top of page

თუ შესცოდავ, გადადგები

Updated: Aug 12

ხელისუფლებაში მოსული ადამიანისთვის, ძალაუფლება დიდი სატყუარაა და თუ კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი არ გახლავთ, ხელიც შეიძლება წაუცდეს კანონის დასარღვევად, იმის იმედით, რომ ვერავინ გაუგებს.


ევროპულ გამოცდილებას თუ დავუკვირდებით, ასეთი ფაქტების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი, გავლენისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც პირველ ნაბიჯს დგამს ხოლმე და გამოძიებას იწყებს ხელისუფლებაში მყოფი კანონდამრღვევი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.


სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდეს, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობაში მყოფებმა მშვენივრად იციან, რომ მათი ძალაუფლების წყარო მხოლოდ და მხოლოდ ხალხია და ოდნავი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, მათ წინაშე აგებენ პასუხს. ამიტომ, განსაკუთრებულად ცდილობენ ხოლმე რაიმე არ შესცოდონ, ასეთის მოხდენის შემთხვევაში კი, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბიან, არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებათ და არც თანამდებობას ებღაუჭებიან.


ევროპაშიც მოგვეპოვება მაგალითები იმისა, თუ როგორ იქცევიან სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტზე მყოფი ადამიანები მას შემდეგ, რაც შემთხვევით თუ განზრახ, მათთვის შეუფერებელ საქციელში გამოიჭერენ. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ.


გადადგომა მოუწია ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს, რომელსაც ერთ დროს მსოფლიოს ამომავალ პოლიტიკოსს უწოდებდნენ და ევროპელი კონსერვატორები დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მხოლოდ გადადგომა კი არა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საქმე ის არის, რომ ბატონმა კურცმა, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი, მისი მეგობარი ფინანსთა მინისტრის დახმარებით, პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების ჩატარება თუ პუბლიკაციების გამოქვეყნება დააფინანსა, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის დანიშვნას ემხრობოდა.

თავმჯდომარეობა მისი თვითმიზანი გახლდათ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობიდან კანცლერობამდე ერთი ნაბიჯი იყო. ასეც მოხდა, კურცი ჯერ ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, შემდეგ კი, 31 წლის ასაკში, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კანცლერი გახდა. მისი პოლიტიკური ტკბობა მას შემდეგ შეწყდა, რაც გამოძიება ფინანსთა სამინისტროსგან შეკვეთილი გამოკითხვებით დაინტერესდა.

სებასტიან კურცი ჯერ კიდევ მოქმედი კანცლერი იყო, სასამართლოში რომ უწევდა ჩვენებებზე სიარული, ბოლოს კი, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ავსტრიულ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდა, ცოლ-შვილს ხელი მოკიდა და შორეულ ამერიკაში გადასახლდა, სადაც, სილიკონის ველზე დაიწყო მუშაობა. თუმცა, პოლიტიკას ჩამოშორება ავსტრიის დამოუკიდებელი სასამართლოსთვის დიდი შეღავათი არ ყოფილა და მის წინააღმდეგ გამოძიება, კორუფციის ბრალდებით, ამ დრომდე მიმდინარეობს.


2021 წელს, გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მიწაზე წყალდიდობამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ რაღაც ერთი კვირა იყო გასული კატასტროფიდან, რომ ამ მიწის ოჯახის მინისტრი, ანნე შპიგელი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, 4 კვირიან, კუთვნილ საზაფხულო შვებულებაში, საფრანგეთში გაემგზავრა. შპიგელი, ამ დროს, ასევე ითავსებდა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობასაც, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია ხოლმე მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებზე.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მინისტრმა უამრავი გაბრაზებული გერმანელის წერილი მიიღო, ისინი შპიგელს სამსახურებრივ გულგრილობაში სდებდნენ ბრალს და ახსენებდნენ, რომ მის ქვეყანაში ადამიანები დაიღუპნენ, ის კი ამ ამბიდან ცოტა ხანში დასასვენებლად გაემგზავრა.

შვებულებიდან დაბრუნებულმა შპიგელმა, თვალცრემლიანმა სცადა ხალხისთვის აეხსნა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასვენება სჭირდებოდა, ასევე ბავშვებს, რომელთაც კოვიდ-პანდემიის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შპიგელმა აღიარა, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს, მას, როგორც მინისტრს, რიგით მოქალაქეზე მეტი მოეთხოვებოდა და მისი შვებულებაში გასვლა შეცდომა იყო. შპიგელმა გერმანიის მოსახლეობას გულითადი ბოდიში მოუხადა, თავისი ნივთები ჩაალაგა და მინისტრთა კაბინეტი დატოვა.


სულ რაღაც ოთხი დღე იყო სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი, როცა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა. გადადგომა ჟოზე პოდგორშეკმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის წინააღმდეგ სასამართლომ კორუფციის მუხლით დაიწყო გამოძიება.

საქმე ის არის, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს, მეუღლესთან ერთად, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გაუტარებია შაბათ-კვირა, სადაც მეპატრონეს, მილიონერ დამიან მერლაკს დაუპატიჟნია. ეს მერლაკი რა კაციაო, იკითხავთ. მერლაკი ის კაცია, სლოვენიაში უამრავ სახნავ-სათეს მიწას რომ ფლობს და ქვეყნის სოფლის მეურნეობის ფონდთან დიდად დაპირისპირებული რომაა, ეს უკანასკნელი კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებს განაგებს.

ჰოდა, ამ მდიდრული სასტუმროდან უკან დაბრუნებულ ჟოზეს, თავს ჟურნალისტები დასდგომიან და მოსვენება არ მიუციათ - საპარლამენტო არჩევნებამდე სახელმწიფოსთან დაპირისპირებული და უამრავი მიწის მფლობელი კაცი უფასოდ თავისთან რომ გპატიჟებთ, თქვენგან, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ალბათ რამეს ელისო.

მინისტრს ერთი კი უცდია თავის მართლება, სასტუმროში არავის დავუპატიჟებივარ, თანხას გადავიხდი, უბრალოდ, იქ ყოფნის დროს ვეღარ მოვასწარი გადახდაო, მაგრამ, აბა ვის დააჯერებდა ამ ზღაპრებს? ამავე დროს, სლოვენიაში, მის წინააღმდეგ, სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და პოდგორშეკსაც რაღა დარჩენოდა, ადგა და გადადგა.


გადადგომა მოუწია პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ადამ ნიძიელსკისაც, მას შემდეგ, რაც კანონსაწინააღმდეგოდ გაავრცელა მისი გამკრიტიკებელი ექიმის პირადი ინფორმაცია.

მინისტრი კარგა ხანს ცდილობდა, სამედიცინო სფეროში რეფორმა გაეტარებინა, რომელიც ექიმებს რეცეპტების ელექტრონულად გაცემას შეუზღუდავდა. უკმაყოფილო ექიმებმა კი ეს რეფორმა მკაცრად გააკრიტიკეს - ყველა პაციენტი ვერ ახერხებს ჩვენამდე მოსვლას და მათზე ზრუნვა თუ გვინდა, დისტანციურადაც უნდა შევძლოთ რეცეპტების გაცემაო.

ამ მინისტრ კაცს კი, გამკრიტიკებელი ექიმების საქმიანობისა და მათ მიერ გამოწერილი წამლების შესახებ ინფორმაცია მოუპოვებია და თავის სოციალურ ქსელში, სახელითა და გვარით მოუხსენიებია ექიმი, რომელსაც, ოდესღაც, საკუთარი თავისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების რეცეპტი გამოუწერია.

როგორც იცით, სამედიცინო სფეროში, პაციენტის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება დიდი დანაშაულია, პოლონელმა მინისტრმა კი ეს დანაშაული არაფრად მიიჩნია და პრესასთან პირი მოაღო, რასაც ექიმების პროტესტი მოჰყვა - პოლონეთის ექიმთა გაერთიანება სამინისტროსთან ურთიერთობის გაწყვეტითაც კი დაიმუქრა. მინისტრს კი, გადადგომის გარდა რაღა დარჩენოდა? მოიხადა ბოდიში, აიკრა გუდა-ნაბადი და თავისივე ნებით დატოვა თანამდებობა.


თანამდებობიდან გადადგომა მოუწია ირლანდიელ ევროკომისარ ფილ ჰოგანს მას შემდეგ, რაც კოვიდრეგულაციების დარღვევაში გამოიჭირეს. ეს ის დროა, მსოფლიოში კოვიდი რომ მძვინვარებს და ქვეყნები სხვადასხვა აკრძალვით ცდილობენ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას.

ევროკომისარი ჰოგანი, მშობლიურ ირლანდიას სტუმრებია და 80 კაციან თავყრილობას დასწრებია, მაშინ, როცა ქვეყანა 6 კაცზე მეტის შეკრებას კოვიდრეგულაციების გამო კრძალავდა და რიგითი ირლანდიელები შეკრებებს თავს არიდებდნენ. კანონდამრღვევი ჰოგანი ჯერ იყო და ირლანდიის მმართველმა გუნდმა დატუქსა, შემდეგ კი - ხალხმა. ჰოგანმა ბოდიშიც მოიხადა და ევროკომისიის თავს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გადადგომის შესახებ წერილიც დაუდო მაგიდაზე. სხვათა შორის, ამ დიდ შეკრებას ირლანდიის მთავრობის კიდევ ერთი წევრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიც შეეწირა, რომელმაც ასევე მოიბოდიშა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.



ავტორი: სალომე სალაძე

588 views
bottom of page