უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს, ევროპიდან ბევრი გამოეხმაურა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ევროპის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ მკაცრად გააკრიტიკა კანონპროექტის მომწონებელი ჩვენი მთავრობა და გარკვევით უთხრა მათ, რომ ამ კანონით ევროკავშირისკენ სვლას ვერ გავაგრძელებთ.
კანონპროექტზე, ევროპის, კონკრეტულად კი, გერმანიის პოზიციაზე ვესაუბრეთ ბერლინში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დოქტორ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც გერმანიის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის მრჩევლის პოზიციას იკავებს და აქვე გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
მიხეილ, როგორ შეაფასებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ?
თავის დროზე, ჰანა არენდტმა თქვა, ტერორი არის ტოტალიტარიზმის ძირითადი მახასიათებელიო, ანუ, ტოტალიტარიზმია, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას მონოპოლიზებული აქვს საინფორმაციო სივრცე და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს. ჩემთვის, ეს კანონპროექტი არის ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა, იმიტომ, რომ ხელისუფალი ცდილობს საზოგადოების გაკონტროლებასა და იარლიყების მიწებებით მის სტიგმატიზებას.
ამ კანონპროექტით, მმართველი პარტია უხეშად ერევა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ არსებობაში, სწორედ ამიტომ, ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, თავისუფლების წართმევის მცდელობა, როგორც არ უნდა შეფუთოს იგი მმართველმა პარტიამ.
საზოგადოებამ კანონს უწოდა რუსული, თქვენთვის რამდენად არის ამ კანონის ნარატივი რუსული კანონის მსგავსი?
ძალიან ბევრი მსგავსებაა შინაარსობრივად, თუმცა, მხოლოდ რუსულ კანონზე ფოკუსირება, ჩემი აზრით, არასწორი აქცენტია, რადგან უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და ამ დიდ სურათში, რუსული კანონიც ამ დიდი გლობალური პროცესების ნაწილია. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ძალთა გადაჯგუფება და, ერთი მხრივ, არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ფოკუსირებას ახდენენ დემოკრატიაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, საერთაშორისო სამართალზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის უპირატესობაზე და მათთვის ყოველი სახელმწიფო (როგორც წესი) არის ღირებული. მეორე მხრივ, არსებობენ ავტორიტარული მმართველობის მქონე სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც სამყაროს მოიაზრებენ მულტიპოლარულ სივრცედ, სადაც არსებობს რამდენიმე პოლუსი დიდი სახელმწიფოებისა. მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ მორალური უფლება, არ გაითვალისწინონ მცირე სახელმწიფოების ინტერესები თუ სუვერენიტეტი და ხელს უშლიან მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, რადგან ფიქრობენ, რომ სამყარო უნდა გადანაწილდეს ე.წ. ზესახელმწიფოებს შორის და მცირე ქვეყნები მათი დიდი თამაშის ნაწილს უნდა შეადგენდნენ.
საქართველო ახლა გადადის ავტორიტარული სახელმწიფოების ბანაკში. ამას ადასტურებს ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს ბოლო ხანებში და მონოპოლიის მოპოვების მცდელობა ყველა სფეროზე. და თუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი შეძლებენ, რომ მონოპოლია ჰქონდეთ არამარტო პოლიტიკურ ველზე, არამედ საინფორმაციო სივრცესა და საზოგადოებაზე, მაშინ, საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთპარტიული მმართველობა, რაც საქართველოს არათუ ავტორიტარიზმის, არამედ ტოტალიტარიზმის მიმართულებით წაიყვანს.
ევროპის ქვეყნების გამოხმაურებას რომ შევეხოთ, თითოეული მათგანი იყო ძალიან კრიტიკული. როგორ შეაფასებთ მათ გამოხმაურებას, რა გვითხრა ევროპამ ამ ბოლო დღეებში?
გერმანიის მაგალითი ავიღოთ, რადგან აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. გერმანია ყოველთვის ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის მიმართ. არ ვგულისხმობ ინტეგრაციას, ვგულისხმობ გაწევრიანების საკითხს და მისი ეს პოზიცია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში და ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში მიღებაზე.
საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ და ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანამ, გერმანიაში, პირველ რიგში, გამოიწვია გაოცება, რადგან მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება სახელმწიფო, რომლის მიზანიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ცდილობდეს კანონის მიღებას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პროცესს. პირველი რეაქცია იყო გაკვირვება და, ჩემი აზრით, ამ რეაქციის შემდეგი ეტაპი იქნება გაბრაზება. საბოლოოდ დადასტურება და გააზრება, რომ საქართველოს მმართველი გუნდის პოლიტიკა მორგებულია ერთ ადამიანზე და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე, გერმანული და ევროპული პერსპექტივიდან ახლა ხდება, ამიტომ, ევროპის რეაქცია იყო საკმაოდ მწვავე, მათ შორის, გერმანიის პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. როცა პრემიერი კობახიძე ჩამოსული იყო ბერლინში და შეხვდა კანცლერ შოლცს, კანცლერმა ფაქტიურად პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლტიკურ ინტერესებთან და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
თუ მაინც მიიღეს ეს კანონი, რას შეცვლის მისი მიღება გერმანიასთან/ევროკავშირთან ურთიერთობაში?
ჩემი აზრით, რეაქცია უკიდურესად მწვავე იქნება, თუ ამ კანონს მიიღებენ. სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნები, რომლებიც წარსულში კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, როგორიცაა მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, იტყვიან, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეცემა შანსი ევროინტეგრაციის პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, როგორც ეს მოხდა მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში. მეტიც, მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს, ანუ, გამიზნულად აფერხებს ევროინტეგრაციას, რადგან ევროკავშირში ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერ გაწევრიანდება და საქართველო ვითარდება სწორედ ამ გზით, სადაც ერთი ადამიანის ინეტერესები დგას სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა.
არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ სურს, არადემოკრატიული ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, გერმანია იქნება პირველი, ვინც იტყვის, რომ დაუშვებელია საქართველო გადავიდეს ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩამორჩენას მოლდოვასთან და უკრაინასთან.
მმართველ პარტიაში, ხშირად, თავის გასამართლებლად ამბობენ, რომ ევროპაშიც აქვთ მსგავსი კანონმდებლობა, მათ შორის, გერმანიაშიც…
ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს მსგავსი კანონი, რომლითაც შეიძლება მოახდინო ადამიანების სტიგმატიზაცია, რადგან ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ერთადერთი, უნგრეთმა სცადა 2017 წელს მიღებული კანონით “უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”, შეეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, თუმცა, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შესაბამისად, უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა აღნიშნული კანონი.
არც გერმანიაში არსებობს მსგავსი კანონი. გერმანიაში არის ე.წ. ლობისტების რეესტრი, ანუ, მასში დარეგისტრირებულია ყველა ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს საკანონმდებლო პროცესზე. რეესტრი არ არის მიმართული სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციისკენ, რადგან, საზოგადოებრივი ინტერესების წარმოდგენა პოლიტიკურ პროცესებში სწორედ რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს. გარდა ამისა, რეესტრი არ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს. არამედ ეკონომიკურ კომპანიებსა თუ კონცერნებს, რომლებიც ლობისტურ დონეზე არიან ჩართული საკანონმდებლო პროცესებში. თუმცა, ამ ორი სისტემის ერთმანეთთან შედარება წარმოუდგენელია, რადგან, საქართველოს შემთხვევაში, ხდება სამოქალაქო საზოგადოების უცხოური ძალების გამტარ ორგანიზაციებად წარმოჩენა, ანუ, მათ აცხადებენ ქვეყნის მტრებად, რაც გერმანიაში წარმოუდგენელია, რადგან ქართული ოცნების ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს.
საკანონმდებლო ინიციატივის მეორედ შემობრუნებასთან ერთად, დიდია ქართული საზოგადოების საპროტესტო ტალღა, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, მათ შორის გერმანიის ქალაქებშიც. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა?
საზოგადოების წევრებს, გვაქვს პოლიტიკაზე ზემოქმედების რამდენიმე გზა.ასეთებად შეიძლება განვიხილოთ, არჩევნებში მონაწილეობა, სამოქალაქო ორგანიზაციებში აქტიურობა და პროტესტი, რომელიც არის ჩვენი დემოკრატიული უფლება და საშუალება, რომ ხმა მივაწვდინოთ პოლიტიკოსებს. არ შეიძლება ადამიანმა შორიდან უყურო იმას, რაც ხდება, როცა არსებული მდგომარეობა შენც გეხება. შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან კარგია პროტესტის ეს დიდი ტალღა, რადგან მან წარმოაჩინა ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში არსებული უკმაყოფილება, რომელთაც აღარ სურთ ტოტალიტარული მმართველობის ფორმებსა და მმართველობის რუსულ სტილს შეეგუონ. ეს მიხარია და მეც ვცდილობ, რომ აქტიურად ჩავერთო ამ აქციებში, რამდენადაც შემიძლია. აუცილებელია ამ საპროტესტო ტალღის გაგრძელება, რადგან, თუ ჩვენ შევეგუებით და თავს დავხრით, ხვალ უარესი მოხდება და ქუჩაში გამოსვლის საშუალებაც აღარ გვექნება. არ უნდა გავჩერდეთ და მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რადგან მათი მიზანია ჩვენი შეშინება და შიში გამოსავალი არაა, პირიქით, გამოსავალია პროტესტი და ხმის ამოღება.
ესაუბრა, სალომე სალაძე