სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე
თბილისში გამართული „ევროპული მარში“, ერთგვარი დაგვირგვინება იყო სამოქალაქო საზოგადოების იმ მრავალთვიანი შრომისა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ იყო მიმართული. ევროპულ მარშსა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროევროპულ, აქტიურ საქმიანობაზე, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს ვესაუბრეთ.
რატომ გადაწყდა თბილისში ევროპული მარშის ჩატარება, რისი ჩვენება გინდოდათ ამ მარშით ორგანიზატორებს?
ევროკომისიას 2023 წლის 8 ნოემბერს საქართველოსთვის უკვე მიცემული ჰქონდა რეკომენდაცია, რათა ჩვენს ქვეყანას მიეღო კანდიდატი წევრის სტატუსი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო, რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შედიოდნენ. ამიტომ, ჩვენი მიზანი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის გვეჩვენებინა ქართველი ხალხის ერთიანობა და მზაობა, საქართველოს მიეღო კანდიდატი წევრის სტატუსი, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წინა დღეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ყურადღების მოპყრობა თბილისისკენ, მათ შორის, სიმბოლურად, ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის გაშლა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეკერილი ვარსკვლავები, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირისკენ ინტეგრაციის პროცესში. მარშის იდეა, სწორედ ამას ეხებოდა, თბილისის ქუჩებში, ცენტრალურ გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მოგვეწყო მსვლელობა, რომელიც იქნებოდა ერთგვარად სანახაობრივიც, იქნებოდა ევროკავშირის, საქართველოს, ევროგაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყნის, ასევე, მოლდოვისა და უკრაინის დროშები. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სამეული მალე შეუერთდეს ევროკავშირს და სწორედ ამის სიმბოლური გამოხატულება იყო ეს მარში.
რა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს რეგიონებში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესებში რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა?
ცხადია, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი ვალდებულებები სწორედ ხელისუფლებაზე მოდიოდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ჩვენი ვალი უნდა მოგვეხადა, ის გაგვეკეთებინა, რაც სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლო გაეკეთებინა და ეს თავის თავში გულისხმობდა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენებას ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მიმართ და ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის იმის ჩვენებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია და ერთსულოვანია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის. ამ მიზნით კი, ბოლო პერიოდში გვქონდა ინტენსიური შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებში საქართველოში, მათ გადავეცით სამოქალაქო საზოგადოების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 80-ზე მეტი ორგანიზაციის ხელმოწერით წერილი, რომლებიც გვსურდა მიეწოდებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ევროპის მინისტრებისთვის, რათა მათ მხარი დაეჭირათ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის. ყველა ელჩი, ვისაც შევხვდით და ვისაც წერილი გავუგზავნეთ, გვეუბნებოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის და მათი სახელმწიფოებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეორე მხრივ, ვცდილობდით, რომ საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურად ყოფილიყო მომართული ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესისკენ და მაქსიმალურად ყოფილიყო სამოქალაქო საზოგადოება ერთიანი, მათ შორის, თქვენ ხედავდით, რომ სხვადასხვა ჯგუფები, ეს იყო მეღვინეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, ადვოკატები, ექიმები თუ ასე შემდეგ, საკუთარ ხმას აგონებდნენ ევროკავშირს, მიმართავდნენ მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ეს ერთიანობის ჩვენებაც იყო სამოქალაქო საზოგადოების, და მათ შორის, იმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანია, მაგრამ ერთიანი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
როგორ შეაფასებთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების როლსა და აქტივობას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცვლელი და ურყევი პოზიცია ჰქონდათ, რომ საქართველოს უნდა მიეღო წევრობის კანდიდატის სტატუსი და მთელი ეს წელი იმის ადვოკატირებას მოხმარდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, და ვფიქრობთ, რომ გარკვეული წვლილი ამ ყველაფერში ქართულ არასამთავრობოებსაც მიუძღვით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ თავად ევროკავშირი თავის ოფიციალურ შეფასების დოკუმენტებში ყოველთვის მიუთითებს საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი გარანტორია ქვეყანაში დემოკრატიის შენარჩუნებისა, თუ სამომავლოდ განვითარებისა და ჩვენ, ჩვენი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ყველაფერი გავაკეთეთ ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა დაეხმარებოდა ქვეყნის სამომავლოდ გაძლიერებას. სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობა სრულად გვქონდა გაცნობიერებული ამ პროცესში. ამავე დროს, ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, თუმცა, ცხადია, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ მხოლოდ ამის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ცხადია, გადამწყვეტი როლი მთლიანად ქართველ ხალხს მიუძღვის, მათ სურვილსა და სწრაფვას ევროკავშირისკენ და ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უბრალოდ, ამ მისწრაფებასა და ამ სურვილს უფრო აქტიურად ვახმოვანებდით ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე.
რას ნიშნავს თქვენთვის ევროკავშირი და ის ღირებულებები, რაც მასთან დაახლოებამ უნდა მოგვიტანოს?
რატომ ევროკავშირი? იმიტომ, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი, რომლის ნაწილიც უნდა საქართველოს იყოს, იმიტომ, რომ დემოკრატია ქმნის შესაძლებლობებს თითოეული ადამიანის დაცვისთვის, დემოკრატია ქმნის შესაძლებლობებს სტაბილურობისა და მშვიდობისთვის, დემოკრატია ქმნის შესაძლებლობებს კეთილდღეობისთვის. სწორედ ასეთი სახელმწიფოები არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ გულისხმობს, საქართველოს სწრაფვას კეთილდღეობის, მშვიდობისა და თავისუფლებისკენ. ეს არის სწორედ ის მიზნები, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამოძრავებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი სახელმწიფო გადადგამს იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული საქართველოსთვის, ძალიან ახლოს არის, ერთი ხელის მიწვდენაზეა, როგორც იტყვიან ევროკავშირი, ანუ ის სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირს მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამიტომ, ახლა მთელი ყურადღება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ამ 9 ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და რომელიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მომდევნო პერიოდში, სწორედ ამ საქმით უნდა ვიყოთ დაკავებული - 9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ, პროგრესი საქართველოს და სარგებელი ქართველ ხალხს.
ესაუბრა, მარიამ ჯინჯოლავა
Comments