top of page

ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე

Updated: Aug 12, 2024


წინარე სტატიაში, „ევროკავშირი, როგორც მშვიდობის შემოქმედი“, გიყვებოდით ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ევროკავშირმა მშვიდობა ომების კონტინენტზე. მშვიდობის შენების ამ უპრეცედენტო გზაზე კი, ევროკავშირის გაფართოება, თანამედროვე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად განიხილება.


დღევანდელ სტატიაში კი, მოგითხრობთ ევროკავშირის შეცვლილ საგარეო პოლიტიკაზე, ანუ, იმაზე, თუ როგორ ცდილობს ევროგაერთიანება საზღვრების გაფართოებასა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას - ლისაბონიდან თბილისამდე.

ევროკავშირი, დაარსებიდან დღემდე, მუდმივად აფართოებდა თავის საზღვრებს, რათა ის ღირებულებები, რომელთაც ეს კავშირი ეფუძნება, კერძოდ, მშვიდობა, სტაბილურობა, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური კეთილდღეობა მთელი კონტინენტის მასშტაბით გაევრცელებინა.

ევროკავშირმა, დაარსების დღიდან, ყველაზე მეტი ქვეყანა, 2004 წელს შემოიერთა. ეს გახლდათ აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა. ამ შემომატებამ სარგებელი მოუტანა არა მარტო ახალ, არამედ ძველ წევრებსაც, რადგან:

1. მან მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, მათ შორის ვაჭრობის სფეროში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდით ხელი შეუწყო წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.

2. პოლიტიკურად, მან გააძლიერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.


შემდგომში, სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამ ქვეყნებმა სწრაფადვე დაიწყეს ეკონომიკურად მოძლიერება და თავიანთი მოქალაქეებისთვის უკეთესი ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობის შეთავაზება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის გაფართოების პროცესი 2004 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შენელდა, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველი, ეს იყო ე.წ „გაფართოებით დაღლილობა“. გარდა ამისა, გაფართოების პროცესი მოიცავს ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და კომპლექსურ რეფორმებს წევრ სახელმწიფოებში, რასაც თან ერთვის ინსტიტუციური გამოწვევები.


მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირს დრო სჭირდებოდა ახალ წევრ სახელმწიფოებთან ადაპტაციისთვის, რაც ევროგაერთიანების მხრიდან უამრავ რესურსს მოითხოვდა.


2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისს მოჰყვა ფოკუსის გადატანა გარე გაფართოებიდან შიდა საკითხების მოგვარებაზე და, რა თქმა უნდა, ე.წ. ბრექსიტმა - დიდი ბრიტანეთის გასვლამაც კავშირიდან, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროკავშირის გაფართოების დინამიკაზე. საბოლოოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობამ შეანელა გაფართოების დინამიკა.


თუმცა გამოხდა ხანი და მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ევროპის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.


რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ამ ომმა გამოკვეთა სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობა რეგიონში და ის, რომ რაც უფრო მეტ ევროპულ ქვეყანას ექნება საერთო ღირებულებითი სისტემა, მით უფრო ერთსულოვნად შეძლებენ მსგავს შემთხვევებში, აგრესორ ქვეყანასთან დაპირისპირებას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ასევე გააქტიურდა საუბარი სხვა კანდიდატ წევრებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამ ომის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართაც, რაც სანქციების დაწესების პოლიტიკაში გამოიხატა.

ევროკავშირმა შეცვალა საკუთარი გაფართოების პოლიტიკის დინამიკა და როგორც მრავალი ექსპერტი ამბობს, „გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა“ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მისმა გაფართოებამ რეგიონში ხელი უნდა შეუწყოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპაში. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საგრძნობლად გააქტიურდა. როგორც უკვე იცით, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიც მალე დაიწყება, ხოლო საქართველომ - წინა წელს მიიღო ევროპული პერსპექტივა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია მოგვცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.


როგორც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, „დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა". რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილად განიხილება და წლების განმავლობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით, არასდროს ისე ახლოს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან, როგორც ახლა ვართ.


ავტორი: სოფიკო თავდიდიშვილი


30 views
bottom of page