საქართველო, რომელმაც ევროკავშირისგან ევროპული პერსპექტივა მიიღო, დეკემბრის გადაწყვეტილებას ელოდება, მოვიპოვებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. სტატუსის მოპოვება იმ 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხით განისაზღვრება, რომელიც, წინა წელს, „საშინაო დავალებად“ მივიღეთ ევროკომისიისგან.
იმაზე, თუ რას მოიცავს და რას ნიშნავს ეს 12 რეკომენდაცია, ან, რა ეტაპზე ვართ ახლა და ვინ არის მთავარიპასუხისმგებელი რეკომენდაციების შესრულებაზე, საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ „ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელთან, დიპლომატ გიგი გიგიაძესთან, რომელიც სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში.
საქართველომ გასულ წელს ვერ მოახერხა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მაგრამ ევროკომისიამ მოგვცა შანსი, რეკომენდაციების სახით. რა გვითხრა მან ამ 12 რეკომენდაციით?
გასული წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ერთად გააკეთეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, გამოქვეყნდა ევროკავშირის კომისიის ანგარიში. ამ ანგარიშის თანახმად, განისაზღვრა, რომ უკრაინა და მოლდოვა გახდებიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ანუ, რომ წარმოვიდგინოთ, ევროპამ უკრაინასა და მოლდოვას მისცა ერთი სრული ნაბიჯის გადადგმის უფლება ევროკავშირის მიმართულებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ ნაბიჯის მესამედი, ძალიან მცირედი იმ პროცესიდან, რისი მიღებაც შეგვეძლო.
საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, მიიღო გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეგვესრულებინა და უნდა შევასრულოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გადასაფასებლად. აქ ძალიან მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ის, რომ უკრაინამაც და მოლდოვამაც მიიღეს რეკომენდაციები, მაგრამ ამასთანავე, კანდიდატის სტატუსიც მოიპოვეს. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ისინი მზად იქნებიან, რომ გადაინაცვლონ ევროინტეგრაციის მომდევნო ნაბიჯზე, რომელიც უკვე გულისხმობს, კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება?
რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ მიიღო, ძალიან კონკრეტულად და მარტივად გვაძლევს საშუალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ იმ სფეროების რეფორმირება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უკეთესად ფუნქციონირებისათვის.
მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, არ არის განკერძოებულად ევროკავშირის მოთხოვნა, არამედ, ის საკითხებია, რომლებიც, რომც არ ყოფილიყო ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ისედაც უნდა გადაეჭრა ჩვენი ქვეყნისა თუ მოსახლეობის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის. ფაქტობრივად, ეს არის შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე და მარტივად სრულვყოთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი რეალობა, და ამასთან ერთად, ეს გვიხსნის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას.
რას ველოდებით ოქტომბერსა და დეკემბერში ევროკომისიისგან?
ეს ძალიან რთული საკითხია, ვინაიდან, ევროკომისიამ ჯერ უნდა გამოაქვეყნოს წერილობითი რეკომენდაცია საქართველოსა და იმ ცხრა ქვეყნის მიმართ, მათ შორის, უკრაინის და მოლდოვის, რომლებიც არიან კანდიდატები. ამ რეკომენდაციაში ბოლო აბზაცი უკვე იქნება კონკრეტული მოწოდება ევროკავშირის საბჭოსადმი, ანუ ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუტისადმი, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის. პირველი, ევროკომისიამ, შესაძლოა, მოუწოდოს ევროკავშირის საბჭოს, რომ უწევს რეკომენდაციას საქართველოს, რათა მან მიღოს კანდიდატის სტატუსი. მეორე, არ გაუწიოს რეკომენდაცია, რათა მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩვენთვის სრულიად კატასტროფული და დამღუპველი იქნება, და მესამე, საერთოდ არ გამოხატოს არანაირი პოზიცია, რაც, საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე უარყოფით განვითარებად მესახება.
ევროკომისია რასაც დაწერს, ეს არის ტექნიკური შეფასება. ანუ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოიტანს დასკვნას იმის შესახებ, თუ რეალურად რა გააკეთა საქართველოს სახელმწიფომ ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ამის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის ლიდერი, მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება კონსენსუსს და 27 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს იმაზე, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუ არა.
ამიტომ, გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის საბჭო დეკემბრის პირველ ნახევარში. თუმცა, ევროკომისიის რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა ექნება. ნებისმიერი სხვა ვარიანტი, დადებითი რეკომენდაციის გარდა, ჩვენთვის დამღუპველი იქნება, რადგან, საქართველო უკვე სერიოზულად ჩამორჩება იმ ორ ქვეყანას, რომელთან ერთადაც ვიყავით ყოველთვის, ვგულისხმობ უკრაინასა და მოლდოვას.
ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე?
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობა. რეკომენდაციების სრულყოფილად განხორციელებაზე ერთადერთი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი მხარე საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. ეს რეკომენდაციები გადაეცემა ხელისუფლებას და განკუთვნილია სწორედ მათთვის, ვისაც რეალურად შეუძლია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რეფორმების შემოღება და სხვ.
თქვენი აზრით, იყენებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს რეკომენდაციების შესასრულებლად?
არა! როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო 19 თვის განმავლობაში, ყველა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რათა ევროკომისიის დასკვნა უარყოფითი ყოფილიყო.
რეკომენდაციების შესრულებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს მონიტორინგს საქართველოში და პერიოდულობით, თვეში ერთხელ, გამოსცემენ დოკუმენტს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება, უფრო პოზიტიურად აფასებენ და აღიქვამენ პროცესს, ვიდრე თავად ევროკომისია.
დაახლოებით 2 კვირის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმ, საქართველოში ყოფნისას, პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეალურად, ევროკომისია შესრულებულად აღიარებს მხოლოდ 3 რეკომენდაციას. სინამდვილეში ეს არის ევროკომისიის ხედვა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება უფრო დადებითად აფასებს, ანუ უფრო ბევრი მიმართულებით უფასებს საქართველოს ხელისუფლებას შესრულებულ სამუშაოს, ვიდრე ევროკომისია. ჩვენ უფრო მეტად ვაღიარებთ იმას, რაც გააკეთა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, აქ რჩება რამდენიმე საკითხი, რომელიც სრულიად შეუსრულებელია და ისინი პოლიტიკურადაც გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე სხვები. ეს საკითხებია: დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, სასამართლო სისტემის რეფორმირება, მედიათავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ევროკომისიისგან არ მივიღოთ უარყოფითი შეფასება?
იმედი ვიქონიოთ, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლების დიდი ძალისხმევისა, რომ მათ არ მიიღონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაინც შესაძლებელია, რომ ევროკომისიამ მიიღოს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაგვიწიოს რეკომენდაცია, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც არის ქვეყანაში, ვგულისხმობ ოლიგარქიას, პოლარიზაციას, სახელმწიფოს მიტაცებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და პრესაზე ზეწოლას.
მომდევნო ეტაპზე, როდესაც უკვე საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით. სირთულეები იქნება, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე პოლონეთს, აღარ ყოფილიყვნენ ჩვენი აქტიური მხარდამჭერები. ანუ, ქვეყნები, რომლებიც თხოვნისა და დამატებითი ძალისხმევის გარეშე, მუდმივად მხარს უჭერდნენ საქართველოს, აღარ არიან ჩვენს მხარეს. ძალიან რთული სათქმელია, პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ - უპირველეს ყოვლისა, უნდა აჩვენოს კეთილი ნება და მზადყოფნა, რომ რეალურად სურს ამ რეკომენდაციების შესრულება, და ყველა რეკომენდაციაზე ანახოს პროგრესი, რეალური პროგრესი და არა მოჩვენებითი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდებათ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის რეკომენდაციები სრულად არაა შესრულებული, გვაქვს იმედიანი მოლოდინი, რომ შეიძლება მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. თუ მართლა ასე მოხდა, ვისი და რისი დამსახურება იქნება ეს?
მე მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან კონკრეტულად იქნება გაწერილი მათ რეკომენდაციებში. ჩვენ გვაქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას ვარიანტი, სადაც ასევე ძალიან კონკრეტულად ეწერა, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს აძლევს ბოსნიელ ხალხს, ანუ, ბოსნია-ჰერცეგოვინას ხალხს და არა მის ხელისუფლებას. ეს ერთ-ერთი ვერსიაა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს.
რასაკვირველია, არსებული რეალობის ფონზე, თუ საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება, ეს იქნება სწორედ პოლიტიკურ დიდ სურათში დანახული საქართველო და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხისთვის მიცემული კიდევ ერთი უდიდესი შესაძლებლობა და შანსი, მაგრამ ესეც უნდა ითქვას, რომც გაჩნდეს იმის საფრთხე, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ მიიწეროს, ამაზე თანახმა უნდა ვიყოთ, მიიწერონ, მთავარია, ჩვენ ეს სტატუსი არ დავკარგოთ. მთავარია, რომ საქართველო არ დარჩეს იმ ორი ქვეყნის ჯგუფს მიღმა.
რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა?
კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს თვისებრივად და ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ევროკავშირთან ურთიერთობების პროცესში ჩვენ გაგვეხსნება ძალიან დიდი რაოდენობით ფინანსური დახმარებისა და ბერკეტების მიღების შესაძლებლობა, რომელიც გათვლილია და გათვალისწინებულია კანდიდატ ქვეყნებზე. მაგალითად, ბოლო გაანგარიშებით, 14 მილიარდ ევროზეა საუბარი და ყოველწლიურად იზრდება ეს თანხა, რომლის მეშვეობითაც ამ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა საკუთარი ქვეყნები მაქსიმალურად დააახლოვონ ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან.
კანდიდატის სტატუსი არაჩვეულებრივი ბერკეტია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი უფრო მეტად ჩაერთოს საქართველოში რეფორმების გატარების პროცესში. ეს, როგორც ჩვენთვის არის საინტერესო და კარგი, ისე, ევროკავშირის გადმოსახედიდან, რადგან უფრო მეტ საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს უფრო ხანგრძლივი პროცედურაა. მე მგონია, რომ ეს გარდაუვალი შედეგი იქნება და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამისათვის აუცილებელი იქნება, რომ მან წარმატებით გაიაროს ყველა ის საფეხური, რომელიც არის ამ გზაზე.
ესაუბრა, მარიამ ჯინჯოლავა