top of page

ცნობილი ევროპელები საქართველოში

Updated: Aug 12



ყველა იმ ცნობილი ევროპელის გახსენება და ჩამოთვლა, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოში ყოფილა, ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა, ის კი შეიძლება, რომ იმ ცნობილი ევროპელების ჩემ მიერ შერჩეული ათეული შემოგთავაზოთ, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში, XIX საუკუნეში სტუმრობდნენ საქართველოს და ჩვენმა სამშობლომ მათი ცხოვრებისა თუ მოღვაწეობის გზაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, გარდა ამისა, ამ ევროპელებმაც, თავის მხრივ, რაღაც შემატეს ჩვენს ქვეყანას.

ჩამონათვალში საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებთან ერთად, ფართო საზოგადოებისათვის შედარებით ნაკლებად ცნობილ ადამიანებსაც შეხვდებით, რომელთა დამსახურების და ღვაწლის დავიწყება არაფრით შეიძლება. ამბის თხრობას ქრონოლოგიურად გავყვები და თავდაპირველად იმ ადამიანზე მოგითხრობთ, რომელიც, ჩემ მიერ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ადრე ეწვია XIX საუკუნის საქართველოს.

 

ფრედერიკა-ელენა ფონ ფრეიგანგი (1790-1863 წწ.) - ავსტრიელი დიპლომატის შვილი გახლდათ და 1811 წელს სტუმრობდა საქართველოს, მეუღლესთან ვილჰელმ ფონ ფრეიგანგთან ერთად. საქართველოში ყოფნის დროს ფრედერიკა წერდა წერილებს, რომლებიც, მოგვიანებით, 1823 წელს, ლონდონში წიგნად დაიბეჭდა სხვა წერილებთან ერთად. ფრედერიკა ერთ-ერთი პირველია, ვინც XIX საუკუნის დასაწყისში სტუმრობდა საქართველოს და ევროპელ მკითხველს ხელახლა გააცნო საქართველო. ფრეიგანგის წერილებში აღწერილია საქართველოს ბუნება, დასახლებული პუნქტები, ციხესიმაგრეები, ეკლესიები, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ადათ-წესები, საკვები, სამოსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 1823 წელს ლონდონში გამოცემულ ფრეიგანგის წიგნს თან ერთვის ჯონ ჰევისად კლარკის ჩანახატები.





ალექსანდრე დიუმა (1802-1870 წწ.) - საქვეყნოდ ცნობილი ფრანგი მწერალი, მხატვარ ჟან-პიერ მუანესთან ერთად, 1858 წლის მიწურულს ჩამოვიდა თბილისში და 1859 წლის იანვარში გაემგზავრა საქართველოდან. ფრანგი მწერლის სტუმრობა საქართველოსთვის იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ ამ ამბის შესახებ იმდროინდელი ჟურნალი „ცისკარი“ წერდა:  „ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა“-ო. დიუმას მოგზაურობის შთაბეჭდილებები მალევე გამოიცა პარიზში, სადაც საქართველოს გარდა კავკასიის სხვა მხარეებიც არის აღწერილი. ფრანგი მწერლის ჩანაწერებში ვხვდებით ცნობებს ევროპული და აზიური თბილისის შესახებ, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე აღაფრთოვანებდა მწერალს. თბილისის გარდა აღწერილი აქვს გორი, სურამი და დასავლეთ საქართველოს ქალაქები. დიუმას პოპულარობის გათვალისწინებით, იოლი წარმოსადგენია, თუ მოგზაურობის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ერთდროულად რამდენი ევროპელი გაიგებდა საქართველოს შესახებ. მით უმეტეს, რომ დიუმას მოგზაურობის ჩანაწერებს ჟან-პიერ მუანეს ჩანახატებიც ახლდა თან, რომელიც ფრანგმა მხატვარმა საქართველოში ყოფნის დროს შექმნა.


ვერნერ ფონ სიმენსი (1816-1892 წწ.) - სიმენსების ცნობილი გვარის წარმომადგენელი, ვერნერ ფონ სიმენსი სამჯერ სტუმრობდა თბილისს, მათ შორის, ბოლოს 1890 წელს. სიმენსის და გრიგოლ ორბელიანის სახელს უკავშირდება 1858 წელს სატელეგრაფო ხაზის გაყვანა თბილისსა და კოჯორს შორის. ორი წლის თავზე, სატელეგრაფო ხაზი თბილისსა და ფოთს შორისაც გაჰყავთ, ხოლო 1870 წლიდან ვერნერის და მისი ძმის, ოტოს მონდომებით საქართველოს ქალაქები ტელეგრაფის 11,000 კილომეტრიანი ხაზის ნაწილი გახდა. ლონდონსა და კალკუტას შორის არსებული ტელეგრაფის ხაზი საქართველოს ქალაქებზე - სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გადიოდა. ცალკე უნდა აღინიშნოს ვერნერ-ფონ სიმენსის წიგნი „მოგონებები“, რომელშიც მთელი თავი ეძღვნება კავკასიას და ძვირფასი ცნობებია ჩვენი ქვეყნის შესახებ. წიგნი არაერთხელ გამოიცა გერმანიაში. როგორც ვერნერი წერს ერთგან, „კავკასია ცივილიზაციის უძველესი კერაა, ხოლო მისი ცენტრია სამოთხის მსგავსი თბილისი“. 2020 წელს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და ხელმისაწვდომია ქართულენოვანი მკითხველისთვის.




კარლა სერენა (1820-1884 წწ) - ბელგიელი მოგზაური ქალი, კარლა სერენა საქართველოს პირველად 1876 წლის იანვარში ეწვია და იმერეთი, სამეგრელო, სამურზაყანო და აფხაზეთი მოინახულა. მომდევნო წელს მოგზაურობა კახეთის, სამცხისა და გურიის მონახულებით გაგრძელდა. 1881 წელს კარლა სერენა მეორედ ეწვია საქართველოს, სწორედ ამ მოგზაურობის დროს არის გადაღებული უნიკალური ფოტოები, რომლებიც ფოტო-გრავირების წესით, 1881 წლიდან, კარლა სერენას წერილებთან ერთად, პარიზში გამომავალ „Le Tour du Monde“-ში იბეჭდებოდა. ასზე მეტი ფოტოგრავიურა, რომელზეც საქართველოს ქალაქები, სოფლები, ბუნება და ადამიანებია ასახული, წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარლა სერენას მოგზაურობის დროს შეიქმნა აფხაზეთის და სამურზაყანოს ფოტოგრავიურების სერია, რომელიც ჩვენი ისტორიის ძვირფასი სურათებია.

 

ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914წწ.) - ავსტრიელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პაციფისტი იყო. გარდა ამისა, ის გახლდათ გერმანული, ავსტრიული და უნგრული სამშვიდობო საზოგადოებათა დამაარსებელი. ზუტნერი ავსტრიელთათვის და არამარტო მათთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ის გახლავთ პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, მას შემდეგ, რაც მისი ცნობილი რომანი, „ძირს, იარაღი“ გამოქვეყნდა. ბერტა ფონ ზუტნერი, 1876 წელს საქართველოში, სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე დადიანის  მოწვევით ჩამოვიდა და მეუღლესთან ერთად, თითქმის 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. არც მისი მეუღლე, არტურ ფონ ზუტნერი ყოფილა უსაქმოდ - წერდა სტატიებს რუსეთ-თურქეთის ომის შესახებ და გერმანულ გაზეთებში გამოსაქვეყნებლად აგზავნიდა. ზუტნერები საქართველოში წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე მუსიკას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბერტა ფონ ზუტნერმა, იონა მეუნარგიასთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ენაზე თარგმნაში, ხოლო, ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ, დაწერა წიგნი სახელწოდებით, „ქართველებთან და საქართველოში“, სადაც ძალიან თბილად იხსენებს ჩვენს ქვეყანაში გატარებულ წლებს.


მიხაი ზიჩი (1827-1906 წწ.) - უნგრელი მხტვარი, მიხაი ზიჩი კარგად არის ცნობილი საქართველოში. ის ჩვენს ქვეყანას 1881 და 1888 წლებში სტუმრობდა. ზიჩს ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რომელიც მხატვარს ქართველებმა დაუკვეთეს. თავდაპირველად უნგრელ მხატვარს 14 სურათი უნდა შეექმნა, თუმცა, 34 ილუსტრაცია შექმნა, საიდანაც საბოლოოდ 27 სურათი დაიბეჭდა. ზიჩმა ილუსტრაციები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ცალკე უნდა ითქვას მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების დადგმის შესახებ, რომელიც 1882 წელს სამჯერ თბილისში და ორჯერ ქუთაისში გაიმართა.

მიხაი ზიჩის შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“, პირველად 1888 წელს გამოიცა, ქართველი მეცენატის და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ქართველიშვილის თაოსნობით. ამიტომაც ეს გამოცემა „ქართველიშვილისეული გამოცემის“ სახელით არის ცნობილი.

ემილ ლევიე (1838-1912 წწ.) - შვეიცარიელი წარმოშობის იტალიელი ბოტანიკოსი და მოგზაური ემილ ლევიე, საქართველოს 1890 წელს სტუმრობდა. მართალია, ლევიეს მოგზაურობის მიზანი კავკასიის ფლორის შესწავლა და კვლევა იყო, მაგრამ ოთხთვიანი ექსპედიციის დროს ლევიემ არანაკლებ საინტერესო ჩანაწერები შექმნა საქართველოს შესახებ. ბოტანიკოსის ჩანაწერებში ვხვდებით ცნობებს აჭარის, იმერეთის, სვანეთის, კოდორის ხეობის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბორჯომის და საქართველოს სხვა არაერთი მხარის, თუ დასახლებული პუნქტის შესახებ. ემილ ლევიეს მოგზურობის ჩანაწერები 1890 წლიდან შვეიცარიულ ჟურნალში იბეჭდბოდა, რასაც მკითხველი დიდი ინტერესით ეცნობოდა. სულ მალე, 1894 წელს, ლევიეს წიგნი „მოგზაურობა კავკასიაში“ გამოიცა. იმავე წელს, ჟურნალმა „მოამბემ“ ლევიეს მოგზაურობის წერილების ნაწილი თარგმნა და ქართველ მკითხველს გააცნო ბოტანიკოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლევიეს ჩანაწერების გვერდით ცალკე უნდა ითქვას ლევიეს მეგობრის, სტეფანე სომიეს მიერ შესრულებული ჩანახატების და ფოტოების შესახებ, რომელიც ემილ ლევიეს ჩანაწერებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.


მარჯორი უორდროპი (1869-1909 წწ.) - ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი, მარჯორი უორდროპი, ცნობილი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და იყო, რომელიც მშობლიური ინგლისური ენის გარდა ექვს უცხო ენას, მათ შორის, ქართულსაც ფლობდა. ცნობილია, რომ მარჯორიმ ქართული ენის შესწავლა ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს, მარი ბროსეს გრამატიკისა და ლექსიკონის გამოყენებით დაიწყო, ხოლო სახარების კითხვის საფუძველზე ძველი ქართული შეისწავლა. 1894 წელს, ლონდონში ქართული ზღაპრების თარგმანი გამოაქვეყნა და იმავე წლის დეკემბერში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მარჯორისვე ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ თარგმნა, რომელიც 1895 წელს ლონდონში დაიბეჭდა. უორდროპმა, ძმასთან ერთად ინგლისურად თარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ და სხვა არაერთი ნაწარმოები თუ საგაზეთო სტატია. ყველაზე გამოსარჩევი ალბათ მაინც ის არის, რომ მარჯორი უორდროპს ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელზეც თვრამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1912 წელს ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა.



არტურ ლაისტი (1852-1927 წწ.) - გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი ილია ჭავაჭავაძის მოწვევით, 1884 წელს, ერთი თვით ეწვია საქართველოს. ამ მოგზაურობიდან დაბრუნებულმა, ერთი წლის თავზე, ლაიფციგში, პოლონურ ენაზე გამოსცა წიგნი - „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“.  იმავე წელს კვლავ ესტუმრა საქართველოს და ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის დახმარებით „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას შეუდგა, რომელიც 1890 წელს დრეზდენსა და ლაიფციგში გამოქვეყნდა. ამ დიდებული ამბიდან მალევე, 1892 წელს ლაისტი საქართველოში დამკვიდრდა და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოგვიანებით, 1906 წელს, თბილისში გერმანული გაზეთი "Kaukasische Post“ დააარსა. საქართველოს წინაშე არტურ ლაისტის დამსახურებას ყველაზე უკეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები აღწერს: „ბატონი არტურ ლაისტი ის კაცია, რომელმაც ჩვენდა სასიხარულოდ კისრად იდო შუაკაცობა ჩვენსა და ევროპას შორის, რომელმაც იტვირთა ჩვენს გულში ამონაწობი სიტყვა, ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე, ჩვენი სულიერი ძალ-ღონე აცნობოს იმ ხალხთ, რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზე მეთაურნი და მესვეურნი არიან... იმედია, რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პირუთვნელი სიტყვა ბ-ნ ლაისტისა მოჰფენს მთელს განათლებულს ქვეყანას იმ ამბავსა, რომ შორს, სადღაც არის ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის“.


ბუნებრივია, ბევრად მეტია იმ ევროპელთა რაოდენობა, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა, იცხოვრა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ შექმნა. აქ ჩამოთვლილი ცნობილი ადამიანების სახელებისა და გვარების გადახედვაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ - საქართველო ყოველთვის გახლდათ ინტერესის სფერო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. ბევრი მათგანის შემოქმედებაში ჩვენმა ქვეყანამ წარუშლელი კვალი დატოვა და ბევრმა სხვადასხვა სახის უნიკალური მასალაც დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.


ავტორი: სულხან სალაძე

89 views

Comentarios


bottom of page