უჩვეულო ხალხმრავლობა და ჩოჩქოლია რუსთაველის გამზირიდან რესპუბლიკის მოედნამდე, როგორც კი რესპუბლიკის მოედანს მიუახლოვდები, ასობით ადამიანს დაინახავ, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ ხელში. იქვე, ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნის დროშებს ურიგებენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს. აქ შეხვდებით ყველა ასაკის ადამიანს, რომელიც ერთი მიზნითა და ერთი მიზეზით არის შეკრებილი. ევროკავშირის დროშების სიმრავლე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მარტივად მიგვახვედრებს, თუ რატომ შეიძლება ქუჩაში ვხედავდეთ ხალხს, ამდენი დროშით.
ევროკავშირში გაწევრიანება, ქართველების ურყევი სურვილი და უცილობელი მიზანია, რაც არაერთხელ გამოჩნდა. ქართველ ხალხსაც სურს იმ სიკეთეებით სარგებლობა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ, იქნება ეს უსაფრთხოება, სამართლიანობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლების სისტემა, მაღალი შემოსავლები, უმუშევრობის დაბალი დონე თუ ბედნიერი სიბერე. სწორედ ამიტომ, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევუერთდეთ იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია.
2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა დაჩქარებული წესით ევროკავშირში უკრაინის წევრობის სტატუსის შესახებ განაცხადს. დიდი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამაც განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დაგეგმილზე ადრე შეაქვს განაცხადი და პრემიერ-მინისტრმაც მალევე ხელი მოაწერა განაცხადს. სწორედ, ამ დღიდან - 2022 წლის 3 მარტიდან, დაიწყო აქტიური ბრძოლა და მოქმედება საქართველომ ისტორიულ ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.
9 დეკემბერს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, თბილისის გულში კიდევ ერთხელ შევხვდით, ერთი მიზნის ირგვლივ, ასაკის განურჩევლად გაერთიანებულ ხალხს. ადგილობრივი მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ თავიანთი ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სანამ ევროკავშირის 27 სახელმწიფო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს, ხმა მიეწვდინათ ევროკავშირისათვის, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროკავშირს და საქართველოს მომავალი, სწორედ რომ ევროკავშირშია.
მარში, სახელწოდებით, „შენი ხმა ევროკავშირს“, რესპუბლიკის მოედნიდან ზუსტად 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან და ევროკავშირის ყველაზე დიდი, რეკორდული ზომის დროშის გაშლას აპირებენ, სიმბოლურად ევროპის მოედანზე. ამით მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დაანახონ თავიანთი ნება და გააგონონ ხმა ჩვენს მეგობრებს. მარშს წინ 6 მოპედი მიუძღვება, 6 ევროკავშირის დროშით ხელში, მათ წინ კი ახალგაზრდები ჯერ საქართველოს დროშის ფერებში უშვებენ კვამლს, შემდეგ - ევროკავშირის ფერებში.
მოპედების უკან 6 დრამერია, რომელიც სამარშო ხმაურს ქმნის, მათ უკან კი უზარმაზარი ბანერი მოაქვს ხალხს, რომელზეც ქართულად და ინგლისურად, ლურჯ ფონზე დიდი თეთრი ასოებით წერია - „ჩვენი ხმა ევროკავშირს“. ბანერის უკან, სანამ ხალხის მასაში გაერევი, შეამჩნევ ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს დროშა მოაქვთ, რომელთან ერთადაც, კანდიდატის სტატუსის მომლოდინე, 3 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის დროშებიც არის. მარშის მონაწილეების თქმით, ეს ერთგვარი გზავნილია ევროპელი მეგობრებისათვის, რომ ეს სამი ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს დიდი ოჯახის, ევროკავშირის წევრი. აქვე შეხვდებით ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებულ სხვადასხვა ბანერსა და პლაკატს, რომლებიც საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური წარწერებით გამოირჩევა.
ამ ბანერების, დროშების, დრამერებისა და მოპედების ფონზე, ხალხი უკვე თავისუფლების მოედნამდეა მისული, უამრავი ოპერატორი, ჟურნალისტი და დრონია მობილიზებული, სხვადასხვა კადრის გადაღებას ცდილობენ, ამ დაკვირვებაში, უეცრად ათასობით ადამიანის ხმა ისმის, რომლებიც სკანდირებენ - „ჩვენი ხმა ევროკავშირს“, „ჩვენი ხმა ევროპას“. ამ ორ ფრაზას დროდადრო ენაცვლება შეძახილები - „სა-ქარ-თვე-ლო“, „საქართველოს გაუმარჯოს“. ირგვლივ, სხვადასხვა დაწესებულებებიდან, იხედებიან, იღიმიან და იღებენ მარშს, ის მოქალაქეები, რომლებმაც ალბათ, დიდი სურვილის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხეს მარშს შემოერთებოდნენ, თუმცა სახეზე აწერიათ კმაყოფილება და სურვილი, რომლითაც გამოხატავენ ამ ხალხისადმი მხარდაჭერას.
ამასობაში, მუხტის, შეძახილებისა და ხალხთან საუბრის ფონზე, ვერც კი გავიგეთ, ისე მივედით მეტეხის ხიდამდე, ეს ის მონაკვეთია, რომელიც დანიშნულების ადგილს - ევროპის მოედანს უერთდება და კულმინაციისკენ მიჰყავს მარში. აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი, ევროკავშირის დროშა უნდა გაიშალოს, რომლის სათავეშიც, სიმბოლურია, რომ მარტის აქციების დროს, ყველაზე ემოციური მომენტის შემოქმედი, ნანა მალაშხია დგას, რომელსაც წყლის ჭავლის წინ ეკავა ევროკავშირის დროშა და აფრიალებდა. ახლაც სწორედ ის იწყებს ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის გაშლას საქართველოს ჰიმნის ფონზე. სულ რამდენიმე წუთში ევროპის მოედნის უკიდურეს მარცხენა მხარეს ევროკავშირის უზარმაზარი დროშა იშლება, რომლის ირგვლივაც, ყველაზე ევროპული, პროდასავლური ხალხი დგას და საქართველოს უახლესი ისტორიის დამწერია...
ამ დროშის შექმნაში, რომელიც 750 კვ.მ.-ია და რომლის სიგრძე-სიგანეც 22x33-ზეა, საქართველოს ყველა რეგიონმა შეიტანა თავისი წვლილი, ის 12 ვარსკვლავი, რომელიც მასზეა გამოსახული, საქართველოს 12 რეგიონში შეიკერა, მათ შორის, ერთი მათგანი, ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ, გალის ტერიტორიიდანაც ჩამოიტანეს და სწორედ მათ სახელზეა დატანილი უზარმაზარ დროშაზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყნის ერთიანობას და ურყევ, მტკიცე ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ავტორი: მარიამ ჯინჯოლავა
Comments