„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირების შემდეგ, საზოგადოება ორად გაიყო. “რაღაც” დგას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ “რაღაცამ” შეაღწია ოჯახებში, ნათესავებში, მეგობრებში, ახლობლებში. “რაღაცამ” გაყო ერი და ბერიც. “რაღაცამ” აღძრა შუღლი და დაპირისპირება, მტრობა და სიძულვილი ჩანერგა მათში.
დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ამ “რაღაცამ” ჩვენს ენას, მამულსაც და სარწმუნოებასაც საფრთხე შეუქმნა, წაგვართვა თავისუფლება და ერთობა, დაგვიმონა. სულ რაღაც, ოცდაათიოდე წელია, თითქოს, ძალები აღვიდგინეთ და მსხვერპლის ფასად გავერთიანდით, გავთავისუფლდით. აი, სწორედ ამ ერთობის მოშლას ცდილობს ახლა მტერი - “რაღაცა”. და თუ ერთობა აღარ არის, თუ ოჯახში, სანათესაოსა და საახლობლოშიც კი ვუპირისპირდებით ერთმანეთს “რაღაცის” გამო, მაშ როგორღა ვიცავთ მამულს და ენას? თუ არ იქნა ერთობა, მაშ რაღაა მამული? თუ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, მაშ რაღაა ქართული? თუ ქრისტეს ნაცვლად, „მამონა“(ერთი კაცის ფული) გავიხადეთ ღმერთად, მაშ სადაა სარწმუნოება?
ეს “რაღაცა” იყო და არის რუსული - სამწუხაროდ, ბინძური ჩექმა, რომელიც დღეს გამჭვირვალობით შენიღბულა და მოწმენდილ ცაზე, სულ არაფრიდან, ერთი წლის წინ მივიწყებული, თურმე უცებ გამოჩენილა.
ამ თემის კვლავ წინ წამოწევას სხვა მიზნები აქვს - გამოფიტონ ქართველი ხალხი, ღირსება შეულახონ, მისი ენერგია მიმართონ სრულიად უაზრო საკითხზე, და ამით გადაფარონ მნიშვნელოვანი და ხალხისთვის ეგზისტენციალური თემები. ბრაზმორეულ ქართველ ხალხს, შეურაცხყოფილს, გაუბედურებულს, ულუკმაპუროდ დარჩენილ ასიათასობით პატარასა თუ დიდს, მილიონზე მეტ ემიგრანტს, ცოტაც და ამოევსება მოთმინების ფიალა!
თუ აქამდე მხოლოდ გამჭვირვალობაზე საუბრობდნენ, ახლა უკვე დაუფარავად, ყოველივე დასავლურს/ევროპულს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მათში დასაქმებულ ასიათასობით ქართველს ქვეყნის მტრებად აცხადებენ. ყალბი პატრიოტიზმის ნიღბით, ქმნიან ანტიდასავლურ იდეოლოგიას. ამაზე მეტი სამოქალაქო დაპირისპირება რა გინდათ?! ფსევდო ლოზუნგიც - “ღირსებით ევროპისკენ” მალე შეიცვლება იმ მოტივით, რომ ასეთებს არ გვღებულებენ. ეს არის ცხადი იზოლაციონიზმი, მტრის ხახაში თავის ჩაგდება და დამონება.
არასამთავრობო ორგანიზაცია რომ ხარ და ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებას იღებ, იქნებ შენს ქვეყანას რამით დაეხმარო და გამოადგე, ამას არქმევენ “ქვეყნის გამყიდველობას”, “აგენტობას”, და “უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ ყოფნას”, ამ ყველაფრის შეფუთვა სურთ ვითომ გამჭვირვალობით. ხოლო მოსამართლეები და სახელმწიფო ჩინოვნიკები უცებ რომ გამდიდრდნენ და მილიონიანი ვილები აქვთ, აი მათი შემოსავლების შემოწმება ყოფილა თურმე შეურაცხყოფა, ხოლო თავად ეგენი ძალიან კეთილსინდისიერი ხალხი.
იმ უამრავ სიკეთეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მეგობრები ჩვენს ქვეყანას ახმარენ, “უცხო” რომ გინდათ უწოდოთ, შენს კეთილისმსურველ თანამემამულეს “აგენტის” და “უცხო ძალის გავლენის” იარლიყი მიაწებოთ (იმ პირობებში, როცა არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოგივლენია 12 წელია), რაიმე კრიტიკულის მთქმელს ეგრევე “ნაცი” ეძახოთ, და ეს ყოველივე თქვენი მონური, მლიქვნელური დამოკიდებულების გამო, ამიტომაც ხართ სინდისგარეცხილები. სინდისი - დიახ, ეს ჭეშმარიტების სიყვარულია და თქვენ ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს ხართ.
ფუჭია იმ სასულიერო პირის საქმიანობა, რომელიც კი ხედავს და გრძნობს ქვეყნის ამ გასაჭირს, ხედავს როგორ იმონებს და წამლავს მტერი/ბოროტება მისი სამწყსოს გონებას, მაგრამ დუმს ამ ყოველივეზე თავის წრეშიც. მართლა დაგავიწყდათ, რასთან ბრძოლას შეეწირნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი წმიდა მოწამე პატრიარქები?! დაგავიწყდათ, რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე?! ანთიმოზ ივერიელი?! რატომ არ ჩაესვლებოდა გრიგოლ ფერაძეს საქართველოში; იმიტომ ხომ არა, რომ მასაც “აგენტს” უწოდებდნენ?! და სხვა მრავალი და მრავალი… და მაინც რა ქრისტიანის საქმეა პოლიტიკა და ერის გასაჭირი?! თუ შენი ხალხის გონება ბოროტს დაუბინდავს, დაუმონებია მისი სული, ბოროტისთვის კეთილი უწოდებია, ხოლო კეთილისთვის ბოროტი, აბა ვისი საქმეა ამაზე ხმის ამოღება?!
მთელი ცივილური სამყარო გვეუბნება, რომ არა, ეს კანონი არ შეგვესაბამება არც ჩვენ და არც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ერთხელ უკვე გაიბრძოლა და ერთი წლის წინ ჩაშალა კიდეც ამ კანონის მიღება. უმრავლესობა ახლაც იმავე პოზიციაზეა. რა შეუგნებელი უნდა იყო, რომ გჯეროდეს პროპაგანდისა, რომელიც გეუბნება, რომ თითქოს ეს კანონი უბრალოდ “გამჭვირვალობას” ეხება. გასაგებია, რომ, სამწუხაროდ, საზოგად ადვილად მოწყვლად წრეებს ამით ატყუებთ, მაგრამ ნუთუ იმ დონეზე მოიწამლეთ, წაგერთვათ სინდისი, რომ თავსაც იტყუებთ მხოლოდ თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო?! ნუთუ თქვენი “ორი ლუკმა” ღირს, ქვეყნის უარეს ჭირში ჩასაგდებად?! ნუთუ რომელიმე პარტიის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს - ინტერესი?! წარმოუდგენელია, რომ ასეთ დროს ერი გავმიჯნოთ ბერისგან და ვთქვათ, რომ ეს ბერის საქმე არ არის… წარმოუდგენელია, რომ ბერს არ სტკიოდეს ერისა, და მისი ლოცვა უფლის მიმართ ქმედითად არ იყოს გამოხატული სიტყვაში…
შეუძლებელია საუბრობდე ღირსებაზე, რომელიც ყველა უფლებათა და თავისუფლებათა წყაროა, და ამავე დროს იყო პარტიული მონა-მორჩილი - ერთი კაცის ნების უსიტყვოდ ამსრულებელი.
შეუძლებელია საუბრობდე სარწმუნოებაზე, რომლის ინსტრუმენტალიზებასაც ახდენ და შენი პარტიული ინტერესების იარაღად გამოყენება გსურს, და ამავე დროს, რაიმე საერთო გქონდეს ცოცხალ ქრისტეს რწმენასთან, რომელიც ყოველთვის ადამიანის სამსახურში დგას.
შეუძლებელია იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, საუბრობდე მის სუვერენიტეტზე და შენი თანამემამულეების ძალიან დიდ ნაწილს კი აცხადებდე აგენტად და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად, ეწეოდე სტიგმატიზებას 100 ათასობით ადამიანისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებებში, და თან, მთელი 12 წლის განმავლობაში ერთი მტრული ქვეყნის, რუსეთის აგენტი არ გყავდეს გამოვლენილი და ამაზე საერთოდ არ გქონდეს პრეტენზია და ხმა ამოღებული.
რუსული კანონის მხარდამჭერები განაგრძობენ საზოგადოების იმ ნაწილის სტიგმატიზებას, რომელიც ამ კანონს ეწინააღმდეგება და ევროპულ, თავისუფალ და ღირსეულ არჩევანს აკეთებს, და აზიარებენ ვიდეოებს და სურათებს ახალგაზრდა, ვიტყოდი “ფერადი” თაობისა, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა, ვიღაცისთვის სამაგალითოდ ვერ იქცეოდნენ აქციაზე, როცა ემოციური ტალღა მაღალია, მაგრამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რაც ნაკლებად ესმის უფროს თაობას, და რაც ხდება სწორედ თაობათა შორის ხიდჩატეხილობის მიზეზი.
მრავალ მიზეზთა შორის არის ისიც, რომ დღეს ჩვენ გვყავს უკვე ორი თაობა, რომელიც პრაქტიკულად მშობლების მზრუნველობასა და აღზრდას მოკლებული გაიზარდა. მათ მოაკლდათ პირველ რიგში სითბო და ოჯახური გარემო და ეს განპირობებული იყო სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირით. თუმცა ხშირად გაჭირვებაც უფრო მიზეზად იქცა ოჯახებიდან გამოსასვლელად და ემიგრაციაში წასასვლელად, რადგან ოჯახური ძალადობის უკიდურესად მძიმე შემთხვევებს ჰქონდა და აქვს ადგილი.
რაც შეეხება ამ ახალგაზრდებს. დიახ, ეს ახალი, ჩვენგან სრულიად განსხვავებული თაობაა. თაობა, რომელიც მრავალ ტალანტთან და ზენიჭიერებასთან ერთად, მრავალ ტკივილსა და ტრამვას იტევს. მათ უნდა გავუფრთხილდეთ, სითბო და სიყვარული ვანახოთ. ისინი ღვთის უნიკალური შვილები არიან და ღმერთი მათითაც გვანახებს, თუ რა არის არსებითი, რომ ადამიანში ფასეული, პირველ რიგში, ღირსება და ადამიანობაა.
საქმე მხოლოდღა “რაღაც” კანონში არ არის, ან ამ კანონის აუცილებლობაში, არამედ იმ თავხედობაში, რომელსაც ამ კანონის ინიციატორები, ან უფრო, “ერთ აზრს” დამონებული დამქაშები იჩენენ ხალხის მიმართ. დიახ, ხალხის მიმართ, რომელმაც მძიმე წნეხი იწვნია საკუთარ თავზე, რათა შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს და მის მიღმა არსებულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. ეს ფლიდობა იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სახელმწიფოზე ზრუნვა მივანდეთ, უკვე წესად ქცეულა და ძარღვიც კი არ უტოკდებათ, ისე უტიფრად გადადიან საკუთარსავე სიტვას, რომელიც ჩალის ფასადაც აღარ ღირს უკვე.
იმ დროს, როცა ქვეყანა მრავალმხრივი განსაცდელის წინაშე დგას, ადამიანები ეგზისტენციალურ კრიზისში იმყოფებიან, კატასტროფულად იმატებს ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა, იუმედობასა და ნიჰილიზმს მოუცავს ერი თუ ბერი, ქვეყნის მსაჯულთ (მოსამართლეთ) საკუთარი კეთილსინდისიერებაც კი ვერ დაუმტკიცებიათ და სხვათა (ჩვენს - საზოგადოების) მსაჯულებად გვევლინებიან, მტრისთვის მტერი ვერ გვიწოდებია და მოყვრისთვის მოყვარე, გაუმაძღრობით დავმონებულვართ მამონას, უცხო გამხდარა თავდადება და „ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის“, აი, სწორედ ამ დროს, ხელისუფალი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აქცენტებს სვამს ბრბოს იმ ნაწილზე, რომელიც სენსიტიურად აღიქვამს ოჯახის ცნებას და საჭიროებს შეხსენებას, რომ „დედა დედაა და მამა - მამა“. ეს იმ დროს, როცა სწორედ ამ ბრბოში, თუმცა კი ჩვენს ნაწილში, ჭარბობს ოჯახური ძალადობა, აღზრდის დეფიციტი, ემიგრანტი მშობლის კმაყოფაზე „ბირჟაობა“ და დამოკიდებულება აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკებისადმი - ასე კარგად, მათ „მოძღვართ“ ხელი რომ შეუთბიათ.
სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო ახლოსაა. ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია „სადამსჯელო ჯგუფების“ მობილიზება, მაროდიორობაც გარდაუვალია და შეეცდებიან ეს მიეწეროთ ახალგაზრდებს, კვლავ მათი დემონიზებისა და სტიგმატიზების მიზნით, საპროტესტო მუხტის ჩასაგდებად. ძალადობა შობს ძალადობას. შეუძლებელია კომპრომისი იმაზე, რომ ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს მტერს და აგენტს ეძახდეს. კომპრომისი მართებს დაქირავებულ ხელისუფლებას, ის არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, რომელსაც ვერ და არ ექნება დასასრული, ვიდრე კანონი არ გაჩერდება.
გვახსოვდეს ეროვნული გმირის, მეცნიერის, სხვისთვის თავდადებული მოწამის, ქართველი ემიგრანტისა და ჭეშმარიტი მღვდლის, წმ. გრიგოლ ფერაძის სიტყვები:
„მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის. მოქალაქეობაა სხვის აზრის გაგონება, ადამიანში ადამიანის ძებნა და დაფასება, მსხვერპლის გაღება, თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად.“
კარგი ქრისტიანები რომ ვიყოთ, ჯერ კეთილსინდისიერ მოქალაქეებად უნდა ჩამოვყალიბდეთ!“
არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა
კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი