top of page

რუსული კანონი - დუბლი 2

Updated: May 8


გასული წლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დააინიცირა კანონი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ამ ტექსტში ვუწოდებთ რუსულს, რადგან ის, თავისი კონტექსტით, შინაარსით, მიზნებითა და ამოცანებით რუსულია. ამ კანონის მიღების მიზანი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განადგურება, საქართველოს დასავლური, განვითარებული სამყაროსგან მოწყვეტა და ტოტალიტარულ, დახურული რეჟიმის სახელმწიფოდ ქცევაა.


კანონის მიღების ამოცანა 2024 წელსაც იგივეა, რაც 2023 წელს იყო - დემოკრატიის დასრულება საქართველოში.

2012 წელს რუსეთში „უცხოელი აგენტების“ შემოღების მთავარ მიზეზად „გამჭვირვალობა“ სახელდებოდა“ - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის  დასკვნაში, რომელიც ამ კანონის გაფართოების მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავდა. კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რუსეთის კანონმდებლები და მაღალი თანამდებობის პირები ჯერ კანონის მიღებას, შემდეგ მის გაფართოებას და ცვლილებებს დაჟინებით „გამჭვირვალობის“ საჭიროებით ასაბუთებდნენ.


დღეს, მმართველი პარტია, რომელიც აპელირებს გამჭვირვალობაზე, საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ზუსტად იმავე მეთოდებით ცდილობს, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი და პარტია „ედინაია რასია“ ახერხებდა 12 წლის წინ.


გასულ წელს, რუსული კანონის „კეთილშობილურ მიზნებში“ დასარწმუნებლად კანონის მიღებისას მმართველი პარტია ირწმუნებოდა, რომ „აგენტი“ სულაც არ არის ცუდი სიტყვა და ის უნდა გავიგოთ როგორც „დაზღვევის აგენტი“ ან „საგადასახადო აგენტი“. ეს არგუმენტებიც სიტყვა-სიტყვით ვლადიმერ პუტინის ლექსიკონიდან იყო. რეალური მიზნები კი, კანონის ინიცირებამდე ხელისუფლების დეზინფორმაციის კამპანიაში იკითხებოდა. სახელისუფლებო პროპაგანდა, ექსპერტების სახელით აგენტებსა და მოღალატეებს უწოდებდა აშშ-ის და ევროკავშირის ფონდების დახმარებით ქართული დემოკრატიისთვის მომუშავე ადამიანებს და ორგანიზაციებს, რითაც ცდილობდა კანონის მიღებამდე საზოგადოებაში ნეგატიური  განწყობები შეემზადებინა.



„სამართლიანი არჩევნები“, 2022 წელი


პროპაგანდის ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და მასობრივი სახალხო პროტესტის და აქციების ფონზე, მმართველ პარტიას პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ჩაგდება მოუწია, რასაც მოჰყვა საჯარო დაპირება, რომ ხელისუფლება ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა. 

 

ხელისუფლებას კანონის მიღება არასდროს გადაუფიქრებია

ბოლო ერთ წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიაზე მორიგი დარტყმის მოსამზადებლად. როგორც ჩანს, ხელისუფლების გათვლით ეს ნაბიჯები სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმდენად დამაზიანებელი უნდა ყოფილიყო, რომ კანონის მიღებისთვის ხელი ვეღარაფერს უნდა შეეშალა. 

 

პირველი, დასავლელი დონორების დაშინების მიზნით, სუსის გამოძიების ფარგლებში ტრენინგების ჩანაწერი გამოქვეყნდა და საზოგადოებას ღია თუ ირიბი მინიშნებებით არწმუნებდნენ, რომ აშშ და დასავლეთი საქართველოში არეულობებს ან რევოლუციას ამზადებდა.


მეორე, რასაც ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა, იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაპირისპირება სხვადასხვა პლატფორმაში მიწვევა-არ მიწვევით, მათი „კონსტრუქციულებად“ და „დესტრუქციულებად“, „მდიდრებად“ და „ღარიბებად“, „ელიტარულად“ და „არაელიტარულად“ შერაცხვით. ახალგაზრდული ორგანიზაციების დემონიზება, ტრენინგების ჩაშლის მცდელობები და მათთვის ძალადობის, ექსტრემიზმის იარლიყის მიკერება.

 

მესამე, ხელისუფლებამ გააძლიერა პროპაგანდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერების ნაცვლად, ავტორიტარული პოპულიზმის გზას ადგა.

 

მეოთხე, ხელისუფლება არწმუნებდა დონორ ორგანიზაციებს არ გაეგრძელებინათ/დაეგეგმათ და გადაეხედათ დაფინანსების გაცემისთვის, რაც ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას არ ემსახურებოდა.


მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება სათანადოდ დახლიჩა, დაასუსტა, „გააშავა“ და გამოფიტა, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, ხელახლა წარმოადგინა რუსული კანონი, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გაუქმებას უმარტივესად შეძლებს იმ რეპრესიული ინსტრუმენტებით, რაც რუსულ კანონპროექტშია წარმოდგენილი.

 

1.   ორგანიზაციების ნებაყოფლობითი და იძულებითი რეგისტრაცია უცხო ძალების ინტერესების გამტარებელთა რეესტრში

უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი - აგენტის იარლიყის მატარებელია, ტელეეთერებსა და ფეისბუქ სტატუსებში მმართველი პარტიის დეპუტატებს და ექსპერტებს კანონპროექტზე საუბრისას არაერთხელ წამოსცდენიათ სიტყვა „აგენტი“. ორივე ეს იარლიყი უცხოა დამოუკიდებელი საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის. წარსული ტოტალიტარული გამოცდილებიდან კი, ის ისეთ მძიმე შინაარსს ატარებს, როგორიც არის „ხალხის მტერი“.

 

2.   არაგეგმიური მონიტორინგი

არაგეგმიური მონიტორინგი არის ერთ-ერთი იარაღი, რამაც მიზანში ამოღებული ორგანიზაციების საქმიანობის სრული პალარიზება, დასაქმებულთა დემორალიზება, დაშინება და შედეგად საქმიანობის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს.

 

3.   დასმენის ინსტიტუტი

დასმენის შესაძლებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული არაგეგმიური მონიტორინგის შესაძლებლობასთან და დამატებით, მიზნად ისახავს ორგანიზაციების რეპუტაციის განადგურებას.

 

4.   პერსონალური მონაცემების შეგროვება

მონიტორინგი მათ შორის გულისხმობს ორგანიზაციის დასაქმებულებზე ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. რუსეთის რეალობაში, ეს პერსონალური მონაცემები გულისხმობდა  დასაქმებულების სამედიცინო ისტორიების მიღებასაც, მაგალითად, რენტგენის მონაცემების შეგროვებას, სამუშაო ადგილზე ჩხრეკვებს და ა.შ.


ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები და სამთავრობო მედიების მხრიდან ჩასაფრებები, დისკრედიტაციის კამპანია ქუჩებსა და სოციალურ მედიაში, დემონიზების მცდელობა - ერთადერთი განსხვავება, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კრემლის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამდე აშორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ სპეციალური კანონების მიღებაა.

 

ავტოკრატიისკენ გაკვალული გზა

2012 წლიდან რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა მედიის, არარეგისტრირებული ჯუფების და კერძო პირების საქმიანობის შეზღუდვის, დევნის და დადუმების იარაღი. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შექმნა გადაულახავი ბარიერები, ფორმალობები და პირობები, რამაც ფაქტობრივად ჩაახშო კრიტიკული ხმა.

 



  სანამ სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა ადგილობრივ ორგანიზაციებამდე მივიდოდა, უფრო ადრე, ქვეყნიდან ამერიკის მთავრობის ფონდები განიდევნა.

თორმეტი წლის წინ, 2012 წლის სექტემბერში, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) გააფრთხილა შეეწყვიტა ყველა პროექტი და სრულად გაეუქმებინა რუსეთის მიმართულების პროგრამა. USAID რუსეთში 1992 წლიდან ცდილობდა სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ქვეყანას დემოკრატიულ გარდაქმნებში დახმარებოდა.


2 თვის შემდეგ რუსეთმა მიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ რომელმაც მსუსხავი ეფექტი იქონია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე. კანონი იმდენად სავსე იყო ბარიერებით, რომ მათი დაძლევა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში კი, კანონი უფრო და უფრო დამძიმდა და ის გავრცელდა არა მხოლოდ ენჯეოებზე, არამედ მედიასაშუალებებზე და რიგით ადამიანებზე, რომლებიც აკრიტიკებდნენ არსებულ სისტემას.

შედეგად, ორგანიზაციების დიდი ნაწილი რუსეთში ვეღარ საქმიანობს.


რუსული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელ აგენტად ითვლება: არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას ან/და სხვა ქონებას იღებს უცხო სახელმწიფოსგან, მისი ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებისგან, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისგან, მოქალაქეობის არმქონე პირისგან ან მათი სახელით მოქმედი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფიზიკური თუ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან, რომელიც დაფინანსებას ან ქონებას იღებს მათგან ან მოქმედებს როგორც შუამავალი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავებულია პოლიტიკური საქმიანობით, მათ შორის უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.


არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამ კანონით დაწესებული ბარიერები მოიცავს ვალდებულებას წარადგინონ რეგულარული ანგარიშები თავიანთი დაფინანსების, მიზნების, საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ და ამასთანავე, გაიარონ წლიური აუდიტი და მზად იყვნენ დაუგეგმავი ინსპექტირებისთვის. კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს თავის მასალებში, ანგარიშებში, პუბლიკაციებში მკაფიოდ მიუთითონ, რომ არიან „უცხოელი აგენტები“.

2017-2019 წლებში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა მედიასაშუალებებსა და კერძო პირებზეც გავრცელდა. მედია საშუალებები, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ უცხოური დონორებისგან, ენჯეოებისთვის გამიზნულ შეზღუდვებს დაექვემდებარნენ, ხოლო კერძო პირების „უცხოელ აგენტად“ გამოცხადებისთვის საკმარისი გახდა პირობა, რომ მათ დაფინანსება მიეღოთ საზღვარგარეთიდან და გაევრცელებინათ რაიმე ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს.

2020 წლის საკანონმდებლო პაკეტთა ცვლილებებით კი შეზღუდვები რამდენადმე დამძიმდა და „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე ორგანიზაციისა თუ პირის საქმიანობა უკიდურესად გაართულა.


ასე იქცა პუტინის რუსეთი მდუმარე უმრავლესობის საზოგადოებად.

 

კანონის პირველი მსხვერპლი

უნდა ითქვას, რომ ეს კანონები პუტინის დუმას საზოგადოებრივი აზრის „მოსამზადებელი სამუშაოების“ გარეშე არ მიუღია, მის წარდგენამდე კრემლის კონტროლის ქვეშ არსებული სატელევიზიო და ბეჭდური მედია არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებისთვის უწყვეტად მუშაობდნენ.


კრემლის პირველი და მთავარი სამიზნე, არჩევნებზე მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაცია „გოლოსი“ და შემდეგ ადამიანის უფლებათა სხვა დამცველი ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ 2011 წლის 26 ნოემბერს, გაზეთმა „რასიისკაია გაზეტა“ (Российская газета) გამოაქვეყნა სტატია (https://rg.ru/2011/11/26/golos.html ) „გოლოსის“ წინააღმდეგ, სადაც ორგანიზაცია ამერიკის მიერ დაფინანსებულ „მეხუთე კოლონად“ მოიხსენიებოდა.


სტატიის ავის მომასწავებელი შინაარსი, როგორც ჩანს, სრულად ამოიკითხა ორგანიზაცია „მემორიალმა“, რომელიც საბჭოთა დანაშაულებს და სტალინურ რეპრესიებს იკვლევს. „მემორიალის“ 2011 წლის „გოლოსის“ მხარდამჭერ განცხადებაში (https://graniru.org/blogs/free/entries/193540.html ) აღნიშნულია, რომ „რასიისკაია გაზეტა“-ს სტატია არაფრით განსხვავდებოდა ანდრეი სახაროვისა და ალექსანდრ სოლჟენიცინის წინააღმდეგ საბჭოთა დამსმენების მიერ შეთითხნილი ანონიმური წერილებისგან.


საინფორმაციო სააგენტო „მედუზას“ კორესპონდენტი, ანდრეი კოზენკო 2015 წელს დეტალურად აღწერდა რეპრესირებული „გოლოსის“ ყოფას და „უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ მოვლენათა განვითარებას (დღეისათვის მედიასაშუალება „მედუზა“ ასევე „უცხოელ აგენტად“ არის აღიარებული).


2012 წელს, რუსეთში მოწინავე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „გოლოსმა“ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისგან ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო მიიღო, რომელიც პრემიად 8500 დოლარს ითვალისწინებდა. ორგანიზაციამ უარი განაცხადა ფულადი ჯილდოს მიღებაზე და გადმორიცხული თანხა ხელუხლებლად უკან დააბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციას თანხა არ მიუღია, გადმორიცხვის ფაქტი საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „გოლოსი“ გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელიც „უცხოელ აგენტად“ გამოცხადდა. ორგანიზაცია 300 000 რუბლით (9630 ათასი დოლარი) დაჯარიმდა იმ მიზეზით, რომ საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდა „უცხოელ აგენტთა“ რეესტრში, ხოლო დირექტორს, ჯარიმის სახით, 100 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.

„მედუზასთან“ინტერვიუში გოლოსის დირექტორი, ლილია შიბანოვა იხსენებს, რომ 2011 წლის სექტემბერში, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების გამოკითხვებით, მმართველ პარტიას - „ერთიანი რუსეთი“ არჩევნებში ხმების 28%-ის მიღება შეეძლო, მაშინ, როდესაც სამთავრობო კვლევითი ორგანიზაციები (რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი და VTsIOM) აცხადებდნენ, რომ პარტიას არჩევნებზე ამომრჩეველთა 47% დაუჭერდა მხარს. რეალურად მოსალოდნელ შედეგსა და პუტინის სასურველ შედეგს შორის რადიკალური განსხვავება მოასწავებდა, რომ არჩევნებზე დარღვევები მასშტაბური იქნებოდა.


საპარლამენტო არჩევნების წინ, „გოლოსმა“ და მედიაორგანიზაცია „გაზეტა.რუ“-მ საარჩევნო დარღვევების ონლაინ რუკა წარმოადგინეს. რუკის მიზანი იყო დარღვევების დოკუმენტირება, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოსყიდვის, კანდიდატების უფლებების დარღვევის, ოქმების გაყალბების, ხმის მიცემის გაყალბების და სხვ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუკა დარღვევებით გადაივსო და უკვე დეკემბრის დასაწყისისთვის მათმა რაოდენობამ 4000-ს მიაღწია.


დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევები რუკაზე წითელ წერტილებად დაიტანებოდა. პროპაგანდისტული „ენ-ტე-ვე“, რომელსაც სურდა ემტკიცებინა, რომ საარჩევნოდ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, დარღვევებს ირონიულად მუწუკებს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ამერიკის დაფინანსებულ ენჯეოებს რუსეთისთვის აკნეს დამართვა სურთ.

სამთავრობო ტელეარხებზე პროპაგანდისტული სიუჟეტები და უცხოეთიდან დაფინანსებაზე მითითება „გოლოსის“ პრობლემების მხოლოდ დასაწყისი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს პერმანენტული ზეწოლა ორგანიზაციაზე და ონლაინ გამომცემლობა „გაზეტა.რუ“-ზე. შედეგად, ონლაინ გამოცემამ რუკა თავისი ვებგვერდიდან ჩახსნა.


საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერს გაიმართა, მანამდე კი, პირველ დეკემბერს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი სასამართლოში გამოიძახეს და 2 დეკემბერს ფინანსურად დააჯარიმეს საარჩევნო რუკაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ხოლო საარჩევნო პორტალის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და მისი აღდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


2011 წლის საპარლამენტო არჩევნებს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაყალბების მრავალრიცხოვანი მტკიცებულება სწორედ „გოლოსის“ მიერ იყო დოკუმენტირებული. საბოლოოდ, პროტესტის განელება კრემლმა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტირებით მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.


2012 წლის მარტში რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სერიოზული პრობლემები დაიწყო.


ზემოთ ხსენებულ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიწყეს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების შემოწმება, რომელიც თითქმის წელიწადს გაგრძელდა, ისინი მივიდნენ ათასობით დამკვირვებელთან, რომლებსაც არჩევნებზე ორგანიზაციისგან მინიმალური სამივლინებო თანხა მაინც ჩარიცხვოდათ. თუმცა საგადასახადო ინსპექტორები გაწბილდნენ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში ფინანსური დარღვევები ვერ აღმოაჩინეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, დარღვევებს ვერც აღმოაჩენდნენ, რადგანაც ორგანიზაციებს, რომლებსაც დასავლური ინსტიტუტები აფინანსებენ, მუდმივად უტარდებათ აუდიტები და, შესაბამისად, ფინანსური დარღვევების რისკები არ არსებობს.


ორგანიზაციას მოუწია არარეგისტრირებულ კავშირად გაეგრძელებინა საქმიანობა და დევნისა და შეზღუდვის პირობებში დღემდე ცდილობს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვას.


მკვლევარი მარტინ რასელი ევროპარლამენტისთვის მომზადებულ მოკვლევაში ეყრდნობა „დოიჩე ველეს“ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, „უცხოელ აგენტად“ 200-ზე მეტი ორგანიზაციაა აღიარებული, მათგან 73 ლიკვიდირებული ან დახურულია. 


გასული წლის დეკემბერში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევის საბაბით ორგანიზაციების -„საერთაშორისო მემორიალის“ და „მემორიალის“ და მისი ფილიალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შემოღებით ორგანიზაციების გაუქმების გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, მაგრამ მას პრევენციული ეფექტი აღარ ჰქონია.

 

საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს რუსეთში ავტოკრატიის დამკვიდრების დინამიკას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების პოლიტიკასაც, რომელმაც სიჩქარე 2011-ში აკრიფა და დღემდე მუხრუჭის გარეშე ვითარდება. როგორც რუსული გამოცდილება აჩვენებს, ამგვარი კანონების მიღების მიზანი დასავლეთსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას შორის კავშირების გაწყვეტა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთაა, რაც ქვეყანას მდუმარე უმრავლესობის საზოგადოებად ქცევას უქადის და შეუთავსებელია დემოკრატიასთან, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ  მისწრაფებებთან.


 ავტორი - ნინო რიჟამაძე

495 views

Comments


bottom of page