ევროკავშირის მრავალფეროვნება ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის, ტრადიციებშიც. ყველა ქვეყანა ინარჩუნებს საკუთარს და პატივს სცემს სხვის ტრადიციებს, სწორედ ამით არის ევროგაერთიანება უნიკალური.
ტრადიციებიც მრავალგვარია, დაწყებული სტუმრის მიღებითა და გამასპინძლებით, დასრულებული კერძებისა თუ სასმელების დამზადებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთი იტალიური ტრადიციის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომელიც არყის გამოხდას შეეხება.
ევროკავშირის ქვეყნებში რისგან არ ამზადებენ არაყს. მაგალითად, ავსტრიელები ძირითად ბაზისად ხილს იყენებენ - ვაშლი, მსხალი თუ ჟოლო. ქვეყანაში და ასევე, აქ ჩამოსულ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გარგრისგან გამოხდილი ავსტრიული არაყი.
ავსტრიელებს არც გერმანელები ჩამორჩებიან და არაყს ძირითადად პურის მარცვლისგან ხდიან, ხორვატები კი - ჭანჭურისგან (ქლიავის სახეობა). შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ პოლონელები არც მეტი, არც ნაკლები, კარტოფილისგან გამოხდილ არაყს მიირთმევენ, რომელსაც სლივოვიცა ჰქვია.
როცა მრავალფეროვნებაზე და სასმელ-საჭმელზე ვსაუბრობთ, იქ იტალიელები რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება. იტალიური კერძების მრავალფეროვნებისა და სიგემრიელის შესახებ გაგონილი გექნებათ, არც სასმელები აქვთ ნაკლები და ამ მხრივ, სულ მცირე, ერთი რამ საერთოც გვაქვს, ეს გახლავთ ღვინის გამოხდის შემდეგ, დარჩენილი ჭაჭისგან არაყს დამზადება, რომელსაც ჩვენში ჭაჭის არაყს, ხოლო იტალიაში გრაპას უწოდებენ.
გრაპას, ძირითადად, იტალიის ჩრდილოეთში ამზადებენ. ღვინის გამოხდის შემდეგ, ყურძნის დარჩენილი რბილობები, წყლის ორთქლისა და დამატებითი საფუარის დახმარებით დისტილაციას გაივლის და ბოლოს იღებენ იტალიური ჭაჭის არაყს, ანუ გრაპას, რომლის გრადუსიც, წყალთან შეზავების შემდეგ 40-დან 55%-მდე მერყეობს და რომელსაც ძირითადად, მუხისა და წაბლის კასრებში აძველებენ.