top of page

საქართველოს ეთნიკური უმცირესობები და ევროკავშირი


ევროკავშირთან დაახლოებამ უამრავი სიკეთე შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ხშირად, რიგი გამოწვევების წინაშე დგანან. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი ხმა არცთუ ისე ხმამაღლა ისმის ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ყოფაში, რაც ხშირად იმასთანაა დაკავშირებული, რომ მათი წარმომადგენლობითობა ნაკლებია.

დაინტერესებულხართ, რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროკავშირზე და რამდენად ემხრობიან საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოს ევროკავშირისკენ სწრაფვას?

ამ თემაზე სომხური და აზერბაიჯანული თემის აქტიურ წარმომადგენლებს, გიორგი ტუმასიანსა და რაშად ზიადალიევს ვესაუბრეთ. გიორგი ტუმასიანი საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელია. რაშად ზიადალიევი კი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრს (CEAC) ხელმძღვანელობს.

პირველი, რითაც გიორგისა და რაშადთან საუბრის დასაწყისში დავინტერესდით, მათი მოსაზრებებია, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ისე, ზოგადად, ევროკავშირზე.



გიორგი ტუმასიანი: ევროკავშირი კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევაა, სწორედ ევროკავშირის ჩამოყალიბებამ დაამყარა მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფლიქტის მქონე კონტინენტზე, ევროპაში. ევროკავშირი სახელმწიფოთა თანამშრომლობის, ადამიანის უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო მაგალითია კაცობრიობის მთელ ისტორიაში.

საქართველოს წევრობა ევროკავშირში ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ, დემოკრატიის და თავისუფლების ის ფასეულობები, რომლებიც ევროკავშირს საფუძვლად უდევს, კარგად აღწერს საქართველოს მოქალაქეს, ქართველს, ჩვენს მრავალფეროვან და მრავალეთნიკურ ერს.



რაშად ზიადალიევი: ევროკავშირი წარმოადგენს ერთიანობის, მშვიდობისა და პროგრესის იდეალს, რომელიც სცილდება ეროვნულ საზღვრებს. ეს არის კოლექტიური სიძლიერისა და საერთო ღირებულებების სიმბოლო. ჩემთვის ევროკავშირი განასახიერებს ვალდებულებას, შექმნას სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოება, სადაც სხვადასხვა კულტურა, ენა და ტრადიციები მნიშვნელოვანია და პატივს სცემენ ერთმანეთს. ევროკავშირის აქცენტი ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე სრულყოფილად შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველოს პოტენციური გაწევრიანება ევროკავშირში არის გარდამტეხი პერსპექტივა, რომელიც ღრმა სარგებელს გვპირდება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება მოგვცემს წვდომას უფრო დიდ ბაზრებზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას გაზრდილი ვაჭრობისა და ინვესტიციების გზით. ის ასევე მოიტანს მკაცრ სტანდარტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და ანტიკორუფციული ღონისძიებები, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ევროკავშირის წევრობა ასევე გააძლიერებს ჩვენს გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს და დაგვაკავშირებს საზოგადოებასთან, რომელიც აფასებს მშვიდობასა და თანამშრომლობას.

 

ევროკავშირისადმი სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობებში არსებულ განწყობებზეც ვიკითხეთ, გვაინტერესებდა, არიან კი, ეთნიკური უმცირესობები ევროკავშირისადმი ისევე დადებითად განწყობილნი, როგორც ეს დანარჩენ საქართველოშია?

გიორგი ტუმასიანი: ეთნიკური სომხების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სომხეთიც განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და საქართველოს და სომხეთის ერთად ევროკავშირში აღმოჩენა, ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების დაცვა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხებისთვის საუკეთესო განვითარების გზაა.

 

რაშად ზიადალიევი: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები ზოგადად დადებითად აფასებენ ევროკავშირს. საზოგადოებაში ბევრი ხედავს ევროკავშირს, კარიბჭედ გაუმჯობესებული ეკონომიკური პერსპექტივების, უკეთესი განათლების შესაძლებლობებისა და ცხოვრების გაუმჯობესებული სტანდარტებისკენ. ევროკავშირის მტკიცე პოზიცია ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან ის ყველა უმცირესობის ჯგუფს უფრო მეტ დაცვას და ჩართვას ჰპირდება. აზერბაიჯანული საზოგადოება ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გამოიწვევს რესურსების უფრო სამართლიან განაწილებას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ საზოგადოებას, სადაც მათი ხმა და წვლილი აღიარებული და დაფასებული იქნება.


გიორგი და რაშადი ძალიან კარგად იცნობენ ეთნიკურ უმცირესობებში არსებულ პრობლემებს და იმასაც ხედავენ, რაც ევროკავშირის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების გასაძლიერებლად და მათი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად  გაკეთებულა.

გიორგი ტუმასიანი: ევროკავშირი აქამდეც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, ხოლო როდესაც აღვასრულებთ ყველა რეკომენდაციას და კრიტერიუმს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თითოეული მოქალაქის უფლებები უკეთ იქნება დაცული, გარემო კი უფრო თანასწორი და სამართლიანი გახდება, მათ შორის, როდესაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე გადაწყვეტილებებს თანასწორობის პრიზმიდან გამომდინარე გამოიტანს.

ევროკავშირი საკუთარი მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე, ცხადია, შეერთებულ შტატებთან ერთად. EUMM ასრულებს საკვანძო ფუნქციას და მისი მანდატის გაფართოება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ევროკავშირი კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

რაშად ზიადალიევი: ევროკავშირი, წლებია, საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, რომელთა მიზანიცაა ეთნიკური უმცირესობების თემების გაძლიერება. მაგალითად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, უზრუნველყო სტიპენდიები და პროფესიული სწავლება და მხარი დაუჭირა მცირე და საშუალო საწარმოებს. ევროკავშირის მუდმივი და გაძლიერებული მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერებს მათ, და საშუალებას მისცემთ, სრულად ინტეგრირდნენ  ქართულ საზოგადოებაში და ამასთანავე შეინარჩუნონ უნიკალური კულტურული იდენტობა.

 

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები რომ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, ეს დასამალი ამბავი არაა. მათთან გამკლავება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა. თუმცა ევროკავშირის დახმარებით ეს გამოწვევები უფრო სწრაფად რომ დაიძლევა, ამაში ორივე რესპონდენტი გვეთანხმება. კონკრეტულად რა მიაჩნიათ მთავარ გამოწვევად, ამაზე გიორგი და რაშადი გვპასუხობენ:

გიორგი ტუმასიანი: ეს გამოწვევები შეეხება ავტორიტარიზმისგან მომდინარე საფრთხეებს, რადგან ეთნიკური უმცირესობების სფეროში ავტორიტარიზმის ელემენტები გაცილებით უფრო ადრე გამოიკვეთა, ვიდრე უმრავლესობის მიმართულებით. ახლა ნათელია, რომ ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრიზმაში განხილვა ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების პირველი ეტაპი იყო. ამ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებით, რომელიც გულისხმობს როგორც სახელმწიფო მმართველობის რეფორმას და მიდგომების ცვლილებას, ისე თანასწორი გარემოს შექმნას და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას.

რაშად ზიადალიევი: ეთნიკური უმცირესობები საქართველოში რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის ეკონომიკური მარგინალიზაცია, ხარისხიან განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა,  ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და არაადეკვატური პოლიტიკური წარმომადგენლობა. გარდა ამისა, არის სოციალური ინტეგრაციისა და დისკრიმინაციის საკითხები. ევროკავშირში გაწევრიანება ამ სფეროებში არსებით პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა შექმნილია იმისთვის, რათა შეამციროს უთანასწორობა და ხელი შეუწყოს ინკლუზიას. მაგალითად, ევროკავშირის დაფინანსებამ და პროგრამებმა შეიძლება ხელი შეუწყოს უმცირესობათა რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობებს და უკეთესი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ევროკავშირის ძლიერი ანტიდისკრიმინაციული კანონები და აქცენტი ადამიანის უფლებებზე ხელს შეუწყობს სოციალური გარიყულობის წინააღმდეგ ბრძოლას და ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების უფრო დიდ მიღებას და ინტეგრაციას ფართო საზოგადოებაში. ეს გამოიწვევს უფრო ინკლუზიურ და სამართლიან საზოგადოებას, სადაც ყველა მოქალაქეს მიეცემა განვითარების შესაძლებლობა.

 

არც „რუსული კანონი“ დაგვვიწყებია, რომელმაც მთელ საქართველოს შეუქმნა საფრთხე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, და რომელიც ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დიდად აშფოთებს.

გიორგი ტუმასიანი: ჩვენს ქვეყანაში “State Capture” ანუ სახელმწიფოს მიტაცების პროცესი ბოლო ფაზაშია გადასული, როდესაც კონსტიტუციური ორგანოები მონაწილეობენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში, რაც სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. ეს კანონი არის პირველი ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ, პირველი ნაბიჯი სამხრეთ კორეის გეზიდან ჩრდილოეთ კორეის გეზზე გადასასვლელად და არის მიზანმიმართული დივერსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ.

რაშად ზიადალიევი: „რუსული კანონის“ მიღება მნიშვნელოვანი უკუსვლაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს კანონი, რომელიც ეხმიანება რუსეთში დანახულ რეპრესიულ ზომებს, გადახვევაა დემოკრატიული პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს. კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს პროგრესს, რომელსაც მიაღწია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ამ კანონის მიღებით საქართველო რისკავს საერთაშორისო პარტნიორების გაუცხოებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი მოითხოვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების დაცვას. „რუსული კანონი“ აშკარად ეწინააღმდეგება ამ სტანდარტებს.

 

ინტერვიუს ბოლოს კი, გიორგისა და რაშადს ვთხოვეთ, მიემართათ სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკური წარმომადგენლებისთვის.

გიორგი ტუმასიანი: მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქე ეთნიკურად სომეხს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიის და ერთადერთი კანონიერი საგარეო პოლიტიკის — ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაცვაში, რომელიც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ მოკავშირეობას.

რაშად ზიადალიევი: ჩემს თანამემამულე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, მინდა ხაზგასმით ვუთხრა, რომ ევროკავშირი გვთავაზობს მომავალს სავსე იმედით, შესაძლებლობებით და თანასწორობით. ევროკავშირის ერთგულება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობისადმი, ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, შეიძლება მოელოდეს სამართლიან მოპყრობას და დაცვას კანონის შესაბამისად. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს და უკეთეს ჯანდაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე. უფრო მეტიც, ევროკავშირის პოლიტიკა კულტურული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის შესახებ, უზრუნველყოფს ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემასა და შენარჩუნებას.

 

9 views

Comments


bottom of page