საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაცია ითხოვს, რომ სკოლებში, სულ მცირე, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მაინც იყოს კვება უფასო. საქართველოში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი საუზმის გარეშე მიდის სკოლაში და მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებს ჭამას, ეს კი, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, რადგან მშიერი ბავშვი ვერ ახერხებს ყურადღების სწავლაზე გადატანას და საგაკვეთილო პროცესზე კონცენტრირებას.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სკოლებსა და ბაღებში ბავშვთა კვება უფასოა, ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია შვედეთი, სადაც ბავშვთა კვება უკვე ათწლეულებია ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, და როგორც შვედები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ამ დროს ბავშვები უკეთ კონცენტრირდებიან სწავლაზე, უფასო კვებით სოციალური განსხვავებულობის შემცირება შეიძლება. შვედებს ისიც კი უკვლევიათ და დაუდგენიათ, რომ ბავშვები, რომელთაც სკოლის პერიოდში უფასო და სრულყოფილი კვება ჰქონდათ, ბევრად უფრო მარტივად საქმდებიან კარგ სამსახურში და მათი შემოსავალიც ბევრად მეტია.
ავსტრიაც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ეკონომიკურად საკმაოდ შეძლებულიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, მოსწავლეთა უფასოდ კვების საკითხი ავსტრიული სკოლებისთვისაც დიდ გამოწვევად რჩებოდა და საკმაოდ დიდხანს ეძებდნენ გამოსავალს, თუ როგორ გადაეწყვიტათ ეს პრობლემა. ავსტრიის დედაქალაქ ვენის მაგალითზე გაგაცნობთ, როგორ მოხერხდა ამ საკითხის ბავშვების სასარგებლოდ გადაჭრა.
მანამ, სანამ ვენის სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვება ხელმისაწვდომი გახდებოდა, კვება საშუალოდ, დღიურად, 4-6 ევრო ჯდებოდა და თვეში მშობელს დაახლოებით 100 - 130 ევრომდე მაინც უჯდებოდა ბავშვის სადილი, ეს იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი ბავშვი ჰყავდა. თუმცა ვენის სკოლებში უფასო კვების შემოღებამდეც არსებობდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებს ათავისუფლებდა გადასახადისგან, რაც საკმარისი არ იყო და ბიუროკრატიულადაც, ზედმეტ გამოწვევას უქმნიდა ოჯახებს, ამიტომ, დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ დაწყებითი სკოლის ყველა მოსწავლისთვის შეეთავაზებინათ უფასო სადილი.
2023 წლის სექტემბრიდან ვენის დაწყებით, საჯარო სკოლებში, რომლებშიც ბავშვები დილის 8 საათიდან 15:30 საათამდე იმყოფებიან, კვება სრულიად უფასო გახდა.
დაწყებითი სკოლა სასკოლო განათლების პირველ საფეხურს წარმოადგენს და მოიცავს 4 სასწავლო წელს. განსხვავებაა მთლიანი დღის და ნახევარი დღის სკოლებში. მთლიანი დღის სკოლაში ბავშვები თითქმის 8 საათს ატარებენ და ასეთ სკოლებში ბავშვების მიღების მთავარი პირობა არის ის, რომ ორივე მშობელი დასაქმებული უნდა იყოს. სწორედ მთლიანი დღის სკოლებში გახდა კვება უფასო.
ამ წამოწყებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ ქალაქ ვენის მერიამ და თვითმმართველობამ შეძლეს ამ საკითხის წარმატებით მოგვარება და ქალაქმა სკოლებში უფასო კვებისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 38 მილიონი ევრო გამოყო. 2024 წლის ბიუჯეტში კი გათვალისწინებულია 42 მილიონი, ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა საბავშვო ბაღებსა და ნახევარი დღის სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე.
მთლიანი დღის სკოლა საინტერესო და ძალიან პრაქტიკული მოდელია. ბავშვები დილის 8 საათიდან შუადღის ოთხის ნახევრამდე სკოლაში რჩებიან. ამ დროის განმავლობაში მათ აქვთ სასწავლო დრო, ასევე დასვენების და დღის მეორე ნახევარში - გაკვეთილის მომზადების დრო. კვირის განმავლობაში ბავშვებს არ უწევთ წიგნების სახლში წაღება ან სახლში გაკვეთილების მომზადება. თუ სურვილი ექნება მშობელს, შეუძლია შვილს სთხოვოს, რომ პარასკევს ყველა წიგნი და სამუშაო რვეული სახლში წაიღოს, რათა მშობელმა ნახოს, რას სწავლობს ბავშვი, აქვს თუ არა რამე პრობლემა და დახმარება ხომ არ სჭირდება. ასეთ სკოლებს აქვთ საკუთარი სასადილო დარბაზი, სადაც ბავშვები შუადღით ერთად სადილობენ. საჭმელი სკოლაში არ მზადდება, ის გამზადებული შეაქვთ სკოლაში და იქ მხოლოდ სადილისთვის ანაწილებენ.
ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას. სკოლებში დაუშვებელია გაზიანი და ტკბილი სასმელები. ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ჩვეულებრივი ან ვეგეტარიანული მენიუ. ყოველ ორშაბათს საინფორმაციო დაფაზე გამოკრულია კვირის მენიუ, რათა მშობლებმაც იცოდნენ, რა ჰქონდათ ბავშვებს სადილად. ზოგიერთ სკოლას აქვს ონლაინ მენიუ და მთელი თვის მენიუს არჩევა ერთად შეიძლება. გარდა ამისა, ვენის ათეულობით სკოლაა ჩართული ევროკავშირის პროექტში, რომელიც ჯანსაღად კვების წახალისებას უწყობს ხელს. ევროკავშირის ეს პროექტი მისი 27 წევრი ქვეყნის 3000-მდე სკოლაში ხორციელდება და ითვალისწინებს სკოლებში ადგილობრივი, ჯანსაღი საკვების - ბოსტნეულის, ხილისა და რძის პროდუქტის შეტანას.
ვენის სკოლებში უფასო კვების შემოღებამდე, დღიურად კვება 4-6 ევრო ჯდებოდა. ორი ან სამი ბავშვის სკოლაში ყოლის შემთხვევაში, მშობლებს არცთუ ისე ცოტა უნდა გადაეხადათ მხოლოდ კვებისთვის. ოჯახს ახლა თითქმის 1000 ევრო ეზოგება ბავშვზე, უფასო კვების შემოღების შემდეგ ეს თანხა ბავშვის განათლებას და გარე სასკოლო აქტივობებს შეიძლება მოხმარდეს.
ავსტრიაში იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წელში ყველა ტიპის სკოლა და საბავშვო ბაღი შეძლებს ბავშვებისთვის უფასო კვების შეთავაზებას. საქართველოშიც უნდა შევძლოთ ამის მიღწევა. ბავშვს არ უნდა შიოდეს. წინააღმდეგობის და განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ ხარისხიანი და თანასწორი განათლება ყველა ბავშვისთვის მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ბავშვები სხვადასხვა სოციალური წრიდან სკოლაში მაინც იქნებიან თანაბარ პირობებში და მატერიალურად შეჭირვებული ოჯახის ბავშვებს სწავლის პერიოდში არ მოუწევთ საკვებზე ფიქრი.
ავტორი: ლიკა კევლიშვილი
Comments