top of page

ფეხბურთით ევროპისკენ! ანუ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

Updated: Aug 12




ლევან ღვინიანიძე სპორტული ჟურნალისტია და ქართულ ფეხბურთს ცოტა თუ ეყოლება მისნაირად გულანთებული გულშემატკივარი, რომელიც, წლებია, ქართული სპორტის წარმატებისთვის ძალას და შრომას არ იშურებს. წელს, იმ სასწაულს, რასაც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჰქვია, ლევანი გერმანიიდან, საკუთარი თვალით აკვირდებოდა და ამ დიდებული ამბის შესახებ თავის ემოციებს ჩვენც გვიზიარებს.  

 

რას ნიშნავს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, ის, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, როგორია ამ წარმატების თქვენებური შეფასება?

როგორც ისტორიულ, ისე გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ სპორტულ კონტექსტში, ევროპაზე გასვლა იყო ძალიან ემოციური. ეს იყო განცდა იმისა, თუ როგორია იყო ამ ერთი ოჯახის, ერთობის ნაწილი, როგორი ემოცია მოემართება შენკენ ოჯახის წევრებისგან, როცა რაღაცას კარგად აკეთებ და როგორ მარტივად ინტეგრირდები ამ სამყაროში, როცა რაღაცაში ღირსეული ხარ.

ევროპაზე გასვლა იყო შესაძლებლობა იმისა, რომ, ერთი მხრივ, საკუთარი თავი, რეალურად, უმაღლეს დონეზე წარგვედგინა ევროპისთვის და, მეორე მხრივ, თავი შეგვედარებინა მათთვის. ჩვენი წარსულის გენეტიკური ტრავმებიდან გამომდინარე, თუ ადრე იმით ვკმაყოფილდებოდით, რომ, პირობითად, ჩვენს რეგიონში ვიქნებოდით რაღაცაში მოწინავე, მაგალითად, საბჭოთა კავშირში, 70-წლიან ინტერვალში გვექნებოდა ორი ძალიან დიდი პიკი საფეხბურთო წარმატებისა, ახლა, რეალურად, ამ გასვლამ დაგვანახა, რომ ლოკალურ სივრცეში წარმატებით კმაყოფილება იყო ერთგვარი ღობე და სტერეოტიპი, რადგან ჩვენ მეტი შეგვიძლია. ამის გასააზრებლად იყო ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, ვნახეთ, თუ როგორ ღირსეულად შეგვიძლია წარვდგეთ ასეთი მასშტაბის ტურნირზე, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნაზე.  

ეს იყო ჩვენი პირველი, პრაქტიკული გამოცდილება ევროპული ოჯახის წევრობისა. მანამდე, ქართველი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში, მათ შორის, ისეთში, როგორიც კალათბურთია, ევროპაზე სულ გადიოდნენ. ინდივიდუალურად, ევროპის ჩემპიონები გვყავს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, თუმცა, ფეხბურთ სულ სხვა მასშტაბია, სულ სხვაგვარია ყურადღება და თუ ამ სპორტში რამეს კარგად აკეთებ, იმხელა ემოცია და მხარდაჭერა იგრძნობა შენ მიმართ, ყველა ინტერესდება შენი ქვეყნით, ყველა იგებს იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენმა ფეხბურთელებმა, ევროპაზე ასპარეზობისას და ასევე გულშემატკივრებმა - ქომაგობისას, ძალიან კარგად დაანახეს კარგი ქართველის სახე ევროპას.

 

მასპინძლებზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა, როგორ დაგხვდა გერმანია და როგორ დაგხვდნენ გერმანელები?

ყველაზე მეტი დრო, საქართველოს გარდა, გერმანიაში მაქვს გატარებული. აქ დახვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, თუ რატომ მოვდიოდი აქ ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მიჩნდებოდა.

გერმანიაში საქართველოს ნაკრების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია იყო, რადგან როცა დებიუტანტი ხარ, სხვაგვარად გაქცევენ ყურადღებას. გარდა ამისა, ჩვენ შესახებ ბევრი სმენია უფროს თაობას. ახალგაზრდებმაც იციან, რომ ადრე, ბუნდესლიგაში რამდენიმე ქართველს უთამაშია,  ბუდუ (ზივზივაძე) კი, დღესაც კარლსრუეშია.  ამიტომ, ბევრი ნეიტრალური გულშემატკივარი მხნედ და ხმამაღლა გულშემატკივრობდა საქართველოს. ეს არ არის სიახლე, როცა რაგბის ნაკრები პირველად გადიოდა მსოფლიოზე, იქ ადგილობრივები, ეს ბრიტანელები იქნებოდნენ თუ ახალზელანდიელები, ხშირად გვგულშემატკივრობდნენ, რადგან დებიუტანტი გუნდი, განსაკუთრებით, მაშინ, თუ კარგი თამაშით გამოირჩევა, ყოველთვის იმსახურებს ხოლმე სიმპათიას.

ბევრი სტერეოტიპი არსებობს ჩვენთან, მათ შორის, გერმანელებზეც, მაგრამ ყველგან იგრძნობოდა მათი მხარდაჭერა, თუნდაც გზის მისწავლების დროს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამდენი ქართველი ერთობლივად, კარგი განწყობით, ევროპაში არასდროს ჩასულა და ბევრმა ადამიანმა ნახა ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორია ევროპა - გადასასვლელზე, მიწისქვეშაში თუ რიგში.

 

როგორი იყო ევროპული პრესის გამოხმაურება საქართველოს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, თუ მიადევნეთ თვალყური? მაგალითად, როგორც ვიცით, საქართველო-თურქეთის თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გავეცანი ყველაფერს, რაც ჩვენ შესახებ დაიწერა, რადგან ძალიან სასიამოვნოდ გასაცნობი იყო ეს ყველაფერი. ჩვენი და თურქეთის თამაში იყო კარგი, გულიანი, თავზეხელაღებული ფეხბურთი. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ამ თამაშს, თან საშინელი წვიმა იყო და ამის ფონზე გულშემატკივრობა, საოცარი ენერგია მოდიოდა ტრიბუნებიდან. დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ თურქ გულშემატკივრებს, მაგრამ ცოტა რომ ხარ, მაშინ უფრო მონდომებით და შეკრულად გულშემატკივრობ.

კარგი გუნდი გვყავს და საოცარი ხალხის კომენტარები ვნახე, ბასტიან შვაინშტაიგერი იქნება ეს, თუ რიო ფერდინანდი, გერმანული თუ არაგერმანული ფეხბურთის ლეგენდები ისეთ რაღაცებს ამბობენ ჩვენს ნაკრებზე, რის მოსმენასაც გულშემატკივრები მთელი ცხოვრება ვოცნებობდით. ეგ კი არა, ადრე, ფლეისთეიშენში, პირველად რომ გამოაცხადეს ქართული სახელი და გვარი - მურთაზ შელია, მართალია, შეცდომით ამბობდნენ, მაგრამ კომპიუტერის ხმა რომ ამ ქართულ სახელს და გვარს ამბობდა, მიხაროდა, ახლა კი, უცებ ხედავ, რომ მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ხმები ამბობენ კარგს შენს ნაკრებზე, რაც ძალიან სასიამოვნოა.

 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართველი გულშემატკივარი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს, არაჩვეულებრივად გაართვა თავი ორგანიზებულად გულშემატკივრობას. დორტმუნდის, ჰამბურგისა თუ კიოლნის ქუჩები, თამაშის წინ, სავსე იყო ქართველი გულშემატკივრებით. რა გრძნობა იყო თქვენთვის, როცა შუაგულ ევროპაში ქართულად ამღერებულ, აცეკვებულ და მოზეიმე გულშემატკივარს ხედავდით?

ამ კითხვას რომ მისვამთ, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ამ ყველაფერს და ახლაც ემოციურია ჩემთვის ამის გახსენება, არათუ ადგილზე ყურება… ყველა თამაშის წინ, მოზღვავებული ემოცია იყო. ადრეც გვყავდა კარგი ფეხბურთელები, კარგადაც გვითამაშია, თუმცა ახლა, მგონია, რომ დროულად მივედით ამ წარმატებამდე.

პირობითად, ჩემს ბავშვობაში, მოედანზე, ჰიმნს, „დიდებას“ არავინ მღეროდა, არც იცოდა ბევრმა. დროშაც ძალიან ცოტა იყო საქართველოს ნაკრების თამაშებზე, მთლიანად სავსე მოედანზე შეიძლება 50-მდე დროშა ყოფილიყო. ახლა კიდევ, ჰამბურგში, დორტმუნდში თუ გელზენკირხენში რომ მოდის ამდენი ქართველი ქუჩაში, მღერიან, წესიერად იქცევიან, ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობა აქვთ - ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებაა მათ შორის, რაც მინახავს. ევროპაში, იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი და მომავალი, მანდ, კარგ ხასიათზე, თან ქართველები, თან „მაშასადამე ევროპელები“, თან ადგილობრივი ავთენტური და თან საერთაშორისო გარემო - ძალიან კარგი ამბავი იყო ქართველი გულშემატკივრისთვის.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნის გულშემატკივრებისგან, ჩვენ არ გვაქვს გულშემატკივრობის ყოველდღიური გამოცდილება. ეს უცხოელები, ყოველ შაბათ-კვირას, საკლუბო ჩემპიონატზე თავიანთი გუნდის საგულშემატკივროდ რომ დადიან, გაცილებით კარგ ფორმაშიც არიან და წინაც არიან, მათ შორის, ორგანიზებულობაში. ჩვენთვის ეს ახალი იყო და ამის ფონზე, მაინც რომ მოვახერხეთ ასე ორგანიზებულად გულშემატკივრობა, კარგია. წარმოიდგინეთ, შიდა ჩემპიონატზე სიარული რომ დავიწყოთ, ფეხბურთელების კლასი და მოედნის ხარისხი კი კარგია, მაგრამ ერთად 3000 ადამიანი რომ ზის, თავისი პატარა ქალაქის გუნდს გულშემატკივრობს და იმ მომენტში, როცა ბურთი ძელს ხვდება, ეს 3000 ადამიანი ერთიანდება ემოციურად, ეგ არის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო ფეხბურთში. მაგას ეძებს ხალხი სტადიონიდან სტადიონზე სულ და ეს, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრობა თუ დაეწევა სანაკრებო წარმატებას და ფეხბურთის ეიფორიას, მაგაზე სასარგებლო ქვეყანას შეიძლება ძალიან ცოტა რამ დაემართოს. ევროპელი ადამიანის ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ ჩემპიონატზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთის ყოველდღიურობას.

 

საქართველოს ნაკრების წევრების სრული უმრავლესობა ევროპულ კლუბებში თამაშობს, სადაც დიდი ხელშეწყობისა თუ გამართული ინფრასტრუქტურის გარდა, თვალშისაცემია სპორტისადმი, მათ შორის, ფეხბურთისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება. რამდენად არის ჩვენი ეს წარმატება გარკვეულწილად ფეხბურთელების მიერ ევროპაში მიღებული გამოცდილების  დამსახურება?

უდიდესი დამსახურებაა. ევროპის ჩემპიონატზე რომ გახვიდე, პირველ რიგში, რაღაც ევროპული უნდა გქონდეს შენც. ამ ყველაფერში დიდი როლი შეასრულა იმანაც, რომ ნაკრებში ერთი კაციც კი არ არის, რომელიც რუსეთში თამაშობს, რაც ხშირად ყოფილა ხოლმე ქართველი ფეხბურთელისთვის მახე, რომელშიც ბევრი გახვეულა და იქიდან მერე თავი ვერ დაუღწევია.

ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ევროპულ კლუბებში თამაშობენ და სპორტულ ყოველდღიურობაში ევროპული სტანდარტი აქვთ, ასევე ცხოვრობენ ამ ევროპულ ქალაქებში და დიდი ხანი თუ ჩერდებიან იმ ქალაქში, მერე იმ საზოგადოებაში ინტეგრირდებიან და ბევრი სხვა სასარგებლო გავლენაც აქვს ევროპას მათ ყოველდღიურობაზე, გარდა მათი პროფესიონალური განვითარებისა ბაზაზე თუ სტადიონზე, ამიტომ, კი, მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ევროპულ კლუბებში მიღებული გამოცდილება ამ წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობ, ნაკრებს ჰყავდეს მწვრთნელი, რომელსაც აქვს ევროპული გამოცდილება?

ცხადია, არსებობს გარკვეული კავშირი. ევროპაში გამოცდილება მიღებული მწვრთნელი ბევრად უფრო კარგად შეიძლება ერკვეოდეს ამ ყველაფერში, ვიდრე მასზე გაცილებით გამოცდილი სხვა, მაგალითად, არგენტინელი კარგი მწვრთნელი. უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში და იქ ყოფნის პერიოდში, გერმანული გამოცდილება მნიშვნელოვანია. მაგალითად, რუსი მწვრთნელი ვერასდროს გაგვიყვანდა ევროპაზე.

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სრული უმრავლესობა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, იქონია თუ არა ამან გავლენა ჩვენს წარმატებაზე?

კი, ცხადია. ეს მეც ბევრჯერ მითქვამს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე საუბრისას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, რადგან, ზოგადად, ვფიქრობ, რომ თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა ლეგიტიმურია იყოს ის თაობა, რომელიც ამ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მოუტანს თავისუფლებას. ახლაც ლოგიკური იყო, რომ ნაკრების მოთამაშეების 95 პროცენტი დამოუკიდებელ საქართველოშია დაბადებული, რაც არის ის კრიტიკული უპირატესობა, რომ ნაკრებს ეთქმოდეს, რომ არის თავისუფლებაში დაბადებული ქვეყნის წარმომადგენელი.

ისედაც, ქართულ ფეხბურთს ასეთი ამბავი აქვს, თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ჯერ ქართული ფეხბურთი გამოეყო საბჭოთა სისტემას და შემდეგ გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა. სულ ვამბობდი ნაკრებზე ბრენდინგის მუშაობის პროცესში, რომ ახლაც ასე უნდა იყოს, რომ ჯერ ნაკრები უნდა გავიდეს ევროპაზე და მერე უნდა შეჰყვეს მთელი ქვეყანა. რადგან ნაკრები გავიდა, მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ასეც მოხდება და ნაკრებს ევროპაში შეჰყვება ქვეყანა.

 

რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება, ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ/ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე?  

ალბათ, ფეხბურთზე მეტად ცოტა რამეს შეუძლია დაგანახოს, რომ შენც შეგიძლია იყო ევროპის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი და თუნდაც წაგების შემდეგ იყო ღირსეული წევრი ამ ევროპული ერთობისა. როგორც არ უნდა ეცადოს მერე სახელმწიფო პროპაგანდა, დაგაჯეროს, რომ იქ შენ არავის სჭირდები და ადრე უფრო კარგად იყავი, უკვე საკუთარ ტყავზე გრძნობ, რომ ეგრე არაა, ძალიან კარგადაც იყავი, დორტმუნდში რომ ჩახვედი ევროპის ჩემპიონატზე, გაცილებით კარგად გრძნობდი თავს, ვიდრე დსთ-ს თასზე ჩასული იგრძნობდი.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაღაც სტატისტიკა ხომ იქნება, ვთქვათ, 1000 გულშემატკივრიდან რამდენმა იჩხუბა ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რამდენს ხარჯავდნენ აქ გატარებულ ერთ დღეში, მაგ სტატისტიკაში ისე კარგად წარმოვჩნდებით, რომ მიხვდებიან, რომ კარგი ხალხი ვართ. იტყვიან, „ჯიგრები“ არიან, ჩამოდიან, კარგად თამაშობენ, ხალხს უყვარს, კარგად იქცევიან, არ ჩხუბობენ - ის, რომ კარგი ფეხბურთელები და გულშემატკივრები გვყავდნენ, ეს დიდ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ შემოგვხედავს ევროპა. შეიძლება ტერიტორიულად, კონტინენტური ევროპის ცენტრისგან ცოტა შორს ვართ, მაგრამ მაინც ევროპა რომ ვართ, მაგას ბევრი რამით ვადასტურებდით, ჰაბიტუსით, პაბში მოქცევით, გულშემატკივრობითა თუ ფეხბურთის თამაშით და ევროპისთვის ეს ძალიან ძვირფასი სიახლე იყო. მჯერა, ქვეყნის შიგნითაც, ეს წარმატება ხალხს იმედს გაუჩენს, რომ მიუხედავად ნიჰილიზმში დახარჯული მილიარდებისა, მაინც არ ვართ ცუდად და კიდევ უფრო.



ესაუბრა, სალომე სალაძე

272 views
bottom of page