
ევროპაში, ამ ცოტა ხნის წინათ, უხვი ნალექი მოვიდა, რამაც რამდენიმე ქვეყანაში წყალდიდობა გამოიწვია. მთიან რეგიონებში მეწყერი ჩამოწვა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობა გაიყვანეს. მსხვერპლი მინიმალური იყო და ისიც მოქალაქეების გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული.
ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული რეგიონი ამ დღეებში, ავსტრიის ალპებში, ტიროლის მხარე იყო. რელიეფით ეს მხარე ძალიან წააგავს საქართველოს მთიან რეგიონებს და ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესო იყო, თუ როგორ უმკლავდებიან ავსტრიელები ამ რეგიონში სტიქიას.
ავსტრიის დედაქალაქისგან, ვენისგან მოშორებით, ინსბრუკში (ტიროლის დედაქალაქი), ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კრიზისებისა და კატასტროფების მართვის ცენტრია. მის ხელმძღვანელს საგანგებო შტაბში შევხვდი და დავინტერესდი, თუ როგორ მუშაობს მისი სამსახური.
„ოქტომბრის პირველი კვირის შაბათ დღეს, მთელ ავსტრიაში, 8300 ზე მეტი წინასწარი შეტყობინების საყვირი (სირენა) ერთდროულად ჩაირთვება. ეს ტრადიციაა და შეხსენებაა ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებლისათვის, რომ საფრთხის შემთხვევაში, მზადყოფნაში იყვნენ“ - მეუბნება ტიროლის მიწის (ავსტრიის დასავლეთი) კრიზისებისა და კატასტროფების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ელმარ რიცოლი, 50-ს გადაცილებული, ხმელი, ჭაღარა კაცი, რომელიც მონიტორებისა და ეკრანების ფონზე დგას, სადაც, რეალურ დროში მოდის ინფორმაცია მის საზედამხედველო რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ამ დროს, მთელ ტიროლში და მოსაზღვრე ალპურ ზონაში, წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების გამო საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მისასვლელი გზები ისე დაზიანდა, რომ იქ ჩარჩენილი მოსახლეობისადა ტურისტების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. მძიმე ავადმყოფები სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გამოარიდეს. საშიშ ადგილებში, მეხანძრეები, მაშველები, მოხალისეები და პოლიცია ერთობლივად, გვერდიგვერდ, ჯებირებს აშენებდნენ, დროებით ხიდებსა და შემზღუდავ ღობეებს აგებდნენ, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ბუნებით მიყენებული თუ მოსალოდნელი ზარალი.

რიცოლის ეტყობა, რომ რამდენიმე ღამე არ სძინებია. მაშველის ტანისამოსით, სამხარეო ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის შეკრებაზე მოვიდა. 20 წუთი გამოჰყო ჩემთან ინტერვიუსთვის და მოკლედ აღწერა კრიზისების მართვის ავსტრიული სისტემა: მისი თქმით, კრიზისის მართვა ხალხიდან იწყება, მათი ინფორმირება და მომზადება მნიშვნელოვანია პანიკისა და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
ხალხის გაფრთხილებაც სამსაფეხურიანია: პირველი - თემი, სოფელი, დაბა; მეორე-რაიონისა და ქალაქის დონე; მესამე- სამხარეო, მიწის ცენტრალური(ავსტრია მიწებადაა დაყოფილი), სადაც, მთელი ინფორმაცია იყრის თავს, დაგეგმარება ხდება და საერთო გადაწყვეტილებებს იღებენ.
რიცოლისთან ინტერვიუ 24 საათის განმავლობაში მომუშავე, წინასწარი შეტყობინების ცენტრში ჩავიწერე. ჩვენ გარშემო მონიტორებზე ჩანდარეგიონში განლაგებული რამდენიმე ასეული სადგურის მონაცემი - ამინდი, მდინარეებში წყლის დონე, მყინვარების დნობისათუ მიწის ბიძგების მონაცემები და მათი ცვალებადობა. იქვე, რეალურ დროში ვხედავდით, სად იყვნენ განთავსებულნი სამაშველო, სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მისივე თქმით, მუდმივად აკვირდებიან ენერგოსისტემას, თუ სადმე რამე გაითიშა და შესაკეთებელია, ან პირიქით - უსაფრთხოებისათვის გასათიშია. ასევე, მოსაზღვრე ქვეყნების მომიჯნავე სამსახურებთანაც ცვლიან ინფორმაციას და საერთო ევროპული პროგრამების მეშვეობით, კოსმოსური თანამგზავრებიც ეხმარებიან დაკვირვებაში. ყველაფერი ეს კატასტროფების პრევენციასა და მართვაში დიდად ეხმარება ავსტრიელებს.
ჩემი დაკვირვებით, კრიზისებისა და კატასტროფების მართვის ცენტრში 30-მდე თანამშრომელი მუშაობდა. მათ მხრებზე იყო თითქმის მილიონიანი მოსახლეობის მქონე რეგიონში საგანგებო ვითარების მართვა. ტიროლში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას შორის ერთ-ერთი ძირითადი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი გადის, გარდა ამისა, აქ წლის განმავლობაში ორ ათეულ მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ამიტომ, ამ მხარის უსაფრთხოება ავსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რიცოლი დროდადრო ჩვენთან ინტერვიუს წყვეტს და თანამშრომლებს ესაუბრება ან რაციას პასუხობს. შემდეგ განაგრძობს: „წლის დროდან გამომდინარე, სხვადასხვა სამსახურები ერთვება ჩვენს საქმიანობაში, იქნება ეს, სამთო მაშველი, მყვინთავი, მონადირე თუ სპალეოლოგი. ამასთან ერთად, კატასტროფის ცენტრში ვზრუნავთ მთლიანად სისტემის, ახალი მეთოდებისა თუ ტექნოლოგიების განვითარებაზე, რათა თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებით, იქნება ეს ინტერნეტი, სოციალური ქსელები თუ ფიჭური კავშირი, დროულად გავაფრთხილოთ და დავიცვათ, როგორც ჩვენი მოსახლეობა,ისე ჩვენს მხარეში ჩამოსული ტურისტი“.
ელმარ რიცოლისთან ინტერვიუ ზუსტად 20 წუთში ჩაეტია, შემდეგ კი დამემშვიდობა და საგანგებო შტაბის შეკრებაზე წავიდა, მე კი, ბოლოჯერ, თეთრი შურით გადავხედე ცენტრში თავმოყრილ აღჭურვილობასა და ადამიანებს და ინსბრუკში, ძველი ქალაქის სანაპიროზე გავედი, რომელიც დამცავი ჯებირებით და გასაბერი, წყალგაუმტარი ბალონებით იყო შემოსაზღვრული, იქაურობა მდინარე ინში წყლის მატებისგან რომ დაეცვათ.

მათი თვალიერებისას, ამასწინათ, მოგზაურობისას, უკვე ჩრდილოეთ იტალიის ალპების ხეობებში ნანახი დამცავი ჯებირები და მეწყერის შემაკავებელი კონსტრუქციები გამახსენდა. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ნაგებობებს და ასევე, ინსბრუკის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ნანახ აღჭურვილობასა თუ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სამსახურებს, ნებისმიერი ტრაგედიის თავიდან აცილება თუ არა, მსხვერპლის და ნგრევის მინიმუმამდე დაყვანა შეუძლიათ.
ავტორის P.S. ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი რამგამახსენდა - თითქმის 9 მილიონიან ავსტრიაში, 350 ათასი მოხალისე მეხანძრეა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სახანძრო სამსახურის საქმიანობაში და თავიანთ წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოხალისეობრივი საქმიანობით გამოხატავენ. ეს, რაც შეეხება უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და საზოგადოების პასუხისმგებლობას. ზოგადად კი, ქვეყანაში, ყოველმა მოქალაქემ,პირველ რიგში, პასუხი საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს, რადგან, ხელისუფლება, თუ ნებისმიერი დონის სამსახური და თანამდებობის პირი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი, როგორც მოქალაქის, არჩევანის შედეგია.
ავტორი:დავით კიკალიშვილი
ტიროლი,ავსტრი