სულ ცოტა ხნის წინ, მთელი საქართველო ფეხბურთის ქარცეცხლში გაეხვია - ჩვენი ქვეყნის ნაკრები პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში. გარდა იმისა, რომ ნაკრები ჩემპიონატზე ღირსეულად წარსდგა, თვალში მოგხვდებოდათ ქართველი გულშემატკივრის სიმრავლეც გერმანიის ქუჩებში. ეს კი ყველაზე თვალსაჩინო ჩეხეთთან დაპირისპირების წინ იყო, როცა ქართველი გულშემატკივრის ზღვა მიედინებოდა ჰამბურგის მოედნისკენ. თუ უეფას მონაცემებს დავუჯერებთ, სულ მცირე, 50.000 ქართველმა მოახერხა ჩვენი ნაკრებისთვის ადგილზე ეგულშემატკივრა.
ვიზალიბერალიზაციის პირობებში, ყველამ, ვისაც გულშემატკივრობის სურვილი ჰქონდა და მატჩზე დასასწრები ბილეთის ყიდვა მოახერხა, მარტივად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე შეძლო გერმანიაში ჩასვლა.
ვიზალიბერალიზაცია ის სიკეთეა, ევროკავშირთან დაახლოებამ რომ მოგვიტანა 2017 წელს და ამ დრომდე რომ გვიმარტივებს დანარჩენ ევროპასთან კავშირს, თუმცა, თუ ევროკავშირის მესვეურებს მოვუსმენთ, ამ დიდ მონაპოვარს, შეიძლება მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო, მალე საფრთხე დაემუქროს, რაც დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაგვაბრუნებს ძველ, საბჭოთა გარემოში, საიდანაც ევროპისკენ გზა ხსნილი აღარ იქნება.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წელს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ, ამ თარიღიდან მოყოლებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, 180-დან 90 დღის განმავლობაში, უფლება აქვს იმოგზაუროს შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში.
წლების წინ, ვიზალიბერალიზაციამდე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წასასვლელი ტურისტული ვიზა რომ მიგეღოთ, ლამის ცხრათავიანი გველეშაპის დამარცხება იყო საჭირო - იმ ქვეყნის საელჩოში განაცხადის შესატანად ვიზიტის დაჯავშნა, რაც რიგების გამო არც ისე მარტივი გახლდათ, შემდეგ განაცხადის შეტანა, რომელიც უამრავ საბუთს მოითხოვდა და ვიზის ლოდინი, რომელიც, შეიძლება, სულაც არ დასრულებულიყო სასურველი შედეგით.
ჩვენთვის, ვიზალიბერალიზაცია არასდროს ყოფილა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება. სწორედ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაგვიჩნდა ხელშესახები განცდა იმისა, რომ ევროკავშირი, ანუ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების კავშირი შორს არ არის, რომ ჩვენსა და მათ შორის ბარიერი აღარ არსებობს და თუკი მოინდომებ, რომ ხვალ ბერლინში, ლისაბონსა ან ვენაში იყო, ამისთვის ვიზის მისაღებად გრძელ რიგში ჩადგომა აღარ გჭირდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი მთავარი სიკეთე, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა, ის გახლავთ, რომ ბევრი ავიაკომპანია დაინტერესდა საქართველოთი და მათმა ბაზარზე შემოსვლამ, ევროპის ქალაქებისკენ გასაფრენი ბილეთების ფასი შეამცირა.
7 წელი გავიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებიდან. ამ 7 წელში, მილიონამდე ქართველმა ისარგებლა ამ სიკეთით. ბუნებრივია, მათგან დიდი ნაწილი ტურისტული მიზნებით წავიდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - რომში, პარიზში თუ ვენაში მოგზაურობა ხომ უამრავი ადამიანის ოცნება იყო. ზოგმა სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენა თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ზოგმა კვალიფიკაცია აიმაღლა, ზოგმა კი ევროპაში სამუშაოდ წასული, წლობით უნახავი მშობლებისა თუ ოჯახის წევრების გულში ჩახუტება შეძლო.
ნანა ბაგალიშვილი მათ შორისაა, ვინც ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა. ნანა გვიყვება, რომ დედამ ის და მისი ძმა 90-იან წლებში გააჩინა და უმძიმეს პერიოდში მოუწია მათი გაზრდა. დედას არც მის შემდეგ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება, ამიტომ, საკუთარი ბიუჯეტით ვერასდროს იმოგზაურებდა ევროპაში და ვერ ნახავდა, როგორ ცხოვრობენ ევროკავშირში მისი თანატოლები. რაკი ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, ნანამ დედა 60 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, იტალიაში სამოგზაუროდ დაპატიჟა და ერთად ნახეს, როგორია ევროპული ცხოვრება, გარემო და კულტურა. ნანა გვეუბნება, რომ თუკი ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, დედამისი და მისი თაობა, ევროპაში ვერც სამუშაოდ ჩავა და ვერც სამოგზაუროდ, უფრო ახალგაზრდა თაობას კი ევროპაში სწავლის შესაძლებლობები შეუმცირდება, რადგან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ცივილიზაციასთან რკინის ფარდა იქნება.
არ გეგონოთ, რომ ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ იმ ადამიანებმა ისარგებლეს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტურისტულად ესტუმრნენ.
ვიზალიბერალიზაცია შეეხო ათასობით ადამიანს, რომელიც კვლევითი თუ მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ევროპაში. მათ შორის არის ნინო ბაშარულიც, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების ტექნიკური ინჟინერია. როგორც ნინო გვიყვება, 2013 წლიდან მოყოლებული, მისი სამსახური მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირში მოგზაურობასთან, იქ განათლების მიღებასა და გადამზადების გავლასთან, რომელსაც ნინო, შემდგომ, საქართველოში სამედიცინო სფეროს განვითარებას ახმარს. მისი თქმით, სწორედ ვიზალიბერალიზაციის წყალობით აიცილა თავიდან საელჩოებთან რიგში დგომა, და უამრავი ფორმალური დოკუმენტის შეგროვება, რომლებიც მულტივიზის შემთხვევაშიც კი, მინიმუმ 1-2 წელში განახლებას საჭიროებდა. ასევე აირიდა თავიდან მესაზღვრის უსიამოვნო კითხვები - თუ რატომ ესტუმრა უფრო მეტჯერ ერთ-ერთ ქვეყანას, როცა ვიზა სხვა საელჩოს მიერ არის გაცემული და დაზოგა ისეთი ხარჯები, როგორიცაა საელჩოს მომსახურების თანხა, ფოტოს, დოკუმენტებისა თუ ნოტარიული თარგმანებისთვის მოსამზადებელი თანხა.
თავის გამოცდილებას გვიზიარებს გიორგი ბენაშვილიც, რომელიც „ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის“ ხელმძღვანელია და ქართველ ახალგაზრდებს შემეცნებითი და სასწავლო ვიზიტების შესაძლებლობას სთავაზობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც გიორგი იხსენებს, ვიზალიბერალიზაციის შემოსვლამდე, ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით წამსვლელი 20 კაციანი ჯგუფისთვის კარგა ხანს ელოდებოდა ვიზებს და მათგან რამდენიმეს უარიც კი მოუვიდა. მას შემდეგ კი, რაც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჯამში, ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 30-ჯერ მაინც ეწვია ბრიუსელს, სტრასბურგს, ვენას, ბერლინსა და ცერნს.
ორგანიზაციის სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, ჯამში, 300-მდე ახალგაზრდა ესტუმრა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გერმანიისა და ავსტრიის პოლიტიკურ ცენტრებსა თუ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას. გიორგის აზრით, ვიზალიბერალიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართველი ახალგაზრდების პერსპექტივა უვიზოდ, გამარტივებული წესებით იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და თავად, როგორც არაფორმალური განათლების სფეროში არსებული ასოციაციის ხელმძღვანელი, უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას აქტიურად იყენებს ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროექტის დასაგეგმად. ამ პროექტების ძირითადი მიზანი კი ევროპული გამოცდილების, ცოდნისა და პროფესიული ორიენტაციის გაცნობა და მათი საქართველოში გამოყენებაა.
ვიზალიბერალიზაციამ ხელი შეუწყო იმასაც, რომ ორ ქვეყანაში გახლეჩილი ოჯახები, უფრო ხშირად ახერხებენ ოჯახის წევრებს ესტუმრონ, ისე როგორც ეს მარიამ ვარძელაშვილის შემთხვევაშია. მარიამი წარმატებული ქართველი პიანისტია, რომელიც ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც მარიამი გვეუბნება, მთელი მისი ოჯახი სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით, მარიამთან სტუმრად ჩამოდიან და მერე ევროპის სხვა ქალაქებში ერთად მოგზაურობენ. მარიამი წუხს, რომ ვიზალიბერალიზაციამდე, მისი ოჯახის წევრები, ვიზის მიღების სირთულის გამო, მისი ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან ეპიზოდს გამოაკლდნენ, მაგალითად, დიპლომის გადაცემის ცერემონიასა და მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში მის გამოსვლას. მარიამი იხსენებს, რომ ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის დღეს, სიხარულისგან, გაუჩერებლად ტიროდა და იგივე ემოცია ექნება მომავალშიც, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
ევროპული ჯანდაცვის სისტემა რომ გამართულია და საქართველოში დასმული დიაგნოზის შემდეგ, ქართველები, ხშირად, ევროპულ ქვეყნებში მიდიან სამკურნალოდ, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ნანა გობეჩია, რომელიც თავად წლებია გერმანიაში ცხოვრობს, ქვეყანაში, რომელსაც ასეულობით ქართველი პაციენტი სტუმრობს ყოველთვიურად და ქვეყანაში, რომელმაც უამრავ ქართველ პაციენტს აჩუქა სიცოცხლე. ნანა ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციამ ქართველ პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, ბევრად გაუმარტივა სამკურნალოდ გერმანიაში ჩასვლა. ვიზალიბერალიზაციამდე, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა, მიუხედავად კლინიკის წერილისა, პაციენტზე ან მის თანმხლებ პირზე ვიზა არ გაიცემოდა. ნანა იხსენებს შემთხვევას, რომლის დროსაც, მიუნხენის საავადმყოფოში მყოფი, ლეიკემიით დაავადებული გოგონას დედას, თბილისში, გერმანიის საელჩოში, ვიზაზე, პირველ ჯერზე უარი უთხრეს, არადა, მისი შვილი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. პაციენტის დედამ, ქართული დიასპორის დიდი აქტიურობისა შემდეგღა მოახერხა ვიზის მეორე ჯერზე აღება და შვილთან ჩამოსვლა. დღეს კი, ვიზალიბერალიზაციის პირობებში, ეს პრობლემა აღარ არსებობს.
ავსტრიაში მცხოვრები ქრისტინე ჭელიძისთვის, ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან მისი მშობლები, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ ავსტრიაში ჩასვლას. ეს კი ძალიან ეხმარება ქრისტინეს შვილს, რომ ბებია-ბაბუის სიყვარულში გაიზარდოს და ამასთანავე მათთან ხშირად ყოფნით, ქართული ენაც გაიუმჯობესოს.
არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე ქართველი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, იტალია და საბერძნეთია, ათასობით ქართველი შრომითი მიგრანტია, რომელთაც, ხშირად, იქ ლეგალურად ყოფნის უფლების არქონის გამო, არ შეუძლიათ, საზღვრის კვეთა და მონატრებულ ოჯახებთან სტუმრად ჩამოსვლა. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ახლა უკვე ოჯახის წევრებს შეუძლიათ, ემიგრანტებთან გამარტივებულად, სტუმრად ჩასვლა.
ალბათ, თქვენს ირგვლივაც ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, რომელსაც რაღაც ფორმით, ვიზალიბერალიზაციით არ უსარგებლია - ეს იქნება სამოგზაუროდ, სასწავლებლად წასვლა თუ ევროპაში მცხოვრები ოჯახის წევრების სტუმრობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ან გაუქმების საშიშროების წინაშე დავდგებით, სხვა ყველაფერთან ერთად, წყალში ჩაიყრება მთელი ჩვენი ქვეყნის პროგრესი, რის საფუძველზეც ვიზალიბერალიზაცია მოგვანიჭეს, რადგან, ვიზალიბერალიზაცია ჰაერიდან არ მოსულა და ევროკავშირი მას იმ ქვეყნებს ანიჭებს, რომლებიც უახლოვდებიან ევროკავშირის ღირებულებებს, მაგრამ, ასევე შეუძლია მისი შეჩერება, როცა ხედავს, თუ როგორ შორდება ქვეყანა ევროკავშირს. ზუსტად ამ ზღვარს გავდივართ ახლა. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით კი დავზარალდებით თითოეული ჩვენგანი და დაზარალდება ჩვენი ქვეყანა, რომელიც მოსწყდება დემოკრატიულ სამყაროს.
ავტორი: სალომე სალაძე