top of page

რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირს ქართული განათლებისთვის

Updated: Aug 12


ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, დიდ როლს ასრულებს როგორც წევრ, ასევე არაწევრ სახელმწიფოებში, უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში. ევროკავშირის მიდგომა არაწევრი ქვეყნების მიმართ მრავალმხრივია და მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, ეკონომიკურ თანამშრომლობასა თუ განვითარებაში დახმარებას.

წინა სტატიებში ვისაუბრეთ ევროკავშირის წვლილზე, არაწევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებასთან მიმართებით. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ იმაზე, თუ რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ევროპას და

ევროპულ ღირებულებებს, რ როლს ასრულებს ევროკავშირი ახალგაზრდების განათლებაში და რას გვთავაზობს ის. ვისაუბრებთ ევროპული განათლების ღირებულებებზე და იმაზე, თუ როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული საგანმანათლებლო სისტემა.


საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა განათლებაა. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოს განვითარებასა და ფუნქციონირებაში, რაც ხელს უწყობს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტს, ყველა სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ახალ თაობას შეუქმნას პირობები და მისცეს შესაბამისი, ხარისხიანი განათლება. ხარისხიანი განათლება კი, ქართველი ახალგაზრდების აზრით, სწორედ რომ ევროპიდან მიიღება. ამიტომაც, ბევრი ახალგაზრდა თანხმდება იმაზე, რომ ევროპულ განათლებას არ ჰყავს კონკურენტი. ამის მიზეზად კი ასახელებენ იმ შესაძლებლობებს. რასაც გვთავაზობს ევროპა და ევროკავშირი.


ევროპული განათლება გვთავაზობს იმ რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან:


მაღალი აკადემიური სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას.


პროგრამების მრავალფეროვანი სპექტრი: ევროპული უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა დისციპლინაში. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა სფერო, რაც მათ საშუალებას აძლევს წარმატებით განახორციელონ თავიანთი ინტერესები და კარიერული მიზნები.


კულტურული მრავალფეროვნება: ევროპა არის მრავალფეროვანი კულტურისა და ენის თავმოყრის ადგილი. მრავალფეროვანი გარემო კი სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ხელს უწყობს გლობალურ პერსპექტივებს.


ენების შესწავლა: ევროპის მრავალი ქვეყანა გვთავაზობს პროგრამებს ინგლისურ ენაზე, რაც განათლებას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო სტუდენტებისთვის. თუმცა სტუდენტებს ასევე აქვთ შანსი ისწავლონ და გაიუმჯობესონ ცოდნა სხვა ენებში, რაც ხელს უწყობს მათ ენობრივ უნარებსა და კულტურულ ადაპტირებას.


კვლევის შესაძლებლობები: ევროპის უნივერსიტეტები ხშირად არიან კვლევისა და ინოვაციების წინა პლანზე. სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი საშუალებებით და ინოვაციურ კვლევით პროექტებში ჩართულობით, რაც აძლიერებს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.


მობილობის პროგრამები: ევროკავშირი ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას ისეთი პროგრამების საშუალებით, როგორიცაა Erasmus, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ მრავალ ქვეყანაში აკადემიური მოგზაურობის დროს. ეს კი აფართოებს ახალგაზრდების პერსპექტივებს და ხელს უწყობს გლობალურ აზროვნებას.


ცხოვრების ხარისხი: ევროპის მრავალი ქალაქი გთავაზობთ ცხოვრების მაღალ ხარისხს, რომელიც აერთიანებს შესანიშნავ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, მდიდარ კულტურულ გამოცდილებას, რეკრეაციულ აქტივობებს და ზოგადად უსაფრთხო გარემოს სტუდენტებისთვის.


ხელმისაწვდომობა: ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში განათლება უფრო ხელმისაწვდომია სხვა პოპულარულ სასწავლო მიმართულებებთან შედარებით, როგორიცაა შეერთებული შტატები. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სტიპენდიის პროგრამა და ფინანსური დახმარებები, რომლებიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.


ბოლო წლებში საქართველომ განიცადა ტრანსფორმაცია განათლების სექტორში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაღრმავებულმა თანამშრომლობამ გააჩინა დამატებითი შესაძლებლობები ქართველებისთვის. სხვადასხვა პროგრამისა და ინიციატივის მეშვეობით ევროკავშირი მიზნად ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებას სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებით. ამან გააფართოვა ჰორიზონტი ქართველი სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა უზრუნველყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება, რაც ხელს უწყობს სკოლებისა და უნივერსიტეტების გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობაში, გახსნა კარი ქართველი სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და საზღვარგარეთ სწავლისთვის.


ევროკავშირის საგრანტო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში, საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო. 2013 წლის ჩათვლით მოქმედებდა ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ჟან მონეს პროგრამები, რომლებიც ამჟამად ახლად შექმნილი გაერთიანებული პროგრამის, Erasmus+ შემადგენელი ნაწილებია. Erasmus + ხელს უწყობს გაცვლით პროგრამებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, წავიდნენ საზღვარგარეთ, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ერთობლივ ღონისძიებებში, შეისწავლონ უცხო ენები და ა.შ. 




საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.  


მობილობის შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და ყველა მიმართულებით, სხვადასხვა ვადით, 2-დან 12 თვემდე. მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე, იმ ევროპული ქვეყნის სიძვირის მიხედვით, რომელშიც მიდიან მობილობით.


სასწავლო პერიოდში Erasmus + სტუდენტები განთავისუფლებულნი არიან სასწავლო გადასახადისგან მიმღებ უნივერსიტეტში:      რეგისტრაციისა და გამოცდებისთვის, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების მოხმარებისთვის.


ამ ეტაპზე 37 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამშრომლობს ევროპის 33 ქვეყნის უნივერსიტეტთან. ამ პროგრამაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის და პირველ ათეულში მეექვსე ადგილზეა. წარმატება კი იმით იზომება, თუ რამდენმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო გაცვლით პროგრამასა თუ მობილობაში მონაწილეობა.

ამჟამად შვიდი ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს Erasmus Mundus Joint Master Degree რვა პროგრამაში, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ, მიიღონ გამოცდილება და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლება, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ქართული უმაღლესები აქტიურად თანამშრომლობენ 241 ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორის ყველაზე წარმატებით თანამშრომლობს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ საქართველოდან წამსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის, არამედ საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა ხდება ევროპული აკადემიური საზოგადოებისათვის.


ევროკავშირის სხვადასხვა გაცვლითი თუ მობილობითი პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება. ეს არის შესაძლებლობა გაიფართოო თვალსაწიერი და ეზიარო ევროპულ განათლებას, კულტურასა და ღირებულებებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მოქალაქისა და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.


ავტორი: მარიამ ჯინჯოლავა

19 views

Comments


bottom of page