top of page

რედაქტორის წერილი

Updated: Oct 17, 2023

ყველას, ვისაც ეს გაზეთი წასაკითხად ხელთ ჩაგივარდებათ, ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი ამბავი ევროკავშირის შესახებ. თქვენ თუ არა, თქვენ ირგვლივ მაინც იქნება ვინმე ისეთი, ვისაც ევროკავშირის სიკეთით უსარგებლია - სულ მცირე, სასწავლებლად ან სამოგზაუროდ მაინც ყოფილა მის რომელიმე ქვეყანაში.


ევროკავშირში გაწევრიანება რომ ჩვენი, ქართველების უცილობელი მიზანია, ამაზე უმრავლესობა ვთანხმდებით. იმაზეც ვთანხმდებით, რომ გვინდა ყველა იმ სიკეთით ვისარგებლოთ, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ტკბებიან - უსაფრთხოებით, სამართლიანობით, ხარისხიანი ჯანდაცვითა და განათლების სისტემით, მაღალი შემოსავლით, უმუშევრობის დაბალი დონითა თუ პენსიაში გასვლის შემდეგაც კი მსოფლიოს მოვლით. შეიძლება ახლა ჩაგეცინათ კიდეც - ეგ დრო ჩვენთან როდის დადგებაო, მაგრამ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე, სწორედ ესაა - ადამიანებს ღირსეულად ცხოვრებისთვის საჭირო გარემო შეუქმნას და სწორედ ამიტომ გვინდა, რაც შეიძლება მალე შევუერთდეთ მათ.


ახლა ჩვენს ქვეყანას ისტორიული დრო უდგას. სულ მალე, დეკემბერში გადაწყდება, დავიმსახურებთ თუ არა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს და დავადგებით თუ არა იმ გზას, რომლის ბოლოშიც უფლება მოგვეცემა გავხდეთ ევროგაერთიანების სრულუფლებიანი წევრები.


ამ გაზეთის მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ თქვენამდე მოიტანოს ნამდვილი ამბები ევროკავშირზე და იმაზე, თუ რატომ არის ის კეთილდღეობის, მშვიდობის, განათლების, კულტურისა და ტრადიციების გაერთიანება, რის გამოც ღირს, თავი არ დავზოგოთ და მისკენ სვლა არ შევწყვიტოთ.


გაზეთი „მაშასადამე, ევროპელი“ თვეში ერთხელ გამოვა, ამ თვის ნომერში კი ნარჩევი ამბები მოგიმზადეთ. პირველ რიგში, მოგიყვებით იმის შესახებ, რომ საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო და ამის დასტურად სამ ძალიან მნიშვნელოვან, ძველ ევროპულ რუკას წარმოგიდგენთ. შემდეგ კი კანდიდატის სტატუსზე მოგახსენებთ - რა უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა მის მოსაპოვებლად და რა სიკეთე მოუტანა სტატუსმა სხვა ქვეყნებს. მშვიდობაზეც ვისაუბრებთ, იმ მშვიდობაზე, ევროკავშირში რომ თითქმის 70 წელია სუფევს და ამის გამო, ევროკავშირს თამამად რომ შეგვიძლია მშვიდობის კავშირი ვუწოდოთ. ასევე შევეხებით ევროკავშირში არსებულ განათლების ხარისხსაც და მოგითხრობთ, როგორია იქ მცხოვრები ქართველების სტუდენტური ცხოვრება. ევროპულ ტრადიციებსაც გაგაცნობთ, ბოლოს კი, ტკბილ ლუკმად, „ევროპის მოამბეს“ შემოგთავაზებთ.


ასე რომ, გამოგვყევით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.


სალომე სალაძე

ვენა, ავსტრია

68 views
bottom of page