top of page

ქართველების წვლილი ევროპული სპორტის განვითარებაში

Updated: Aug 12, 2024

ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში წარმატებული უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ევროპული კულტურის, განათლების, სპორტისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში. მათი შემხედვარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართველების როლი ევროპული ცივილიზაციის განვითარებასა და წინსვლაში საკმაოდ მნიშვნელოვანია.


დღევანდელ გაზეთში ესპანეთში მცხოვრებ, შერეული ბრძოლების წარმატებულ წარმომადგენელს, ილია თოფურიას გაგაცნობთ. ინტერვიუში ილია თავის ევროპულ წარმატებაზე გესაუბრებათ. თუ სპორტით ხართ დაინტერესებული, მისი სახელი და გვარი აუცილებლად გექნებათ გაგონილი და ამ ბოლო დღეებში იმასაც მოჰკრავდით ყურს, რომ ილია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს.


ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, უამრავ სფეროში შეიძლება წარმატებული ქართველის მოძებნა, რომელსაც, ერთი მხრივ, იმ ქვეყნისთვის მოაქვს სარგებელი, რომელშიც ცხოვრობს, მეორე მხრივ კი, საქართველოს არაფორმალური ელჩია და ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს ევროპულ ასპარეზზე.

ილია თოფურია 15 წლის გახლდათ, მშობლებთან ერთად საქართველო რომ დატოვა და ესპანეთს მიაშურა. სწორედ ამ ქვეყანაში გაეცნო შერეულ საბრძოლო ხელოვნებას და აქ დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. ილია ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია და MMA-ში კარიერის მანძილზე ჯერ არ დამარცხებულა.



თქვენ ესპანეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი ხართ და ამ ქვეყნისთვის წარმატება მოგაქვთ, რაც არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რომ ქართველებს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, სხვადასხვა სფეროსა თუ სპორტის სახეობის განვითარებაში. რატომ გადაწყვიტეთ ევროკავშირში, კონკრეტულად ესპანეთში ასპარეზობა და არა სხვაგან?

ესპანეთში საცხოვრებლად 15 წლის ასაკში გადმოვედით, ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით. მართალია, ამ სპორტში ფეხი საქართველოში ავიდგით მე და ჩემმა ძმამ, თუმცა სერიოზული ნაბიჯები, განვითარება და უკვე სპორტსმენად ჩამოყალიბება ესპანეთში მოხდა. მე ქართველი ვარ და პირველ რიგში ჩემს სამშობლოს წარმოვადგენ, ოფიციალურადაც საქართველოს სახელით ვასპარეზობ. ამავე დროს, ბედნიერი ვარ წარმოვადგენდე ქვეყანას, სადაც გავიზარდე და უკვე 12 წელია ვცხოვრობ.



რა ხელშეწყობა გაქვთ, როგორც სპორტსმენს, ესპანეთისგან?

ჩემი სპორტული კარიერის ყველა ეტაპზე ვგრძნობდი თანადგომას ესპანეთისგან. ამ ქვეყანამ მიმიღო და დამინახა ისეთი, როგორიც ვარ.



როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი გამარჯვებებისადმი ესპანელებს?

საოცარი. ესპანელი გულშემატკივრები არ წყვეტენ ჩემს გაოცებას. ბრძოლიდან ბრძოლამდე, ყოველთვის განებივრებული ვარ უზარმაზარი სიყვარულით, სითბოთი და მხარდაჭერით. მათ მიმიღეს პირველი დღიდან და მეც მეამაყება, რომ საქართველოსთან ერთად ესპანეთის სახელიც გამაქვს მსოფლიო მასშტაბით. ეს საპასუხისმგებლო და თან ძალიან სასიხარულო ფაქტია.



თქვენი აზრით, რამდენად წასწევდა წინ თქვენს სპორტს საქართველოში ის, რომ ჩვენი ქვეყანაც ევროკავშირის წევრი ყოფილიყო?

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად. ევროკავშირის წევრობა ბევრი თვალსაზრისით არის წარმატებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. სპორტი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იქ, სადაც სხვა ინსტიტუტები ევროპული, მაღალი სტანდარტებით, გამართულად მუშაობენ, სადაც სიტყვის თავისუფლებაა, ადამიანის უფლებები დაცულია და შრომა დაფასებული, სპორტსაც მეტი შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, სპორტსმენი ჩრდილში რჩება არასათანადო პირობებისა და არასაკმარისი ხელშეწყობის გამო.



საქართველოცა და ესპანეთიც, ევროპის ქვეყნები არიან. რაიმე კულტურული მსგავსება ხომ არ გახსენდებათ ამ ორ ერს შორის?

ესპანეთი საქართველოს მსგავსად უძველესი კულტურის და ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა. მე ვიტყოდი, რომ ოჯახის, ღვინისა და კულინარიის, მოლხენის სიყვარული გვაერთიანებს. ესპანელები ხმაურიანი, ტემპერამენტით სავსე, გულღია ხალხია, უყვართ ემოციების გამოხატვა. ასე თუ შევხედავთ, საკმაოდ ბევრი საერთო გვაქვს.



თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის დაახლოება და შემდეგ მისი ევროკავშირის წევრობა.

საქართველო ისტორიულად და მენტალურად ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპას, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რელიგია, ტოლერანტობა და მსოფლმხედველობა თავისი არსით ყოველთვის იყო და იქნება პროევროპული. საქართველოს ადგილი ცალსახად ევროკავშირშია.



რომ არა ესპანეთი, როგორ ფიქრობთ, მიაღწევდით ასეთსავე წარმატებას საქართველოში?

რთულია ასე შეფასება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. სოციალურ-ეკონომიკური პირობები სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გვქონდეს. საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები თავის ნიჭს და სწრაფვებს უკანა პლანზე აყენებენ, იმისათვის, რომ ოჯახის უზრუნველყოფა შეძლონ. ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც იმ წუთას ფინანსურად მომგებიანია. ასეთ პირობებში ადამიანის ერთ-ერთი მთავარი, არჩევანის უფლება, შეზღუდულია. სწორედ ამისი შესაძლებლობა მომცა ევროპამ, გავყოლოდი ჩემს ოცნებას.


ესაუბრა, სალომე სალაძე

741 views
bottom of page