოს გარეშე.
დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ეგეთი რამე არ მომხდარა, რომ ჩვენს პარტნიორებს და განსაკუთრებით ყველაზე ძლიერ მეგობარს, ამერიკას ეთქვა, რომ აგერ, ძალიან მძიმე ამბავია კორუფციული, მოსამართლეებთან დაკავშირებით და მიხედეთო, მინიმუმ, გამოძიება მაინც უნდა დაიწყოს ამ დროს ხომ, როცა მსგავს რამეს გეუბნებიან და ასეთი ბევრი საქმე არსებობს. ევროატლანტიკური სამყაროს მხრიდან სანქცირებული მოსამართლეებით ევროატლანტიკურ სამყაროში ვერ შევალთ, ამიტომ თქვენს კითხვაზე პასუხად, პრიორიტეტული მოსაგვარებელი საკითხები არის სწორედ ეს.
რა მოლოდინები გაქვთ დეკემბერში ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ?
არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მივეცეთ რაიმე ტიპის ილუზიას სიმშვიდეს. ჩვენ საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს მართლა ხალხის ამბავია. მე რომ დავდიოდი ყველაზე მეტი სიხარული მართლა, გულწრფელად მოდიოდა ხალხისგან, პოლიტიკოსებისგან არა. ამ ამბავს ელოდა საქართველო საუკუნეები, ეს კარები იხსნება საუკუნეში ან 2 საუკუნეში ერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა ყველა მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ევროპულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მზაობას, რომ ჩვენ დავიცავთ ამ ღირებულებებს და ვაიძულებთ ხელისუფლებას, ნებისმიერს, რომ ეს ღირებულებები დაიცვას. ხალხის პოზიცია მნიშვნელოვანია, უფრო გრძელვადიანი და უფრო მყარი იმედია ხალხი, რომელიც პრინციპებისადმი და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებას აჩვენებს.
ნებისმიერი ინიციატივა, იქნება ეს პრეზიდენტის თუ სამოქალაქო საზოგადოების, მათგანი ყველა მისაღებია, რომელიც აჩვენებს ხალხის მთლიანობასა და ერთსულოვნებას ევროპის არჩევანის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს 1 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, იმიტომ რომ, ევროკომისიის რეკომენდაციით არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება და ჩვენ შევდივართ მთავარ ამბავში. თუ ჩვენ შევასრულებთ ამ ყველაფერს, და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შესრულება, ჩვენ გადავალთ მომავალ ეტაპზე და ეს არის მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების გახსნა ნიშნავს, ძალიან ხელშესახებ დროში საქართველოს, ესე ვთქვათ ,,ევროპულ ორბიტაზე“ პირდაპირი მნიშვნელობით ტრიალს ასევე კეთილდღეობას და სიმშვიდეს მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ მაგრად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაგვაბრუნონ ბნელ და ცივ წარსულში, ჩრდილოურ წარსულში და უპერსპექტივო წარსულში რომელსაც წარმოადგენს რუსეთი.
ესაუბრა, მარიამ ჯინჯოლავა
Comments