საქართველოში ფეხბურთის ბუმია. საყოველთაო საფეხბურთო აღტაცება, ცხადია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას მოჰყვა. ნათამაშები ევროპის ჩემპიონატი, დაძლეული ჯგუფური ეტაპი და საყოველთაო სიამაყის გრძნობა, ყველამ ერთად განვიცადეთ. საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა და გამოჩნდა ღირსეულად, უნარიანად და, რაც მთავარია, პერსპექტივით.
თუმცა ამ პერსპექტივას გამოყენება სჭირდება. დამმუხტველი EURO 2024-ის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთი წახალისდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ქართული კლუბებისთვის ეს ზაფხულიც ევროტურნირების კვალიფიკაციაში სრული ფიასკოთი დასრულდა.
ნაკრების ფეხბურთელებისა და ტრანსფერების საკითხმა მოლოდინი მეტ ნაკლებად გაამართლა. ჯერ მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი რად ღირს. ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენში გადავიდა, ჟორჟ მიქაუტაძე - ლიონში. გიორგი წიტაიშვილი გრანადაში აღმოჩნდა და სხვ. თუმცა ამ ფეხბურთელებს ევროპულ ჩემპიონატებში თავი უკვე გამოჩენილი ჰქონდათ და იცნობდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია, თანაც, იმ პირობებში, როდესაც ქართველ ფეხბურთელებს არაევროკავშირელის სტატუსი ჯერ კიდევ ეხებათ. რომ არა ეს შეზღუდვები, ევროპის წამყვან ჩემპიონატებში სხვა ქართველი ფეხბურთელების რიცხვიც მოიმატებდა.
ევროკავშირის წევრობა ამ შეზღუდვებს მომენტალურად მოხსნიდა. თუმცა იყო შანსი, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების, ამ მიმართულებით უფრო ნაყოფიერად გამოყენების შემთხვევაში, ეს პრობლემა წლების წინ მოხსნილიყო.
საქართველო-ევროკავშირი და სპორტი
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი, მთელ რიგ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოების აუცილებლობას, ასევე, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დივიდენდებსაც გულისხმობდა. თუმცა, ნაკლებად სპორტსმენებისა და კერძოდ ფეხბურთელებისთვის.
შემდეგ ქართველი ხალხის ძალისხმევით ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა ამ მიმართულებით ცალკეული მოლაპარაკება ან დიალოგი ევროკავშირთან არც ამის შემდეგ დაწყებულა.
ახლანდელი კურსის გათვალისწინებით, რომელიც მმართველ ხელისუფლებას აქვს, ეს უინიციატივობა ალოგიკურად აღარ უნდა გვეჩვენებოდეს, თუმცა პარადოქსია, რადგან წარმატებული ფეხბურთი და ქვეყანა, ხელისუფლებასვე სჭირდება, როგორც მინიმუმ, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგისთვის.
ასოცირების შეთანხმება და სპორტი შეთანხმების ციფრულ ვერსიაში საძიებო სიტყვა „სპორტი“ 394-ჯერ არის ნახსენები, თუმცა მათგან სპორტს მხოლოდ 5 ეხება. დანარჩენი კი ექსპორტი, ტრანსპორტი და ორთოგრაფიულად მცდარი სპი(ო)რტია.
თავი 19
თანამშრომლობა სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში
მუხლი 368
„მხარეები ითანამშრომლებენ სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებას, სპორტის მობილურობას, სპორტის წინაშე მდგარი ისეთი გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორებიცაა დოპინგის გამოყენება, რასიზმი და ძალადობა“.
ეს იმის ბრალია, რომ 9 წლის წინ არავინ იფიქრა იმაზე, რომ სპორტი და სპორტსმენები საუკეთესო ამბასადორები არიან და მათთვის ევროპის კავშირში გახსნილი გზა, ისევ ქვეყნის ევროინტეგრაციას დაეხმარებოდა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითაა გაწერილი და ეს სწრაფვა შეუქცევადი პროცესი უნდა იყოს.
რა შეიცვლება ქართული სპორტისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში
ფაქტია, მხოლოდ ასოცირებული ქვეყნის სტატუსით არაევროკავშირელებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს საქართველომ თავი ვერ აარიდა. ეს დაბრკოლებები კვლავ ძალაშია და გავლენას ახდენს ქართველ ფეხბურთელებზე.
კითხვაზე – რა შეიცვლება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ყველაზე ზოგადი პასუხი თავისუფლებაა. თავისუფლება იმ რეგულაციებისგან, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში არაერთი ქართული ტრანსფერის წინაღობა და ჩაშლის მიზეზი გამხდარა.
შესაბამისად, გაიზრდება ფეხბურთელების რაოდენობა წამყვან ჩემპიონატებში. აღარ იქნება აუცილებელი იყო უკვე შემდგარი ტოპ კლასის ფეხებურთელი, რათა წამყვანი ჩემპიონატის რომელიმე გუნდის ყურადღება მიიქციო.
ფეხბურთელების რაოდენობრივი ზრდა, საშუალო და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კონკურენციას და, შესაბამისად, არჩევანსაც გაზრდის.
გაიზრდება დონე და გაჩნდება წარმატების მეტი წინაპირობა. სპორტში წარმატება კი მთლიანად ქვეყანაზე აისახება, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ქართული კლუბების მიმართ. თუკი დღესდღეობით, ეროვნული ლიგის კლუბებს ძალიან უჭირთ ძლიერი ლეგიონერებისთვის სასურველი და მიმზიდველი წინადადებების შეთავაზება, ეს მოცემულობა მომენტალურად შეიცვლება, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
მიზეზი მარტივია, ქართული პასპორტი უფრო მიმზიდველი გახდება. ლეგიონერები სხვადასხვა კონფედერაციებიდან საქართველოს ჩემპიონატსაც ერთ-ერთ პოტენციურ ტრამპლინად ჩათვლიან, მოხვდნენ გამორჩეულ ლიგებში, და საქართველოში საკმარისი დროის, დავუშვათ 5 ან მეტი წლის, გატარებით ისინი ევროკავშირის ჩემპიონატებში იდენტურ სიკეთეებს მიიღებენ.
ამის მკაფიო მაგალითია კვიპროსი. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ანორთოსისი, აპოელი, აპოლონი, აეკ ლარნაკა და სხვა კვიპროსული გუნდები უფრო ძლიერი ლეგიონერებისთვის მიმზიდველ კლუბებად გადაიქცნენ. შესაბამისად, კვიპროსულმა გუნდებმა სამივე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს და ამას სტაბილურად აგრძელებენ.
შეზღუდვა ლეგიონერებზე სერია A-ში წლების განმავლობაში ქართველი ფეხბურთელებისთვის წამყვანი 5 ჩემპიონატი მიუღწეველ სიმაღლედ მიიჩნეოდა. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა ეს მოცემულობა შეცვალეს. კვარას და მამარდას ეფექტმა კვლავ გააჩინა ხელშესახები ინტერესი ქართველი ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი, ცხადია, ახალგაზრდების მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ არა სტატუსობრივი შეზღუდვა, დღეს ტოპ ჩემპიონატებსა და ქვეყნებში საგრძნობლად მეტი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.
სერია A-ს გუნდებს ჩემპიონატის განაცხადში მაქსიმუმ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ. ეს ქართველ ფეხბურთელებს მაღალი კონკურენციის პირობებში აყენებს.
ამას გარდა, სეზონში კლუბს მხოლოდ 2 ასეთი სტატუსის მატარებელი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია.
სახელფასო ზღვარი ნიდერლანდებში ნიდერლანდებში ასეთ დაბრკოლება სახელფასო მინიმუმი გვევლინება. რაც, ცხადია, ხელის შემშლელია კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობაში.
ერედივიზიის კლუბი ვალდებულია არაევროკავშირელ ფეხბურთელს, რომელიც 20 და მეტი წლის არის, წლიურ ანაზღაურებად მინიმუმ €436 202 დაუნიშნოს, 20 წელზე ახალგაზრდა ფეხბურთელს კი – €218 000.
ცხადია, ეს დიდი ბარიერია და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი აბურჯანიას შემთხვევაც ადასტურებს.
პანდემიურ და პოსტპანდემიურ ეპოქაში ტოპ კლუბებსაც კი გაუჭირდათ ფინანსურად. საშუალო და დაბალი შესაძლებლობების კლუბებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ენსხედეს ტვენტეს გიორგი აბურჯანიასთან გამომშვიდობება სწორედ ამ რეგულაციისა და მისი არაევროკავშირელის სტატუსის გამო მოუხდა, არადა ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურდა. შეზღუდვა ლეგიონერებზე ლა ლიგაში ლა ლიგაში მყოფ კლუბს გუნდში მხოლოდ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს. თუმცა აქედან სამატჩო განაცხადში 3-ის შეყვანა შეუძლია.
ეს ციფრი ლა ლიგა 2-ის შემთხვევაში 2-მდე მცირდება.
ცხადია, ეს ლიმიტიც ხელის შემშლელი ფაქტორია ქართველი ფეხბურთელებისთვის. ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე 2 და მეტი წელი უნდა იყო კანონიერ ქორწინებაში, ან ესპანეთში ცხოვრობდე და თამაშობდე 5 წელი, ცხადია, ლეგალურად, ასეთ შემთხვევაში შენზე შეზღუდვა აღარ გავრცელდება.
შეზღუდვა ლეგიონერებზე ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგაში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე რაოდენობრივი ლიმიტი არ არსებობს. თუმცა თითოეული კლუბი პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ვალდებულია ჩემპიონატის განაცხადში, მინიმუმ, გერმანიის მოქალაქე 12 ფეხბურთელი ჰყავდეს. სამაგიეროდ არსებობს არანაკლებ მტკივნეული შეზღუდვა. არაევროკავშირელს დუბლშემადგენლობაში თამაშის უფლება არ აქვს.
მაგალითად გურამ გიორბელიძის მოყვანა შეგვიძლია, რომელიც დრეზდენის დინამოში თამაშობდა, ან გიორგი ჩაკვეტაძის, რომელსაც ჰამბურგის ძირითადში ბოლო თვეებში აღარ ენდობოდნენ. ან ბუდუ ზივზივაძე, რომელიც კარლსრუეში, თავიდან, დიდი კონკურენციის გამო მცირე სათამაშო დროს და წუთებს იღებდა. ცხადია, ბუდუმ ეს მოცემულობა დიდი ძალისხმევით შეცვალა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ამ სტატიაში მხოლოდ იმ შეზღუდვების ნაწილია მოთხრობილი, რომელიც ან ტოპ ჩემპიონატებს ეხება, ან ბოლო წლებში გახმაურდა.
მოყვანილი და მსგავსი შეზღუდვები სხვა ევროპულ, როგორც საშუალო, ისე მაღალი კალიბრის ჩემპიონატებშიც მოქმედებს. ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანება მათ მომენტალურად გააქრობს, თუმცა რადგანაც კანდიდატის სტატუსი ავტომატურ წევრობას არ ნიშნავს, ამიტომაცაა ჰაერივით სასიცოცხლო ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება და რეფორმების გატარება.
ქართველი ფეხბურთელებისთვის ხელშეწყობა ერთგვარი ინვესტიცია იქნება ქვეყნისგან, რომელიც თავადვე იხეირებს, ყველა კუთხით, თანაც მოკლევადიან პერსპექტივაში.
მათ შორის, ამ მკაფიო მიზეზების გამო სახელმწიფოს რეფორმების გატარება და ევროკავშირის სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება მართებს, ნაცვლად იმ კონტრპროდუქტიული პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლება ახლა ატარებს ევროკავშირთან მიმართებით.
Comments