top of page

ჩიხი ამერიკასთან ურთიერთობებში: დანაკარგი ქვეყნისთვის, სარგებელი მმართველი პარტიისთვის

Updated: Nov 2


 

ბოლო პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობები არნახულად გაუარესდა. წლების წინ სამხრეთ კავკასიაში ამერიკისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი, ყველაზე გაუგებარ პარტნიორად გადაიქცა. პირველად ორი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს მმართველი პარტიის წევრებს ამერიკამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ხოლო მთავრობას 100 მილიონამდე დოლარის ოდენობის ფინანსური და ეკონომიკური დახმარება შეუჩერა.


ურთიერთობების გაფუჭების მთავარი საფუძველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დემოკრატიის უგულებელყოფაა. ავტოკრატიზაციის გზაზე მდგარი ხელისუფლება, ახლა დისკომფორტს განიცდის ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში, ხოლო კომფორტს — ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობისას. ამ გზით, პარტიული ინტერესით მოქმედი საქართველოს ხელისუფლება, ეჭვქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას — გახდეს დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრი და, ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებით, შეძლოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევა.


თუმცა ამერიკასთან ურთიერთობების საწყის ნიშნულზე დაბრუნება და მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება შესაძლებელია. ამისთვის, აუცილებელია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველომ თავი დააღწიოს ერთპარტიული მმართველობის პრაქტიკას და, რამდენიმე პარტიას შორის ძალაუფლების განაწილებით, საფუძველი ჩაუყაროს მოქალაქეზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სივრცეს, რომელშიც ყველას უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა შესაძლებელი იქნება.

 

„ქართული ოცნების“ დემოკრატიის პრობლემა: კარგი ამერიკა 2012 წელს, ცუდი ამერიკა 2024 წელს

საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლის მთავარი მიზეზი საქართველოს ხელისუფლებაა: ძალაუფლების მეოთხე ვადით მოპოვების მსურველ „ქართულ ოცნებას“, არ სურს დემოკრატიის საკვანძო წესებით თამაში. მას არ სურს ქვეყანა მართოს არც უმრავლესობის, და არც უმცირესობის ინტერესებით, ხოლო ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დემოკრატია არათუ გაძლიერდა, არამედ საგრძნობლად შესუსტდა.


აშშ-ის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემყარება სურვილს, რომ ამერიკამ თვალი დახუჭოს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და უცვლელად განაგრძოს ავტორიტარული ხელისუფლებისთვის ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაწევა. 2012 წელს, ოპოზიციაში მყოფ „ქართული ოცნებას“ ამერიკისგან სხვა მოლოდინი ჰქონდა: მას სურდა ამერიკას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარი დაეჭირა, რასაც ავტოკრატიზაციის გზაზე მდგარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უშლიდა ხელს. 2024 წელს, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ახლა უკვე თავად ადგას ავტოკრატიზაციის გზას, ამერიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას ის საფრთხედ აღიქვამს.


საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა უმთავრესად სწორედ დემოკრატიის შესახებ განსხვავებებით აიხსნება. ამერიკა საქართველოში მხარს უჭერს დემოკრატიის განვითარებას, რადგან სწორედ დემოკრატიაა ხელისუფლების ისეთი სისტემა, რომელშიც მმართველობის სხვა სისტემებზე უკეთ არის დაცული ადამიანის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები. დემოკრატიის კონსოლიდაცია ასევე ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიის გაძლიერება ძალაუფლების დათმობას ან მისი ოპოზიციისთვის გაზიარებას გულისხმობს, რაც მისთვის მიუღებელია. სწორედ დემოკრატიული მმართველობის შესახებ ეს განსხვავებები ქმნის ამერიკასთან ურთიერთობების გაუარესების წინაპირობას.

 

სარგებელი პარტიისთვის, დანაკარგი ხალხისთვის


ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობები სარგებელს მოუტანს „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას — ამერიკის მტრის ხატად წარმოჩენითა და გამოგონილი კონსპირაციის თეორიების გამოყენებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო სარგებელი მიიღოს.


თუმცა, „ქართული ოცნების“ ეს მიდგომა დააზიანებს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებით, საქართველო რისკავს დაკარგოს მოკავშირე, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა სექტორის გაძლიერებაში: დაწყებული ჯარით და კულტურული და რელიგიური ძეგლებით, დამთავრებული გზებითა და აეროპორტებით.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა:


·       დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და განმტკიცება. სწორედ ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ახერხებენ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. სხვა შემთხვევაში, დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მიერ, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ემუქრებათ;


·       ქართული ჯარის გაძლიერება. ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ ჯარს და ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება. დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში, არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც მზად არის საქართველოს მსგავსი მასშტაბის დახმარება გაუწიოს. ასეთი დახმარების არარსებობის ან შემცირების შემთხვევაში, საქართველოს გაუჭირდება თავი დაიცვას არათუ რუსეთის აგრესიისგან, არამედ სხვა პოტენციური საფრთხეებისგანაც;


·       ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და ფინანსური დახმარება აძლიერებდა, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკას და ჯანდაცვას, ქვეყნის საზღვარს, პოლიციას, სასამართლო სისტემას, საგადასახადო სისტემას, ქვეყნის ინფრასტრუქტურას, გზებს, პორტებსა და აეროპორტებს, საქართველოს კულტურ და რელიგიურ ძეგლებს, განათლებასა და სოფლის მეურნეობას. ეს დახმარება ხორციელდებოდა როგორც ორმხრივად, ისე ამერიკის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ასეთი დახმარების გარეშე ან მისი შემცირების პირობებში, საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და სუსტ ეკონომიკას ძლიერი სახელმწიფოს შექმნა გაუჭირდება;


·       დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა. ამერიკის დახმარება აძლიერებდა სხვადასხვა დაუცველ ჯგუფს, რომელთა უფლებები, უსაფრთხოება და კეთილდღეობა სახელმწიფომ ან განზრახ უგულებელყო ან ამისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნდა.

 

ზემოჩამოთვლილი დახმარების მხოლოდ ზოგად სურათია. ამერიკასთან ურთიერთობების გაუარესებით, საქართველოს მოსახლეობა კარგავს მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც ქვეყანას და მის მოსახლეობას მხარს უჭერს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში და ქვეყნის შიგნით და გარეთ უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნაში ეხმარება.

 

 

გეოპოლიტიკური ფაქტორი: „ქართული ოცნების“ დისკომფორტი დემოკრატებთან და კომფორტი ავტოკრატებთან

დემოკრატიის უგულებელყოფისა და ძალაუფლების შენარჩუნების გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან — ქვეყნებთან, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმები არიან და ხელისუფლებას არ მოუწოდებენ დემოკრატიის გაუმჯობესებისკენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სხვა მოთხოვნები არ აქვთ ან არ ექნებათ. მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს: ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება მომავალში სტრატეგიული ობიექტის — მაგალითად, ანაკლიის პორტის — მისთვის სრულად დათმობა მოსთხოვოს, ხოლო სხვა ავტორიტარულმა ქვეყანამ — პრეზიდენტისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავება და გადაცემა. ასეთი ურთიერთობები საქართველოს აშორებს დემოკრატიისგან და აახლოებს რუსულ სამყაროსთან. საქართველოს ხელისუფლების ახალი პოლიტიკური მეგობრები — ჩინეთი და ირანი — სწორედ რუსეთის მთავარი მოკავშირეები არიან. ეს ქვეყნები საქართველოს უთანასწორო პარტნიორად მიიჩნევენ და მათზე ჭარბი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა.


საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ დისკომფორტს განიცდის დემოკრატიულ ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობისას. 2023 წელს, ხელისუფლებამ მხოლოდ ზედაპირულად შეასრულა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ნაწილი, ხოლო მიმდინარე წელს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო რეფორმები ზედაპირულადაც კი არ შეუსრულებია.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციისა და გამოგონილი კონსპირაციის თეორიების ფონზე, მათთან ურთიერთობები გაიყინა და გაუარესდა. ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობებში ჩიხური მდგომარეობა საქართველოს აშორებს ევროატლანტიკური სივრცისგან და სპობს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარების პერსპექტივებს. 

 

„მეგობარი აქტი“ და გზა ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიამერიკული ნაბიჯების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ წევრებსა და გავლენიან მხარდამჭერებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური და ეკონომიკური დახმარება შეუჩერა. განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებდა.

 

„ქართული ოცნების“ დეზინფორმაციული გზავნილების საპირისპიროდ, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებისთვის დახმარება იმიტომ არ შეუჩერებიათ, რომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა ან უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია. ამერიკას დღეს განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები აქვს მოლდოვასთან, რომლის ხელისუფლებაც ასე მოიქცა. სინამდვილეში, ამერიკის საპასუხო ნაბიჯი განპირობებულია „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკის არაჯანსაღი და კონტრპროდუქტიული კრიტიკით, რომელიც რუსული მეთოდების კოპირებაა და რომლის მიზანიც საარჩევნოდ მოსახლეობის ახალი მტრის ხატის ირგვლივ დარაზმვაა. საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა და ამით გზა გაუხსნა საქართველოს მოსახლეობის შესაძლო ჩამოშორებას დასავლური სივრციდან — სივრციდან, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილიდან, მათ შორის საქართველოდან, მოქალაქეები უკეთესი ცხოვრებისთვის მიისწრაფიან.


თუმცა, თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან ერთპარტიული მმართველობის მოჯადოებულ წრეს, ამერიკასთან ურთიერთობების გაჯანსაღება ისევე სწრაფად არის შესაძლებელი, როგორც ის გაუარესდა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და დემოკრატიის გაუმჯობესების პირობებში, ამერიკის კონგრესში ინიცირებული ე.წ. „MEGOBARI აქტი“ შესაძლო სანქციებთან ერთად ასევე ითვალისწინებს მხარდაჭერასაც: კერძოდ, ამერიკასთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას, პოტენციურ უვიზო მიმოსვლასა და გაღრმავებულ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება დაიცავს დემოკრატიის საკვანძო თამაშის წესებს, განამტკიცებს სამართლის უზენაესობას და თავისად მიიღებს იმ პოლიტიკური ოჯახის წესებს, რომლის წევრობაც უნდა. ასეთი შედეგის დადგომა ასევე გაალღობს ევროკავშირთან გაყინულ ურთიერთობებსაც და შესაძლებელს გახდის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.

აშშ-ის პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი ამბობდა, რომ დემოკრატია არის ხელისუფლება „ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ“. სოციალური კონტრაქტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს საზოგადოებას სთავაზობს, ამ პრინციპისგან დაშორებულია. მათი გაგებით, დემოკრატია არის ხელისუფლება პარტიის, პარტიისთვის და პარტიის მიერ. დემოკრატიის ეს გაგება არათუ აზიანებს ურთიერთობებს ამერიკასთან და ევროკავშირთან, არამედ საფუძველს აცლის იმ ფართო მიზანს, რისთვისაც ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობა საქართველოს სჭირდება: შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანთა თავისუფლება, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებები დაცულია და რომელიც, როგორც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე პოლიტიკური ერთეული, ევროატლანტიკური სივრცის თანასწორი და ღირსეული ნაწილი გახდება.

 



ირაკლი სირბილაძე

296 views
bottom of page