ყველანი მოუთმენლად ველოდებით ოქტომბრის მოსვლასა და ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. სწორედ ამ დასკვნით შევიტყობთ, თუ რამდენად მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ ევროკომისიის მიერ მოცემული შანსის - 12 რეკომენდაციის შესრულება.
რამ შეგვიშალა ხელი წინა წელს სტატუსის მოპოვებაში, 12 რეკომენდაციიდან რა შესრულდა ამ დრომდე და სად ვართ ახლა - ამ და სხვა საკითხებზე „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან ძალზედ საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კანდიდატის სტატუსის მოპოვებას?
ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნას ველოდებით, შემდეგ კი, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
კანდიდატის სტატუსი არის ის ერთი აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისათვის, რათა შემდეგ ევროკავშირთან დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა კანდიდატის სტატუსს, რომ გაგვიხსნას გზა მოლაპარაკებების დასაწყებად.
კანდიდატის სტატუსი შემდეგ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების დაწყება გაწევრებისთვის და თუ ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, მერე მართლა შეიძლება ახდეს ჩვენი თაობების ოცნება, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და გავხდეთ ყველაზე წარმატებული, განვითარებული, კეთილდღეობის მქონე და უსაფრთხო ოჯახის ნაწილი.
რამ შეუშალა ხელი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაშინ, როცა, წლების განმავლობაში, საქართველო ამ სამეულის ლიდერად ითვლებოდა?
საქართველოს ხელი შეუშალა ცუდმა ტრაექტორიამ, რომელზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მართალია, სხვადასხვა ვალდებულების შესრულებისა და რეფორმების გატარების კუთხით, წლების განმავლობაში წინ ვიყავით, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ ბოლო ორი წელია მნიშვნელოვანი უკუსვლა გვაქვს, რაც გამოიხატება ბევრ საკითხში, ძირითადად, ეს არის დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობა, ხშირად, სწორად გვეუბნება, რომ თუ შევხედავთ, როგორ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას, უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. არსებული ხელშეკრულებების შესრულების კუთხით, უდავოდ წინ ვართ, მაგრამ ევროკავშირი მხოლოდ ამას არ უყურებს, არამედ იმასაც, თუ რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით და, ამ მხრივ, სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემები გვაქვს.
მთავარი მიზეზები, რის გამოც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იყო შეტევები მედიაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნა, სერიოზული პრობლემები პოლარიზაციის კუთხით. პოლარიზაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია, საზოგადოების ნაწილთან, დაპირისპირების გარეშე გამონახოს სასაუბრო ენა. ევროკავშირი კი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც შეიძლება მისი წევრი გახდე. რაც მთავარია, კანდიდატის სტატუსის მიღების ხელშემშლელი ფუნდამენტური პრობლემა გახლდათ ოლიგარქიული მმართველობა. ამიტომაც წამოგვიყენეს მოთხოვნად დეოლიგარქიზაცია.
ამ კრიტერიუმებით ჩვენ უფრო ცუდად შეგვაფასეს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამიტომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და წამოგვიყენეს პირობები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია 12 რეკომენდაციის სახელით და მოიცავს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, მედიის, ასევე სასამართლოს მდგომარეობის
გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ევროკომისიამ მოგვცა შანსი, 12 რეკომენდაციის სახით. რას გულისხმობს/მოიცავს ეს რეკომენდაციები?
ამ 12 რეკომენდაციით ევროკავშირი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ნორმალური, ევროპული სახელმწიფო და გვქონდეს პროგრესი დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. ნორმალურობა იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტს არ უნდა იჭერდე; არ უნდა იყო დაპირისპირებული ყველასთან; არ უნდა აცხადებდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მტრად; არ უნდა გქონდეს მტრული დამოკიდებულება, თუნდაც ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების მიმართ; არ უნდა გქონდეს ისეთი მმართველობის სისტემა, რომელშიც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას - რომელიც არ ფლობს არანაირ ფორმალურ პოზიციას; უნდა გქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო; უნდა ატარებდე ნორმალურ არჩევნებს და უნდა იცავდე უმცირესობების უფლებებს, რომლებიც შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ვალდებული ხარ, მათი უფლებები დაიცვა.
ეს 12 რეკომენდაცია, ევროპული გაგებით, არის ელემენტალური მოთხოვნები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირისთვის კი არა, ჩვენთვისაა, რადგან, თუ გვინდა, რომ შევდგეთ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ, ეს პირობები აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ ამ პირობებს შევასრულებთ, თავის წევრად მიგვიღებს. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში ძალიან დიდი გარდატეხა, რადგან ასეთი შანსი არასდროს გვქონია და ეს შანსი, საბედნიეროდ, და ამავე დროს, სამწუხაროდ, გააჩინა უკრაინამ. ეს პროცესი დააჩქარა უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ რუსეთის მიმართ და გააჩინა რეალური შანსი, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ეს შანსი თეორიულად სულ არსებობდა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ევროკავშირი უკრაინას დაუდგა გვერდში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წევრად მიღება გადაწყვიტა. ევროპელები თავად გვეუბნებიან - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გახდეთ ევროკავშირის ნაწილი, ახლა ჯერი თქვენზეაო.
12 რეკომენდაციის მოცემიდან დღემდე, როგორია ევროკომისიის შეფასება, რომელი მათგანი შესრულდა და სად ვართ ახლა?
ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ჯგუფი მუშაობს და ევროკომისიამ თავადაც დადო შუალედური შეფასება.
12 რეკომენდაციიდან ევროკომისიამ მხოლოდ 3 მიიჩნია შესრულებულად, ხოლო 9 რეკომენდაცია ჯერ კიდევ შესასრულებელია. დრო კი თითქმის აღარ გვრჩება, რადგან საბოლოო შეფასება ოქტომბერში გამოქვეყნდება. ევროკომისიმ, 2023 წლის ივნისისთვის შესრულებულად მიიჩნია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის, გენდერული თანასწორობის საკითხების კანონმდებლობაში გადმოტანისა და დაცვის გაუმჯობესების, და სახალხო დამცველი არჩევის რეკომენდაცია.
არის მოთხოვნები, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა, მაგალითად, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების შესახებ. ნაწილობრივ შესრულებული იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ევროკავშირი ითხოვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს არსებობას. საქართველოში შევქმენით ეს ბიურო, მაგრამ ის არ არის დამოუკიდებელი, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ბიუროს არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები. ანუ, მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა. ამით ევროკავშირს ვერ მოატყუებ, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ არაფერი გაკეთდა.
არის მოთხოვნები, რომლებიც კვლევ შესასრულებელია, და მათი შესრულების გარეშე წინ ვერ წავალთ.
ეს ეხება დეპოლარიზაციას, სადაც აშკარად სერიოზული პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ დაპირისპირების პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ეწევა, პიკშია ასული და არათუ დეპოლარიზაცია, კიდევ უფრო გამწვავებაზეა ორიენტირებული. ასევე, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც პროგრესი ის არის, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მაგრამ ეს არ მომხდარა მთავრობის პოლიტიკის ცვლილების შედეგად, პრეზიდენტმა ეს მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად გააკეთა.
გარდა ამისა, დღემდე გრძელდება შეტევები მედიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ დებატებშიც კი არ მონაწილეობენ და მედიას სრული დემონიზების პირობებში უწევს მუშაობა. ასევე, შესასრულებელია რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ამ კუთხით საერთოდ არაფერი შეცვლილა. „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, შემოეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებდა, მაგრამ ახლა უკან დაიხია და კანონის მიღებას აღარ აპირებს. რეალურად კი, დეოლიგარქიზაციის კუთხით არაფერი გაკეთებულა, არანაირი სისტემური რეფორმა არ გატარებულა. სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ თუ დანარჩენი 11 მოთხოვნა შესრულდება, განსაკუთრებით ინსტიტუციური ფუნდამენტური რეფორმების ნაწილში, მაშინ დეოლიგარქიზაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. კანონით დეოლიგარქიზაციას ვერ მიაღწევ ისეთ ქვეყანაში, სადაც ოლიგარქიული მმართველობაა და ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ თუ კანონს მიიღებს, ის ივანიშვილზე მაინც არ გავრცელდება. გარდა ამისა, თითქმის არავითარი პროგრესი არ გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით რეფორმების გატარების მიმართულებით, სადაც, არათუ არაფერი შეცვლილა, არამედ პირიქით.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მოვიპოვოთ და თუ ამ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, არ გვექნება არგუმენტი, რომ კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ.
დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელი რეკომენდაციაა ყველაზე რთულად შესასრულებელი?
თუკი მოინდომებ, არცერთი რეკომენდაცია არ არის რთულად შესასრულებელი. მაგალითად, დეპოლარიზაცია ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა, ამისთვის ძალიან მარტივი რაღაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ - უნდა მორჩეს ოპონენტების დემონიზებას, უნდა შეცვალოს რიტორიკა, უნდა დაიწყოს მედიაში სიარული, ჩაერთოს
პოლიტიკურ დებატებში, უნდა შეამციროს საარჩევნო ბარიერი, არ უნდა შექმნას ყველა მოწინააღმდეგისგან მტრის ხატი. არა მგონია, რომ ეს შეუძლებელი იყოს, ან რთულად გასაკეთებელი, უბრალოდ, საჭიროა პოლიტიკური ნება.
ზოგიერთი რეკომენდაცია ინსტიტუციურად შედარებით რთულია, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელსაც ბევრად მეტი ინსტიტუციური და დროში გაწელილი ნაბიჯი სჭირდება. მაგრამ მანდაც, პრობლემა რა გვაქვს - ევროკავშირი არ გვეუბნება, რომ ხვალვე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მთავარია, პროგრესი აჩვენო. ჩვენ კი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ვხედავთ, რომ, მაგ მხრივ, ხელისუფლებამ რეგრესი აჩვენა.
ავტორი: სერგი კაპანაძე