საქართველოს ფარგლებს გარეთ 10-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, შარშან, 2022 წელს, საქართველოში მორიგი ვიზიტისას, პირველად ვიგრძენი, რომ მოსახლეობის შესამჩნევ რაოდენობას უკვე მტკიცედ გადაუწყვეტია ევროკავშირის შესახებ პირადი პოზიციის გამოხატვა. უდავოდ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგიც უნდა იყოს ის, რომ საკუთარ პოზიციასა და ევროპულ მისწრაფებებს ვიზუალურადაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს საქართველოში, მაგალითად, აივნებსა თუ ფანჯრებზე გადმოფენილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. ან, „საქართველო ევროპაა” და სხვა მსგავსი ფერადი წარწერებით, რომლებითაც არაერთი ქუჩის კედელია მოხატული თბილისსა თუ რეგიონებში. ევროკავშირის შესახებ გვესმის საინფორმაციო არხებიდან, რადიოდან, ინტერნეტიდან. ზაფხულში, დასასვენებლად ქალაქიდან გასულს ევროკავშირის დაფინანსებით აშენებული სკვერები, ხიდები, სოციალური საწარმოები, ტურისტული კუთხეები თუ კაფეები ხშირად შემოგვხვედრია...
და მაინც, რას ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და როგორია გაწევრიანების პროცედურა? რა მოკლე და გრძელვადიან სარგებელს ვგულისხმობთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ?
ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად კომპლექსური, მაგრამ ლოგიკური პროცესია, რომლის შესახებაც სწორი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია იმისათვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ევროკავშირის წევრი რომ გახდეს, ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს”, რომლებიც ევროკავშირმა 1993 წელს კოპენჰაგენის სამიტზე დაამტკიცა:
• პოლიტიკური კრიტერიუმი (დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უმცირესობების პატივისცემის გარანტორი სტაბილური ინსტიტუტები);
• ეკონომიკური კრიტერიუმი (მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და ევროგაერთიანების ერთიანი პოლიტიკის სფეროებში მონაწილეობის უნარი);
• და ინსტიტუციური კრიტერიუმი (ქვეყნის უნარი, ეფექტიანად აღასრულოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები: ევროპის კავშირის მიზნებისადმი ერთგულება, პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის ჩათვლით).
ევროკავშირი ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აფასებს გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც, თავისთავად, სამ ეტაპს მოიცავს. მათგან პირველია კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც საქართველო 2023 წლის დეკემბერში უკვე მეორედ ელოდება.
იმის გასაგებად, თუ რას მოგვიტანს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, ევროგაერთიანების წევრობა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებს გადავხედოთ, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა. მაგალითად, ლატვიამ, ლიეტუვისა და ესტონეთის მსგავსად, 1995 წელს შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი. 2004 წლისთვის სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და მანამდე კანდიდატის სტატუსს მოჰყვა ისეთი სარგებელი, როგორიცაა უმუშევრობის შემცირება (მაგ.: 1995 წელს ლატვიაში უმუშევრობის დონე შეადგენდა 19%-ს, 2004 წელს კი, უმუშევრობის დონემ 11.71%-მდე დაიწია); საშუალო ხელფასის დაახლოებით სამჯერ გაზრდა და ინფლაციის შემცირება, რომელმაც 24.98%-იდან იკლო და 6.19%-მდე ჩამოვიდა.
კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ უკვე იწყება მოლაპარაკების ფაზის გახსნა (მეორე ეტაპი) და ის დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, ძირითადად კი, კანდიდატი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაზე. მოლაპარაკებების ფაზის ფორმალურად დახურვის შემდეგ ხდება წევრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია (მესამე ეტაპი) და იგეგმება თარიღი, როდესაც ქვეყანა ოფიციალურად გამოცხადდება ევროკავშირის წევრად. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეული სახელმწიფოს ინდივიდუალურ განაცხადზე. მაგალითად, ფინეთმა იგი ორ წელიწადში დაასრულა, ხოლო თურქეთი, რომელმაც განაცხადი 1987 წელს წარადგინა, ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს (თუმცა მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია).
27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარ ევროკავშირს, სულ გაფართოების შვიდი ტალღა ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე ფართომასშტაბიანი 2004 წლის 1 მაისს იყო. მაშინ, ევროკავშირს ათი ახალი წევრი სახელმწიფო შეუერთდა, მათგან სამი კი - ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, მანამდე, საქართველოს მსგავსად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. ამავე გაფართოების ტალღის მონაწილეა პოლონეთიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო ევროკავშირში. სწორედ, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 2016 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების და სავაჭრო (ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია) ხელშეკრულებების გაფორმებას. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით ვსარგებლობთ, ქართველი სტუდენტებისათვის კი, ევროკავშირის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით სწავლას ერასმუსის პროგრამა 2015 წლიდან აფინანსებს. ევროკავშირთან დაახლოებამ, ნამდვილად შეუწყო ხელი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასაც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის დასამკვიდრებლად და უფრო მჭიდრო თანამშრომლობისათვის ნიადაგის მოსამზადებლად მომავალში.
რადგან ზემოთ, მაგალითის სახით, ლატვიის მაჩვენებლები მოვიყვანე, ბრიუსელში მცხოვრებ ლატვიელ იურისს ვთხოვე, ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდი გაეხსენებინა. ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ამჟამად ევროპის დედაქალაქიდან, ბრიუსელიდან ეხმარება უკრაინასა და საქართველოს: „არასოდეს დამავიწყდება 2004 წლის 1 მაისი, როდესაც ლატვია შეუერთდა ევროკავშირს - დღე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა თავისი კანონიერი ადგილი თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში. ეს იყო სამართლიანობისა და სიხარულის ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე. ლატვიის 20-წლიანმა წევრობამ ევროკავშირში გააძლიერა ჩვენი დემოკრატია, თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, შექმნა აყვავებული გარემო ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მოუტანა განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა, უზრუნველყო ჩვენი ერისა და ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვა ჩვენი ეროვნული იდენტობა, კულტურა და ენა”.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1992 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლისგან გამოწვეული სხვადასხვა კრიზისის ფონზე ვითარდებოდა. სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისებით დამძიმებული ქვეყნიდან, საქართველომ, ბოლო წლებში, 2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებით, უკრაინისა და მოლდოვის პარალელურად, ევროკავშირთან ერთიერთობების სულ სხვა ეტაპზე გადაინაცვლა.
კანდიდატის სტატუსი, რომელიც, 2022 წლის ივნისში საქართველომ ვერ მიიღო და რომლის მისაღებადაც 2023 წელი უმნიშვნელოვანესია, არის ის კარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა შეაღოს და შემდგომ ეტაპზე რაც შეიძლება მალე გადავიდეს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 89% სრულიად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მონაცემია.
ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ისტორიული შანსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისა და თაობების კეთილდღეობისათვის უნდა გამოვიყენოთ. რადგანაც ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს იმ საერთო სარგებლის მიღებას, რომელიც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება - უსაფრთხოებას, სამუშაო ადგილებს, სიღარიბის შემცირებას, გაზრდილ ხელფასებს, სამართლიან არჩევნებს, გამართულ ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და, რაც მთავარია, თავისუფლებას.
კრისტინა პიტალსკაია
ბრიუსელი, ბელგია