top of page

საქართველო ევროპულ რუკებზე

Updated: Oct 14, 2023

საქართველოს, როგორც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებთან მდებარე ქვეყანას, ევროპელები ოდითგანვე იცნობდნენ. თავდაპირველად, ეს ცოდნა კოლხეთსა და იბერიას უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი, გაერთიანებული საქართველოს დროს, კოლხეთი და იბერია „GEORGIA“-მ ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე საქართველოს ყველაზე გავრცელებული უცხოური სახელწოდებაა.


ევროპული არქივები, სხვადასხვა სახის ჩანაწერები და ჩანახატები სავსეა საქართველოს შესახებ დაცული ცნობებით. მათი ნაწილი კარგად არის ცნობილი საქართველოში, თუმცა ისეთი ევროპული წყაროებიც არსებობს, რომლებიც ცალკე, ვრცელი სამეცნიერო კვლევის და განხილვის საგანი ამ დრომდე არ გამხდარა.


გადავწყვიტე, ამ სტატიაში, ძველ ევროპულ რუკებზე მოგითხროთ. უფრო სწორედ, სამ ფრიად მნიშვნელოვან და გამორჩეულ ძველ ევროპულ რუკაზე, რომელიც საქართველოს და ევროპის ისტორიულ კავშირს ადასტურებს. ასევე მიუთითებს ჩვენს წვლილზე ევროპული კარტოგრაფიის განვითარების საქმეში.


თავდაპირველად, მინდა გითხრათ, რომ ევროპაში საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ათასობით საინტერესო რუკის ფონზე, სამი რუკის გამორჩევა იოლი ამბავი არ არის. ამიტომაც, რუკები თემატური ნიშნით ავირჩიე.


ეს თემებია:

• ძველი ევროპული რუკა, რომელზეც, საქართველოსა და ჩვენი რეგიონის სხვა მიმდებარე ტერიტორიების აღნიშვნის მიზნით, სახელწოდება „GEORGIA” პირველად გამოიყენეს;

• ძველი ევროპული რუკა, რომელზეც საქართველოში ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშაა აღმართული;

• ერთადერთი ქართველი, რომელიც სახელით არის მოხსენიებული ძველ ევროპულ რუკაზე.


დროის თვალსაზრისით, ამ სამი რუკიდან ყველაზე ძველი ის რუკაა, რომელზეც საქართველოს აღსანიშნად პირველად გამოიყენეს სახელწოდება „GEORGIA”. ეს ამბავი დაახლოებით 1321 წელს მოხდა, როდესაც ცნობილმა გენუელმა კარტოგრაფმა, პიეტრო ვესკონტემ მსოფლიოს რუკა შექმნა.


სწორედ, ვესკონტეს ეს უცნაური ფორმის მსოფლიო რუკაა პირველი, რომელზეც საქართველოს აღსანიშნავად სახელწოდება - „GEORGIA“გვხვდება. შესაბამისად, ეს რუკა, ევროპულ კარტოგრაფიაში სახელწოდება - „GEORGIA“-ს ერთგვარი, დაბადების მოწმობაა.


მოყოლებული 1321 წლიდან, ევროპულ რუკებზე “GEORGIA”-ს ნახვა უწყვეტად არის შესაძლებელი, მანამ, სანამ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიამ, ევროპულ რუკებზე - „GEORGIA”, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებით არ ჩაანაცვლა.

მეორე რუკა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, წარმოშობით მალიორკელ კარტოგრაფს უკავშირდება. მხედველობაში მაქვს, ანჯელინო დულჩერტის 1339 წლის საზღვაო თემატიკის, ანუ პორტოლანის ტიპის რუკა. დულჩერტის ამ რუკაზე, თბილისის და სოხუმის თავზე, ორივე ქალაქში, ხუთჯვრიანი დროშებია აღმართული. ცხადია, დულჩერტი საქართველო ევროპულ რუკებზე არ არის ერთადერთი, ვის რუკაზეც თბილისის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, თუმცა ეს რუკა იმით არის გამორჩეული, რომ თბილისის გარდა, ხუთჯვრიან დროშას სოხუმის თავზეც ვხედავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ორივე მნიშვნელოვანი ქალაქი ერთი ქვეყნის - საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.


აქვე, ისიც ვთქვათ, რომ ამ და მომდევნო პერიოდის გენუელი ზღვაოსნები, ისევე როგორც ვენეციელები, შესანიშნავად იცნობდნენ შავ ზღვას და მის ნაპირებზე მოსახლე ხალხს. შესაბამისად, არც „GEORGIA”-ს და არც ხუთჯვრიანი დროშის ევროპულ რუკებზე გამოჩენა შემთხვევითი ამბავი არ არის და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპაში დაგროვებული დიდი ცოდნის დადასტურებაა.

მესამე რუკა, რომლის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, შედარებით გვიან, 1723 წელს დაიბეჭდა პარიზში. რუკის ავტორი, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის სამეფო კარტოგრაფი, გიომ დელილი გახლავთ, ხოლო რუკა, კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკის სახელით არის ცნობილი.


და რატომ არის ეს რუკა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის? პასუხი მარტივია, გიომ დელილის ეს რუკა, ქართველი დიპლომატის, მოგზაურისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის ცნობების გამოყენებით არის შექმნილი. ეს რომ ნამდვილად ასეა, რუკის აღწერიდანაც დასტურდება, სადაც ლუი XIV-ის სამეფო კარტოგრაფმა, მადლიერების ნიშნად, სულხან-საბა ორბელიანი სახელობითად მოიხსენია რუკაზე - „Soskam-Sabbas Prince de Georgie”, ანუ, „სულხან-საბა ქართველი თავადი“. როგორც უკვე მოგახსენეთ, სულხან-საბა ორბელიანი ერთადერთი ქართველია, ვინც ძველ ევროპულ რუკაზე სახელით არის მოხსენიებული.


ძველი ევროპული რუკები და ევროპელი კარტოგრაფების მიერ საუკუნეების წინ ამ რუკებზე დატანილი ინფორმაცია, ისევე როგორც, ჩვენი მონაწილეობა ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი ურთიერთობის და ცოდნის, რაც ევროპელებს საქართველოს შესახებ და ჩვენ, როგორც ევროპელებს, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა.


სულხან სალაძე

თბილისი, საქართველო


2,620 views
bottom of page