საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, მის ტერიტორიაზე პროტოქართული სახელმწიფო ჯერ კიდევ 3200 წლის წინ გაჩნდა. წინასწარ ნამდვილად არ ყოფილა განსაზღვრული, რომ, მაგალითად, შვეიცარია მდიდარი, უსაფრთხო და განვითარებული ქვეყანა უნდა ყოფილიყო, ხოლო ჩვენ - ღარიბი, დაუცველი და განუვითარებელი. უფრო მეტიც, მეთორმეტე საუკუნის საქართველო, განვითარების დონით, თავისი დროის დასავლეთევროპულ ქვეყნებს არ ჩამორჩებოდა, რიგ ასპექტებში შეიძლება უსწრებდა კიდეც. მოგვიანებით მონღოლებმა ჩაყლაპეს ეს ქვეყანა და თემურ ლენგმა დაანგრია, მაგრამ ნგრევა დასავლეთ ევროპასაც უნახავს. აღდგენა და გამოსწორება ყოველთვის შეიძლება.
რატომ ვერ შევძელით? მას შემდეგ, რაც 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და შავი ზღვა ოსმალეთის შიდა ტბად გადაიქცა, ამ ზღვაზე ნაოსნობა თურქების მონოპოლია გახდა. ამიტომაც არის, რომ საზღვაო ქვეყანას, ნაოსნობის ისტორია, ფაქტობრივად, არ გვაქვს. როდესაც ავიაცია, რკინიგზა და ავტომობილი არ არსებობს, ზღვა შორი კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოსვე, ვასკო და გამამ, ინდოეთისკენ, აფრიკის შემოვლით, საზღვაო გზა აღმოაჩინა. ეს გზა უფრო სწრაფი, იაფი და უსაფრთხო იყო, ვიდრე სახმელეთო აბრეშუმის გზა, რომლის ერთი განშტოებაც სამხრეთ კავკასიაზე გადიოდა. აბრეშუმის გზა საზღვაო მარშრუტმა ჩაანაცვლა და შეწყდა კავკასიის გავლით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმოსვლა. ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია საქართველოს იზოლაცია დასავლური სამყაროსგან და ვიქეცით სპარსეთ ოსმალეთის კულტურულ-პოლიტიკურ დანამატად. მეჩვიდმეტე საუკუნის შუაში სპარსეთში ჩასული პორტუგალიელი კათოლიკე მისიონერი სებასტიაო მანრიკე იქ მყოფ ქართველ მეომრებს შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, ჩვენც შენსავით ქრისტიანები ვართო და ჯვრებიც აჩვენეს. მანრიკეს გაუხარდა, მაგრამ შემდეგ დაწერა - რამდენიმე დღე რომ გავატარე მათთან ერთად, დავინახე, რომ ისინიც ისეთივე მუსლიმები არიან [კულტურულად], როგორც სპარსელებიო. დიახ, ქრისტიანული სარწმუნოება შენარჩუნდა, მაგრამ ამ სარწმუნოებას, ადრეული საუკუნეებისგან განსხვავებით, დასავლური კულტურა აღარ შემოჰქონდა.
ანტიკურ ხანაში კერამიკა და ოქრო იყო საქართველოდან საექსპორტო პროდუქტი, მეთორმეტე საუკუნეში ახალგაზრდებს გელათისა და იყალთოს აკადემიებში ვაძლევდით განათლებას, მაგრამ მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ მთავარ საექსპორტო საქმიანობად ამ ახალგაზრდების მონებად გაყიდვა იქცა.
კონდრატე თათარაშვილის „მამლუქი“ და ჩვენი რწმენა, რომ აუცილებლად ბოროტი ფეოდალები ან შემოსული მარბიელი ჯგუფები იტაცებდნენ ქართველ ბავშვებს გასაყიდად, ნაწილობრივი სიმართლეა; სრული სიმართლე კი ის არის, რომ თავად მშობლებსაც მიჰყავდათ საკუთარი შვილები გასაყიდად. ქრისტეფორე კასტელს და სხვებსაც, ეს აღწერილი აქვთ. საზოგადოება დეგრადირდა, ცივილიზაციურად ჩამორჩა.
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველო დიდ იზოლაციაში ექცევა, ევროპაში ცივილიზაციისა და მოდერნიზაციის სწრაფი პროგრესი იწყება. ამ პერიოდიდან ევროპა სამყაროს ცენტრი ხდება. მეთხუთმეტე საუკუნის შუაში, იოჰანეს გუტენბერგი სტამბას იგონებს და წიგნის მასობრივი ბეჭდვა იწყება. მანამდე წიგნი ხელით იწერებოდა, ძალიან ძვირი ღირდა და ძალიან ცოტა იყო. ხელნაწერი წიგნებით საყოველთაო განათლების სისტემის დანერგვა შეუძლებელი იყო, მაგრამ წიგნის ბეჭდვამ სკოლების გამრავლება გამოიწვია. 350 წლის განმავლობაში მიმდინარე ამ პროცესის შედეგად, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, მაგალითად, ინგლისში, მოსახლეობის თითქმის 100%-მა იცოდა წერა-კითხვა.
რა ხდებოდა ამ დროს ჩვენთან? ჩვენ ხომ ოსმალეთის გარეუბანი ვიყავით, ოსმალეთში კი, სასულიერო პირებმა წიგნის ბეჭდვა ღვთის გმობად გამოაცხადეს და მასზე უარი თქვეს. პირველი წიგნი ოსმალეთში ბეჭდვის გამოგონებიდან 350 წლის შემდეგ, 1791 წელს დაიბეჭდა. შესაბამისად, წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი იქ 3-4%-ს არ აჭარბებდა. ასეთი ვითარება იყო ჩვენთან. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსემ სცადა ამ მდგომარეობის გამოსწორება, გადაახტა ოსმალეთს და რუმინეთიდან სტამბა შემოიტანა, ორი წიგნი დაიბეჭდა, დაიწყო სამეცნიერო საქმიანობა, მაგრამ სულ რაღაც 15 წელიწადში, მას მოუწია თავადაც გაქცეულიყო ქვეყნიდან და თან წაეყვანა თითქმის ყველა, ვინც წერა-კითხვა იცოდა. დავრჩით იმავე მდგომარეობაში. წერა-კითხვის ცოდნა იმას ნიშნავს, რომ ასეთ საზოგადოებას ბევრად მეტი შემოქმედება შეუძლია, ვიდრე უცოდინარს. აქედან გამომდინარე, ოსმალეთი ჩამორჩა, მისი კონკურენტი იმპერიები კი გაძლიერდნენ, ბევრჯერ დაამარცხეს ომებში და დაშალეს. იქვე, უუფლებოდ ვიყავით ჩვენც.
მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისში ინდუსტრიული რევოლუცია ჩაისახა - ადამიანი ხელით წარმოებიდან ქარხნულ წარმოებაზე გადავიდა. ამან გამოიწვია პროდუქციის გაიაფება, მასობრიობა, ხელმისაწვდომობა. ყველაზე მეტად ამით ინგლისმა ისარგებლა, რომელიც თავის იაფ პროდუქტს მთელ ევროპაში ყიდდა. წერა-კითხვამ და ინდუსტრიულმა რევოლუციამ აქციეს ბრიტანეთი მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე ძლიერ იმპერიად, ყველაფერი დანარჩენი (მაგალითად, ძლიერი ფლოტი) ამის შედეგი იყო. ეს მიღწევები სწრაფად მოედო დანარჩენ ევროპას, მაგრამ საქართველომდე მოსასვლელ გზაზე ყრუ კედელი იყო აღმართული და ეს ამბები არც გაგვიგია. მაგალითად, როდესაც ლონდონში 1863 წელს მეტრო ამოქმედდა (თბილისში მხოლოდ 1966 წელს), საქართველოს ტერიტორიაზე ბატონ-ყმობაც კი არ ყოფილა გაუქმებული, ისევ ღრმა შუა საუკუნეებში ვცხოვრობდით.
მეთხუთმეტე საუკუნიდანვე იწყება რენესანსი (აღორძინება) ევროპაში. ფერწერაში, ქანდაკებაში, ლიტერატურაში საუკეთესო შედევრები იქმნება - ლეონარდო, რაფაელი, მიქელანჯელო, დანტე ალიგიერი და ბევრი სხვა. ვითარდება მეცნიერება, დგინდება, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, იხედებიან კოსმოსში, ფიქრობენ საფრენი აპარატების შექმნაზე, იგონებენ დენთს და წინ გარბიან. ჩვენთან ამ ამბებს არ მოუღწევია.
ევროპაში შემოდის ჰუმანიზმი, განმანათლებლობა, საფრანგეთის დიდი რევოლუცია უუფლებო ყმიდან ქმნის მოქალაქეს. რას ნიშნავს ეს? ყმა არის წერა-კითხვის უცოდინარი უუფლებო „ნივთი“, რომელიც ბატონმა შეიძლება გაყიდოს, გაცვალოს, თავის ხუშტურზე დასაჯოს. ყმას არავინ ეკითხება, თუ სად იცხოვრებს ის, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი, რა აშენდება მის სოფელში, სად დაიხარჯება ფული და ა.შ. მოქალაქე კი, ყველაფერი ზემოთქმულის აქტიური შემოქმედია. აი, ეს შეცვალა საფრანგეთის რევოლუციამ მეთვრამეტე საუკუნეში და შემდეგ ნაპოლეონის ომების შედეგად გავრცელდა მთელ ევროპაში. ჩვენთან ეს არ მომხდარა. 1917 წელს რუსეთის იმპერიის დანგრევის მომენტისთვის, ფეოდალური ურთიერთობები ისევ დომინირებდნენ; 1921 წელს ბატონი ჩაანაცვლა პარტიამ - ახლა საბჭოთა სახელმწიფო განუსაზღვრავდა ადამიანს, სად ეცხოვრა და სად არ ეცხოვრა, რა ეთქვა და რა არ ეთქვა, რა ესწავლა და რა არ ესწავლა. მართალია, საქართველოს 32-საუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ქართველი ადამიანი ყმობიდან მოქალაქედ 1991 წლის შემდეგ იქცა (ან ცდილობს, რომ იქცეს). მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების განმავლობაში ბევრი ნგრევა და უბედურება იხილა ევროპამ, მაგრამ ეს ორი საუკუნე მისი მცხოვრებლები მოქალაქეები იყვნენ, ჩვენ კი ახლა ვსწავლობთ ამ საქმეს, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ასე ვართ ჩვენც და ასეა რუსეთიც. როდესაც საქართველოში მმართველთა მიერ დამონებულ ადამიანებს ვუყურებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ისტორიული განვითარების თვალსაზრისით ის შუასაუკუნეობრივი ყმა არის; ის მმართველიც შუასაუკუნეობრივი ფენომენია. მერე რა, რომ კალენდარზე ოცდამეერთე საუკუნეა. ისევ ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც კალენდარზე მეცხრამეტე საუკუნე დადგა, მეცხრამეტე საუკუნე იყო საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ ცივილიზაციური განვითარების თვალსაზრისით ჩვენთან ისევ მეთოთხმეტე საუკუნეში იყო საზოგადოება, ხოლო ევროპაში - მეცხრამეტეში. ცივილიზაციური ჩამორჩენა დაგვემართა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა დღემდე ვიმკით.
კალენდარულად რომ ავიღოთ, ჯორჯ ვაშინგტონი და ერეკლე მეორე ერთმანეთის თანამედროვეები იყვნენ, მაგრამ კონსტიტუციონალიზმი, პარლამენტარიზმი, დემოკრატია და ასეთი დებულებები, რომლებიც მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მთელ დასავლეთს მოედო, ჩვენ ახლა გვაქვს სასწავლი.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ჯერ თერგდალეულებმა და შემდეგ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა მამებმა სცადეს მოდერნიზაციის ჩამოტანა უნივერსიტეტებიდან, პროგრესული რუსული და ევროპული ცენტრებიდან. ამიტომ, 1861-1921 წლები იყო „საქართველოს მეორე ოქროს ხანა“. სერგი მესხი „დროებაში“ წერდა ამერიკულ დემოკრატიაზე, ნიკო ნიკოლაძე - ევროპაში ინდუსტრიალიზაციაზე, ვარლამ ჩერქეზიშვილი - ინგლისში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მრავალი სხვა. როგორც სპარსულმა ურდოებმა წალეკეს ვახტანგ მეექვსის მიერ დაფუძნებული სტამბა და სამეცნიერო საქმიანობა, ისე წალეკეს საბჭოთა ჯარებმა 1861 წლის შემდგომ დაწყებული ვესტერნიზაციის პროგრესი 1921 წელს.
ჩვენს სიცოცხლეში მიმდინარე ცვლილებებს შეიძლება დიდად ვერც ვამჩნევდეთ, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება ძალიან გაიზარდა, ცნობიერ მოქალაქეთა რიცხვი თითქმის ნოლიდან ასეულ ათასებამდე გამრავლდა, გვაქვს პროტესტი და მგრძნობელობა, როდესაც მმართველი ცდილობს შუასაუკუნეობრივი ფეოდალივით მოიქცეს. თავს ვაღწევთ იზოლაციას და შემოგვაქვს დასავლური ცოდნა, განათლება. სულ უფრო იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მენტალურად იმავე განვითარების საფეხურზე არიან, რაზეც მათი ევროპელი თანატოლები. ისტორიის საჩუქარია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაგვიჩნდა. ახლა გვჭირდება სწრაფად ვირბინოთ მოდერნიზაციის გზაზე იმ ჩამორჩენის შესამცირებლად, რაც საუკუნეების იზოლაციამ დაგვიტოვა.
ჩვენ პრივილეგირებული ქართველები ვართ, რადგან ერთ-ერთი პირველი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყანაში და არა ყმები; ჩვენ ვცხოვრობთ საკუთარ სახელმწიფოში - საქართველოში. ეს პრივილეგია ჩვენს ბებია-ბაბუებს და მათ ბებია-ბაბუებს არ ჰქონიათ; ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას, თუ უფლებას მივცემთ რუსეთს კიდევ ერთხელ ჩაკეტოს საქართველო გარესამყაროსგან, როგორც ეს ვახტანგ მეექვსის და პირველი რესპუბლიკის შემთხვევებში მოხდა. ჩვენ ვართ თანამედროვე საქართველოს დაბადების შემოქმედები.
ისტორია კარგს დაგვიფასებს, მაგრამ მორიგ იზოლაციასა და ჩამორჩენას არ გვაპატიებს.
ბექა კობახიძე
Comments