ევროკავშირის წევრ შვედეთში ასეთი ტრადიცია შემოუნახავთ - ყოველი წლის 30 აპრილს, როგორც კი შეღამდება, მთელ ქვეყანაში, სამეზობლო, სამეგობრო, უცნობები თუ ნაცნობები ერთად იკრიბებიან და დიდ კოცონს ანთებენ. სტუდენტურ ქალაქებში, ლუნდსა და უფსალაში კი ახალგაზრდები ჭიქა სასმლით ახლომდებარე პარკებში გროვდებიან და ცეცხლს იქ აჩაღებენ.
თურმე, კოცონში ცეცხლი რაც უფრო მეტად გიზგიზებს, მით უკეთესია, რადგან, ამ ცეცხლით, ლეგენდის თანახმად, ბოროტი სულები ფრთხებიან და გაზაფხულის მოსვლას ხელს ვეღარ უშლიან. იფიქრებთ, 30 აპრილს რა გაზაფხულს ეგებებიანო, მაგრამ, ცივ შვედეთში, გაზაფხული, ჩვენგან დაგვიანებით, სწორედ ამ დროს დგება.
არ ვიცით, შვედებიც ისე გულადად ცდილობენ თუ არა ამ ღამით დანთებულ კოცონზე გადახტომას, როგორც ჩვენ, მაგრამ ეს ტრადიცია ძალიან ჰგავს ჩვენს ჭიაკოკონობას, რომელიც უძველესი ქართული რიტუალია და რომლის დროსაც, როგორც ამბობენ, ადამიანები ავი სულებისგან იწმინდებიან.