2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას - „როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ?“
ჩვენ ყოველდღიურად ტელევიზიით ვუმზერთ პოლიტიკოსებს, რომლებიც გვაშინებენ ომითა და არეულობით. ნაცვლად იმისა, რომ თქვენს წინაშე არსებულ პრობლემებს - უმუშევრობას, მაღალ ფასებს, სიღარიბეს უმკლავდებოდნენ, ჩვენი შეშინებითა და ურთიერთდაპირისპირებით არიან დაკავებულები. მაგრამ, ამ არჩევნებზე ჩვენ სხვა რამეს ავირჩევთ - ევროკავშირს.
ავირჩევთ ევროკავშირს, რომელიც კეთილდღეობის კავშირია, სადაც საუკეთესო სოციალური დაცვის სისტემაა და სიღარიბე დამარცხებულია, სადაც 100-დან მხოლოდ 6 ადამიანია უმუშევარი, სადაც საბანკო კრედიტი წლიურ 4%-ად არის, სადაც ადამიანები 7 წლით მეტს ცოცხლობენ ვიდრე საქართველოში.
ავირჩევთ მშვიდობის კავშირის, სადაც მისი შექმნის დღიდან წევრ არცერთ სახელმწიფოს ომი არ ჰქონია.
ავირჩევთ კავშირს, რომელიც ეფექტურად იცავს ყველა წევრის კულტურასა და ტრადიციებს, უფრთხილდება მას როგორც განსაკურებულ სიმდიდრეს.
ავირჩევთ განათლებისა და მეცნიერების კავშირის, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები და სკოლებია.
და ბოლოს, ავირჩევთ ბედნიერად ცხოვრებას. რადგან ევროკავშირი ბედნიერების კავშირია. ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში - ევროკავშირის წევრი 8 ქვეყანაა.
სწორედ ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი ქართველ ხალხს, არჩევანი აწმყოსა და მომავალს შორის, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, არჩევანი ევროპულ კეთილდღეობასა და რუსულ ჭაობს შორის.
ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს
აჩი არველაძე: „ჩემი კარიერიდან გამომდინარე, მომიწია 15 წელი ევროპაში ცხოვრება, შესაბამისად, ძალიან მარტივია ჩემთვის გავაკეთო ანალიზი, რა არის ჩვენთვის კარგი, რა არის ჩვენი შვილებისთვის კარგი და რა არის ჩვენი მომავლისთვის კარგი - კარგი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი შვილებისთვის განათლება და მშრომელი კაცისთვის, სპორტსმენი იქნება ის თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ის ასპარეზი, რაც არსებობს ევროპაში. ძალიან მაგარია ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ სულ თავდაყირა დადგა ევროპაში წასვლის შემდეგ მისი კარიერა, გახდა ათიათასჯერ მაგარი, ათიათასჯერ უფრო ძვირი და ღირებული. ძალიან მაგარია როცა ქართველი ამხელა ასპარეზზე აღწევს წარმატებას და სწორედ ეს სარბიელი გვჭირდება საქართველოს.“
დათო ტურაშვილი: „ყველა ევროპული ღირებულება, ან მათი უმრავლესობა, სინამდვილეში, ჩვენთვის არ არის ახალი და არის ძალიან ძველი. ევროპა არის ჩვენი ძველი სახლი, რომელსაც მოვწყდით, სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დიდი იმპერიების გამო. ფრასმან ქველი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებლი, თამარ მეფე თუ სულხან-საბა, სულ ევროპის სასარგებლოდ აკეთებდნენ არჩევანს და სულ ცდილობდნენ საქართველო დაბრუნებულიყო ევროპულ სახლში, მაგრამ, არცერთი მათგანის დროს არ ქონია საქართველოს ასეთი შანსი, რომ ასე ახლოს ყოფილიყო ევროპულ წიაღთან. სულ ცოტა გვაკლია, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ წიაღს, ჩვენს ისტორიულ სახლს“.
გიორგი უშიკიშვილი: „ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თვითმყოფადობისა და ტრადიციების გადარჩენისთვის აუცილებელია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რუსული პროპაგანდის გავლენით, ჰგონია, რომ ევროკავშირი წაგვართმევს რაღაც მნიშვნელოვანს - ტრადიციებს, სარწმუნოებას ან ენას. არადა, პირიქით, ევროკავშირშია პატივისცემა ერთმანეთისა! მიმაჩნია, რომ საქართველოს თვითმყოფადობის გადარჩენის გზა გადის სწორედ ევროკავშირზე. გარდა ამისა, დღეს საქართველოში ჩამოშლილია ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, სოციალური დაცვის საკითხები ამ გამოწვევების დაძლევას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.“
ნინო ქათამაძე: „ყოველთვის გვაჯერებდნენ რომ არჩევნებზე ჩვენს ხმას არანაირი ძალა არ აქვს, სინამდვილეში ერთადერთი, რაც ხელუხლებელია და მთავარია ჩვენს ცხოვრებაში, ეს არის ჩვენი ხმა, ჩვენი არჩევანი. ეს არჩევანი ყოველთვის იყო უკეთესი, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული.
ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ის იყო და არის ევროპული ოჯახის წევრი.
გააკეთე სწორი არჩევანი და დაიცავი შენი ხმა!
დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“