top of page

შენი ხმა ევროკავშირს

Updated: Aug 12


დეკემბერში, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს; დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველომ, გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად და მეტი სასიკეთო რეფორმის სწრაფად გასატარებლად, იმ დროისათვის დარჩენილი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. ამის შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება და მისი თითოეული მოქალაქე ევროკავშირის ყველა სიკეთით ისარგებლებს. ეს არის საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მოლოდინი და ნება.


„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ ნადვილად უნდა გაითვალისწინოს. მათ [ხელისუფლებამ] უნდა დაიწყონ თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების

ორგანიზაციებთან, და, რა თქმა უნდა, 12 რეკომენდაციაზე ფოკუსირდნენ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. ერთ დროს სამეულის ლიდერი საქართველო, ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას - ამ ორმა ქვეყანამ კანდიდატობის სტატუსი დიდი ხანია მოიპოვა და სავარაუდოდ 2024 წლის მარტისთვის, სრული წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება. ნათელია ისიც, რომ გაუტარებელი რეფორმების გამო საქართველოს ჩამორჩენის და დაკარგული დროის მიუხედავად (რის გამოც ჩამოვრჩით უკრაინას და მოლდოვას) - ევროკავშირს ესმის ქართველი ხალხის ნება და ხმა, დანარჩენი კი გადასაწყვეტია, თუკი საერთო ეროვნული თანხმობით საერთო მიზნამდე მისვლა გვინდა. როგორც არ უნდა შეეცადონ მოვლენების განსხვავებულად ახსნას - ასეთია რეალობა.


ყველაფერი საქართველოს მოქალაქეების ხელშია. გაგრძელდება და გაძლიერდება ხალხის ერთობა - შესრულდება ხალხის ნება და უკეთეს, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. სხვა სცენარს მოქალაქეების უმრავლესობა არც კი განიხილავს.


გვერდზე გადავდოთ ყველასათვის დამღლელი კამათი იმაზე, თუ ვინ დაიმსახურა სტატუსის რეკომენდაცია - ხალხმა და ხელისუფლებამ (რომელსაც უთხრეს, რომ ხალხს მოუსმინოს), თუ ქართველმა ხალხმა (რომლის ნაწილად წესით და რიგით ხელისუფლებაც უნდა მიიჩნევდეს თავს). შევხედოთ - სად ვართ, რა გვინდა, რატომ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის მისაღებად, რაც გვინდა.



ბოლო 30 წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა (85% პროცენტზე მეტი) მტკიცედ ირჩევს საქართველოს ევროპულ მომავალს. - რატომ ხდება ასე? რისი ნაწილი გვინდა რომ ვიყოთ?

თუ სტაბილური მშვიდობა, კეთილდღეობა, სოციალური დაცვა, თითოეული მოქალაქის თავისუფლება, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, სამართლიანი კანონის წინაშე მოქალაქეების თანასწორობა, ძლიერი და ღია საზოგადოება - ადამიანების უმრავლესობისთვის ოცნებაა - მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა ევროკავშირზე წარმატებული პოლიტიკური პროექტი და გაერთიანება, რომელიც ადამიანებს ყველა ამ სიკეთეს ერთად მისცემდა.



რა არის ეს ყველასათვის ცნობილი სიკეთეები:

§ სტაბილური მშვიდობა - ევროკავშირის წევრ არცერთ სახელმწიფოში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი გახდა, ომი არ ყოფილა

§ მსოფლიოში საუკეთესო სოციალური დაცვა - მთელ მსოფლიოში მოქალაქეების ყველაზე მაღალი სოციალური დაცვა - ევროკავშირშია. ევროკავშირის მოქალაქე არ შეიძლება იყოს ღატაკი ან უსახლკარო; გარანტირებული აქვს მაღალი პენსია და მრავალი სხვადასხვა დანიშნულების სოციალური დახმარება

§ მაღალი ხელფასი - ევროკავშირში კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასითაც კი, მოქალაქეს შეუძლია ღირსეულად ცხოვრება

§ საუკეთესო ხარისხის ხელმისაწვდომი განათლება - ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის საუნივერსიტეტო განათლება უფასოდ მიიღოს

§ საუკეთესო საყოველთაო ჯანდაცვა - ევროკავშირის უკლებლივ ყველა მოქალაქეს, შემოსავლის მიუხედავად, გარანტირებული აქვს საუკეთესო ხარისხის მკურნალობა, რომლის ხარჯსაც მთლიანად, ან თითქმის მთლიანად სახელმწიფო ფარავს

§ კულტურის, ტრადიციის და თვითმყოფადობის დაცვა - ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებაა - ერთიანობა მრავალფეროვნებაში. შესაბამისად, არსად მსოფლიოში არ არის თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი თემების ტრადიცია, ფოლკლორი, ადათი, ენა და ცხოვრების წესი ისე დაცული, როგორც ევროკავშირში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების დაცვაში ევროკავშირი მსოფლიო სტანდარტს აწესებს

§ ბედნიერების აღქმა - საერთაშორისო გამოკითხვით, იმ ქვეყნების ათეულში, სადაც მოქალაქეები თავს ყველაზე უფრო ბედნიერად მიიჩნევენ - 8 ევროპის ქვეყანაა. როცა შენი ქვეყანა, შენი კულტურა, შენი ოჯახი დაცულია, დაცული ხარ სიღატაკისგან და უსამართლობისგან და უამრავი შესაძლებლობა გაქვს გახსნილი - მაშინ, ბუნებრივია, თავსაც ბედნიერად გრძნობ

§ მოქალაქის ღირსება და თავისუფლება გარანტირებულია - ევროკავშირის ყველა სიკეთე იმის შედეგია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იზიარებენ სახელმწიფოს მოწყობის მთავარ პრინციპს - ევროკავშირში ყველა მოქალაქე თანასწორია სამართლიანი კანონის წინაშე, კანონი და სახელმწიფო იცავს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას და უფლებებს, მთავრობებს სამართლიანი არჩევნებით ირჩევენ, ხელისუფლება ხალხთან ანგარიშვალდებულია და მისი სახელით მართავს ქვეყანას.


ყველაფერ ამას დაადასტურებს ყველა, ვისაც ევროკავშირში თუნდაც დროებით უცხოვრია.


ამიტომაც გვინდა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობა. გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ და მთელი ჩვენი ისტორია ევროპასთან ერთობის მისწრაფება და ამ ერთობისთვის ბრძოლაა, შესაბამისად, ევროპა, მხოლოდ უკეთესი ცხოვრების, ჩვენთვის უცხო ადგილი კი არა, კულტურულად ის ადგილია, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენი კულტურით, ტრადიციით და ისტორიით. ქართველებისთვის ევროპა ჩვენი სახლია, სადაც მრავალი განსაცდელის შემდეგ ვბრუნდებით.



რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რა შეგვიძლია გავაკეთოთ საერთო მიზნის მისაღწევად?

ამ კითხვაზე ერთადერთ სწორ პასუხს ოთხი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

1.ევროკავშირის წევრობა - საუკეთესო არჩევანია. საქართველოსთვის არ არსებობს უკეთესი მომავალი და გზა, იმისათვის, რათა ყველა მწვავე პრობლემა სწრაფად და საბოლოოდ მოვაგვაროთ, უსაფრთხო, თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ; უკლებლივ ყველა მოქალაქის ცხოვრება საგრძნობლად რომ გაუმჯობესდეს; და შემდეგ, მუდმივი და შეუფერხებელი წინსვლა გვქონდეს, როგორც სახელმწიფოების, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გაერთიანების ნაწილს.

2. სასწორზე ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების ბედია. პირდაპირი გაგებით წყდება თითოეული ჩვენგანის, და მომავალ თაობებში უკლებლივ ყველა ადამიანის ბედი, შედეგზე კი, ახლანდელი თაობა ვართ პასუხისმგებელი. არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს იმ მომავალთან, რომელიც ქართველებს აგვირჩევია და რომლისთვისაც გვიბრძოლია. არჩევანი მარტივია - ან უნდა დავიმკვიდროთ საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროკავშირში და ის მომავალი, რომელიც ავირჩიეთ, ან ეს ისტორიული შესაძლებლობა, მტრის გასახარად, ხელიდან გავუშვათ - რაც ბუნებრივია, არც კი განიხილება.

3. საქართველოს ევროპულ არჩევანში გვაქვს შეურყეველი ერთობა -

საქმიანობის, შემოსავლის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, განათლების, შეხედულებების თუ ნებისმიერი სხვა განსხვავების მიუხედავად - საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი (85 %-ზე მეტი) ვთანხმდებით იმაზე, რომ მრავალი უდავო მიზეზის გამო, საქართველოს ადგილი და მომავალი ევროკავშირშია და არა სხვაგან. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველებს არაფერი გვაერთიანებს უფრო მეტად და ძლიერად, ვიდრე ეს მისწრაფება. ეს არის ჩვენი დიდი და შეურყეველი ერთობა მთავარში - ქვეყნის მომავლის არჩევანში.

4. ყველაფერი ქართველი ხალხის ერთობაზე, თითოეული ჩვენგანის ხმაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ძალა, რომელმაც ტყუილით, დაშინებით თუ თუნდაც უხეში ძალით საზოგადოების, ხალხის ერთობა დაამარცხოს. ისევე როგორც, არ არსებობს არცერთი თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც მის ხალხს თავის დროზე ამ მთავარში - ქვეყნის მომავლის არჩევანში ერთობით არ მოეპოვებინოს. ამ ერთობამ მოუტანა ქართველ ხალხს ყველა გამარჯვება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. საქართველოს ახლანდელი გამარჯვებაც - ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის რეკომენდაციის მიღება - ამ ერთობის გამარჯვებაა. კანდიდატობის რეკომენდაცია იმის შედეგად მივიღეთ, რომ ევროკავშირმა გაიგონა ქართველი ხალხის ხმა, და ამ ხმამ გადაწონა ევროკავშირში შესასვლელად აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემები. ხალხის ხმა - გადამწყვეტია. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის ეს იშვიათი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ, საკუთარ სინდისთან, წარსულ და მომავალ თაობებთან მართლები ვიყოთ და ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ - ჩვენი არჩევანი უნდა დავიცვათ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.


როგორც არაერთხელ გვინახავს და ახლაც ვხედავთ, ხალხის ერთობას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომაც არის რუსული დეზინფორმაციის ტყუილის ნიაღვარი მომართული საზოგადოებაში ერთობის დასუსტებაზე, საზოგადოების დაყოფაზე, და საბოლოო ჯამში იმაზე, რომ მოქალაქეებმა დაკარგონ მომავლის იმედი და რწმენა, რომ მომავალი მათ ხელშია, ხელი ჩაიქნიონ, ერთმანეთის ნდობა დაკარგონ, ხმა აღარ ამოიღონ და დანებდნენ. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ რუსული დეზინფორმაცია თავის მიზნებს ვერ აღწევს - ძნელია საღად მოაზროვნე ადამიანებს დააჯერო, რომ თავისთვის და თავისი ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალზე უარი თქვან და მტერს დანებება, და სიღატაკესა და უსამართლობაში ცხოვრება აირჩიონ.


რადგან საქართველოს მოქალაქეების ერთობის ხმა გადამწყვეტია - საბოლოო მიზნის, ევროკავშირის წევრობის მიღწევამდე, ჩვენი ერთობის ხმა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას უნდა ესმოდეს.

დღეიდან დეკემბრამდე, როდესაც ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ხმა კიდევ უფრო კარგად უნდა გავაგონოთ ევროკავშირს. საქართველოს ევროპელი მეგობრები უნდა ხედავდნენ ჩვენს ერთობას და ჩვენს უცვლელ არჩევანს და ესმოდეთ ჩვენი ხმა და გზავნილი - ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.


დეკემბერში, იმედი გვაქვს, საქართველო სტატუსს მიიღებს, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრობამდე სულ ერთი ნაბიჯი დაგვრჩება - იმ ცვლილებების გატარება, რომელიც ევროკავშირის კარს გაგვიღებს. აქაც ჩვენი ერთობა და ხმა გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ ცვლილებებს ფართო საზოგადოების, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ამ მხარდაჭერით ყველა ეს ცვლილება სწრაფად და სრულად უნდა განხორციელდეს, ისევ დრო რომ არ დავკარგოთ, ყველა არსებული დაბრკოლება გადავლახოთ და მოქალაქეების საერთო ნების საწინააღმდეგოდ ახალი პრობლემების ხელოვნურად შექმნა გამოვრიცხოთ.


იმისთვის, რათა ჩვენი ხმა ყველას ესმოდეს, ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს - საზოგადოების პროევროპულ მიმართვებსა და განცხადებებზე ხელმოწერიდან, საკუთარი აზრის გამოხატვიდან და საზოგადოების შეკრებებში მონაწილეობიდან - მომავალ წელს, საარჩევნო ყუთთან ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრკოლებებს აღმოფხვრის. რადგან სასწორზე ქვეყნის ბედი დევს - ამის გაკეთება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და პატივია, და რადგან ყველაფერი მოქალაქეების ერთობის ხმაზეა დამოკიდებული - თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია.



ავტორი: ირაკლი ჭყონია

27 views
bottom of page